ნდობა ენ-დი-აის გამოკითხვების მიმართ საქართველოში ძალიან დაბალია, რადგან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ორგანიზაცია რეალობასთან აშკარად შეუსაბამო მონაცემებს ავრცელებდა, რომელთა თანახმად «ნაციონალური მოძრაობის» ტრიუმფალური გამარჯვება გარდაუვალი იყო. ამ გარემოებისა და საზოგადოების უნდობლობის გათვალისწინებით, ალბათ, აზრი არ აქვს იმ ციფრებზე მსჯელობას, რომელთაც ენ-დი-აი პოლიტიკური პარტიების ან საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით აქვეყნებს.
მაგრამ არის სხვა მონაცემებიც, რომლებიც უშუალოდ არჩევნებს არ ეხება და რეალობასთან ასე თუ ისე ახლოს დგას და სხვა (მათ შორის ინტერნეტ) გამოკითხვების შედეგებს, ასე თუ ისე ემთხვევა. ენ-დი-აის ბოლო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკითხულთა «71 პროცენტი, განსხვავებით 18 პროცენტისგან, ნეგატიურად აფასებს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე გადადგება», ალბათ, მაინც ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს განწყობა, დაახლოებით ასეთი პროპორციით, არაერთგზის აისახა სხვადასხვა გამოკითხვაში და საკმაოდ ხშირად ფიქსირდება მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ ქუჩაში.
ეს ციფრები, ალბათ, ასახავენ არა მხოლოდ ნდობას ივანიშვილის მიმართ, მისი მხარდამჭერების გულისწყომას მის გადადგომასთან დაკავშირებით და მათ პოზიციას, ვინ მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არ უნდა წავიდეს, ვიდრე ყველა დაპირებას არ შეასრულებს, არამედ ბანალურ შიშს ბუნდოვან მომავალთან და შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, უბრალოდ, არ ენდობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ავანსცენაზე დარჩებიან. ბევრი მათგანი მოთმინებით ელოდა იმ კოშმარულად რთული გარდამავალი პერიოდის დასრულებას, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება, მიიჩნევდა, რომ ქვეყანა ცხოვრებას გაცილებით სტაბილურ გარემოში დაიწყებდა და ამ სტაბილურობის გარანტად ხელისუფლებაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს განიხილავდა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს ესოდენ ნანატრი «სიმშვიდის პერიოდი» სერიოზულ გაურკვევლობას და, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისთვის მუდმივი გააფთრებული ბრძოლის ახალ რაუნდებს დაუკავშირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ამომრჩეველი ელოდა პოზიტივს ამ ერთწლიანი პოლიტიკური ქაოსის შემდეგ, რომლისთვისაც არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალ ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა.
საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია, მოძებნო ადამიანი, რომელსაც მოსწონს ეს გაუგებრობით სავსე გარდამავალი პერიოდი, რომელიც 2012 წლის არჩევნებს მოჰყვა და, იმედია, მალე დასრულდება. მაგრამ ყოველივე უარყოფითში, სათანადო სურვილის არსებობის შემთხვევაში, პოზიტიური გამოცდილების აღმოჩენაც შეიძლება.
ახალ ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ იმის გამო, რომ იანვარში კონსტიტუციას გადააბიჯა და უცხოელი პარტნიორების ზეწოლის პირობებში მიხეილ სააკაშვილის პოსტზე ყოფნის ხელოვნურ გახანგრძლივებას დათანხმდა. ამ პერიოდში ჰალსტუხების მწარმოებელთა საუკეთესო მეგობარმა გააკეთა ბევრი ისეთი რამ, რაც შეფასდა როგორც აშკარა საბოტაჟი და არაერთი სერიოზული პრობლემა შექმნა, მაგრამ ამ მედალს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, ორი მხარე აქვს.
სააკაშვილის გაგდება ავლაბრის რეზიდენციიდან და იძულება გადადგომისადმი, იანვარში სავსებით რეალური იყო, ამისთვის არსებობდა როგორც იურიდიული საფუძველი, ისე შესაბამისი განწყობა საზოგადოებაში, მაგრამ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ განვლილ 8 თვეში მოხდა საკმაოდ საინტერესო რამ _ სააკაშვილის იმიჯი, ფაქტობრივად, მიწასთან გასწორდა, მის განცხადებებს ყურადღებას თითქმის აღარავინ აქცევს («ციტირების ინდექსის» გამოთვლა ამ შემთხვევაში ძალზე იოლია) და, რაც მთავარია, მისმა თანაპარტიელებმა (და უცხოელი პარტნიორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა) მისგან დისტანცირება დაიწყეს. ამ სიტუაციის მიღწევას, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, სჭირდებოდა დრო. ეს პერიოდი სააკაშვილისთვის ერთგვარი სასჯელი გახდა და მზარდ ნერვიულობას, საკუთარი უძლურებისა და მარტოობის განცდას დაუკავშირდა.
