სააკაშვილ-ობამას შემთხვევითი შეხვედრები

სააკაშვილ-ობამას შემთხვევითი შეხვედრები

აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს მათი მოკლე საუბრის შინაარსს და ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის მიხედვითაც, ობამა სააკაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით, რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ?“

აღმოჩნდა, რომ პოლიტიკის გარდა, მიხეილ სააკაშვილის მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება და იგი თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს. ამ იდეას კი ბარაკ ობამა მიესალმება.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე სიტუაცია შეიძლება ძალიან გაუარესდეს. ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ობამა-სააკაშვილის შეხვედრა ლევან ბერძენიშვილმა მხატვრულად შეაფასა: „კიბესთან დგას სააკაშვილი, გამოივლის ობამა და მიშაც „დაეძგერება“. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები გაეროში სირთულეს არ წარმოადგენს. პირადად ლევან ბერძენიშვილი სწორედ ასეთნაირად შეხვდა პრეზიდენტ რეიგანსა და მარგარეტ ტეტჩერს, როცა ის საქართველოში იმყოფებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ „ფეისბუქი“ არ იყო, თორემ ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილი უთუოდ დაწერდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი უცაბედი შეხვედრისას ბარაკ ობამა თავშეკავებული ჩანდა, სააკაშვილი კი ჩვეულ სტილში ფამილარობას არ ღალატობდა და ერთი-ორჯერ ბარაკ ობამას შინაურულადაც შეეხო მკლავზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბარაკ ობამასთან შეხვედრა კარგა ხანს მიუწვდომელი სურვილი იყო. თუმცა 2012 წლის 30 იანვარს ობამამ გაწყვიტა ეს ნავსი და სააკაშვილისთვის ასე ნანატრი შეხვედრაც შედგა. იმ დროს ექსპერტები არ მალავდნენ, რომ ობამამ ძალიან კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარი მასთან სურათის გადაღება იყო. თუმცა ითქვა ისიც, რომ მაშინ ობამა ოვალურ კაბინეტში ოფიციალურად ხვდებოდა არა სააკაშვილს, არამედ - საქართველოს. მით უფრო, რომ მანამდე ობამა პრინციპულად არ ხვდებოდა სააკაშვილს.

საინტერესოა, რომ მაშინდელი შეხვედრის მთავარ მიზეზად ირანში ვითარების დაძაბვაც სახელდებოდა. ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ რეგიონის ყველა მოთამაშეს, ვინც ესაზღვრებოდა ირანს (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ ერაყი) ჰქონდა მეტ-ნაკლებად კარგი დამოკიდებულება ირანთან და არავინ აპირებდა, ჩართულიყო მის საწინააღმდეგო სერიოზულ პროცესებში. ერთადერთი, მხოლოდ სააკაშვილი იყო მზად, ობამასთან სურათის გადაღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესები გაეწირა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეხვედრის მოწყობა გაეროში ძალზე გამარტივებულია და პრეზიდენტებს გამოყოფილი აქვთ გარკვეული დრო ამ ტიპის შეხვედრებისთვის. მით უფრო, ეს პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ამ მომენტით. ამ კონტექსტში ლევან ბერძენიშვილი უშუალოდ მის მიერ ნანახს იხსენებს, როცა ამერიკაში ყოფნისას სააკაშვილი კენედის ცენტრში შეხვდა ობამას მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი პანაშვიდზე იყო მისული. ამდენად, ეს შეხვედრები არ არის წინასწარ გაწერილი და დაგეგმილი, ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს. თუმცა ამ შეხვედრის შინაარსის დაკნინებას ლევან ბერძენიშვილი არ აპირებს, რადგან მაინც საქართველოს პატივისცემაა, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაელაპარაკა ბარაკ ობამა.

„შეხვედრა მაინც შეხვედრაა და გასაგებია, აშშ-ის პრეზიდენტი შემთხვევით არავის ხვდება. ჩვენ ვხუმრობთ, რომ კიბეზე დაუდარაჯა სააკაშვილმა, თორემ მთლად ასე მარტივი ამ შეხვედრის მოწყობა არ არის. ამ აპოლიტიკური შინაარსის შეხვედრაზე ობამამ მას ჰკითხა, რას აპირებ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგო, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის, თუმცა, როცა შეკითხვა თავაზიანად გაუმეორა ბატონმა ობამამ, სააკაშვილს მაინც მოუწია პასუხის გაცემა, რომ აპირებს ბიბლიოთეკის გახსნას. თავისთავად, თვითონ ეს ტექსტი - „რას აპირებ“ და პასუხი - „ვაპირებ საგანმანათლებლო საქმიანობას“, მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკიდან უკვე გააცილეს მიხეილ სააკაშვილი. მას მთელი მსოფლიო არწმუნებს, რომ მისი დრო დამთავრდა“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკის დაარსებასა და ჩვენს „განათლებას“ რომ აპირებს მიხეილ სააკაშვილი, ეს თავისთავად კარგი იდეაა, მაგრამ სააკაშვილს ბევრი კარგი წამოწყება მიუტოვებია. ლევან ბერძენიშვილი იმასაც იხსენებს, რომ იგი, თითქმის, ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიდიდით მესამე ბიბლიოთეკას და ძალიან კარგად იცის, რა პრობლემებთანაა დაკავშირებული ბიბლიოთეკის შექმნა. ამიტომ საინტერესოა, როგორ განახორციელებს ამ გეგმას სააკაშვილი და მას, როგორც ძველ მეგობარს, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ჰკითხავს რჩევას.

თუმცა ლევან ბერძენიშვილი ერთ რამეში დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ამ შეხვედრის შემდეგ შეეცდება, საკუთარ მომხრეებს დაუმტკიცოს, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნდება და კვლავ გახდება საქართველოს ხელმძღვანელი. ბიბლიოთეკის გახსნა კი პროფესია არ არის და, როგორც ჩანს, სააკაშვილს არ უფიქრია, ამის შემდეგ რას იზამს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პირადად იგი წლების განმავლობაში გაეროში საქართველოს წარმომადგენელი იყო და ნელსონ მანდელასთანაც უსაუბრია. თუმცა იგი ვერაფრით მისცემდა თავს უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება დაერწმუნებინა, თითქოს, მან და ნელსონ მანდელამ რაღაცის შესახებ მოილაპარაკეს.

„პრეზიდენტების შეხვედრა გაეროს დერეფანში ხშირად ხდება. გაეროში სადილი, ვახშამიც იმართება, მაგრამ ამას არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და, სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრას პიარისთვის იყენებენ. რაც შეხება ობამას მიერ ნათქვამ ტექსტს, მართალია, ის ტექსტი არ ისმის ჩანაწერში, მაგრამ თუნდაც ასეც რომ ეთქვა - შენ დემოკრატია დათესე და ახლა მიდიხარო - მთავარი აქცენტი მაინც სააკაშვილის წასვლაზეა. მე მახსოვს, შევარდნაძე და ბილ კლინტონი შეხვდნენ ასე ერთმანეთს და ზოგადად ისაუბრეს, მაგრამ არც შევარდნაძეს და არც სხვებს აზრად არ მოსვლიათ, ამით პიარი აეწყოთ“, - აცხადებს გია ვოლსკი და მიიჩნევს, რომ აქ სიტყვა „შეხვედრაც“ არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ობამა-სააკაშვილის საუბარი კონკრეტული გადაწყვეტილებით არ დასრულებულა.

ამიტომ გია ვოლსკის აზრით, მხოლოდ იმ ფაქტის ხაზგასმით უნდა შემოვიფარგლოთ, რომ გაეროში პრეზიდენტებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და მიესალმნენ. მეტიც, ჩვენს პრეზიდენტს ღირსეულად უნდა ეჭიროს თავი, მით უმეტეს, წასვლის წინ.

პოლიტოლოგი კოტე ჟღენტიც ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ასეთი შეხვედრები გაეროში ადვილად შესაძლებელია და სესიის დროს გამოსულ დელეგაციას შეგიძლია თავისუფლად დაუხვდე და მეორე ქვეყნის ლიდერს ესაუბრო. დერეფანში ასეთი შეხვედრა, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.

„ცხადია, რაღაცას ეტყოდა მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, ისეთ რამეს არ ეტყოდა, რომ მხარი დაეჭირა მავთულხლართების გადმოწევისთვის. ასეთ შეხვედრას უფრო ზრდილობის სახით შეხვედრას უწოდებენ და მას რაიმე კონკრეტული შედეგის გამოღება არ შეუძლია საქართველოსთვის. შეხვდებოდა თუ არა სააკაშვილი პრეზიდენტ ობამას, ამერიკის პოზიციები, თუნდაც ახლა ყველაზე აქტუალურ, მავთულხლართების გადმოწევასა და მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით, ისედაც ცნობილია“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.

მისივე თქმით, უბრალოდ, სააკაშვილის მხრიდან ამ შეხვედრის გამო აჟიოტაჟი ატყდა და ასეთი აჟიოტაჟი სხვა დროსაც აუტეხავს სააკაშვილს. ყველას ახსოვს, მისი მივარდნები კონფერენციებზე, როცა არავინ ელოდა მის სიტყვით გამოსვლას. თუმცა კოტე ჟღენტის თქმით, სააკაშვილს ასეთი ექსცენტრული სახის დიპლომატია ახასიათებს.