კვირას, ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, თომას ჰამერბერგმა, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შემდეგი რამ თქვა: «ძალზედ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღარ იყუროს მარტო წარსულში და დაიწყოს ფიქრი მომავალზე. ამდენად, ვფიქრობ, დადგა დრო, დავხუროთ წარსულის ეს გვერდი და მოვემზადოთ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მომავლისკენ» (ინტერპრესნიუსი). რამდენიმე კომენტატორმა ეს რეპლიკა საკმაოდ ემოციურად აღიქვა და ჩათვალა, რომ ის წარმოადგენდა შენიღბულ მოწოდებას სამართლიანობის პროცესის დამუხრუჭებისკენ, თუ არა დასრულებისკენ (ეს არ იყო უბრალოდ ფილოსოფიური წიაღსვლა, ჰამერბერგი ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის კონტექსტში საუბრობდა). ეს შეფასება, ალბათ, მაინც არაადეკვატურია, რადგან ევროკავშირის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ დამნაშავეთა დასჯას ეწინააღმდეგება და ამ პროცესის დეტალებზე დაწვრილებით ისაუბრა, კერძოდ იმაზე, რომ გამოძიება პოლიტიზებული არ უნდა იყოს, ხოლო «ნებისმიერი განცხადება, რომელმაც შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოს, მიუღებელია». მაგრამ, ალბათ, ისიც გასაგებია, თუ რატომ აანერვიულა მისმა რეპლიკამ ქართველი კომენტატორები, რომელთაც «წარსულის ამ გვერდის დახურვას» სამართლიანობის აღდგენის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.
პრობლემა რეალურად არსებობს, კონცენტრაცია წარსულზე საზოგადოებას წინსვლაში ხელს მართლაც უშლის და ამ კონტექსტში საინტერესო იქნება დაფიქრება იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მოქალაქეთა უმრავლესობას სამართლიანობის აღდგენის ბოლო აკორდი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა მატერიალურად დააზარალა, ბედნიერი ფინალის განუყოფელ ნაწილს ქონებრივი უფლებების აღდგენა ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. მაგრამ არის სხვა, გაცილებით დიდი ჯგუფი, რომელსაც ყოფილ მმართველებთან მატერიალური პრეტეზია არ აქვთ. რა მოხდება იმ შემთხვევაში (ეს, უბრალოდ, მოდელირებაა, საზოგადოებაში არსებული განწყობების საფუძველზე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს), თუ წარსულში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის მხოლოდ ზონდერები, წვრილფეხა ჩინოვნიკები და (დავუშვათ) რამდენიმე მინისტრი დაისჯება? სავარაუდოდ, ეს არ დააკმაყოფილებს ამ მოქალაქეებს, ისინი კვლავ განაგრძობენ საუბარს იმაზე, რომ სამართლიანობა აღდგენილი არ არის და მთავარი დამნაშავეები გარეთ დადიან. მაგრამ, თუ განსასჯელთა სკამზე მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი დაჯდება, ეს, სავარაუდოდ, დამაკმაყოფილებელ ფინალად ჩაითვლება, ხოლო დაბალი და საშუალო რგოლის ყოფილ ჩინოვნიკებს განსაკუთრებულ ყურადღებას აღარავინ მიაქცევს. ჩვენ ვერსად გავექცევით იმ გარემოებას, რომ უამრავი ადამიანისთვის სამართლიანობის აღდგენისა და კოჰაბიტაციის დასრულების სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი განსასჯელთა სკანზე (და ციხეში).
მაგრამ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სისხლის სამართლებრივი დევნა ხუმრობა საქმე არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურატურას ვაგონობით მტიკიცებულებები აქვს. ეს, თეორიულადაც კი, ძალიან რთული იქნებოდა ფიგურანტის წინასწარი პოლიტიკური და საზოგადოებრივი იზოლირების გარეშე, რაც ამ 8 «ზედმეტ» თვეში (პოსტზე ყოფნის თვალსაზრისით) მოხდა.
ნაცისტური გერმანიის კრახის შემდეგაც კი, «ყველა» არ დასჯილა. სს-ის და გესტაპოს არაერთმა წარმომადგენელმა საპატიმროს გვერდის ავლით ახალ რეალობაში ინტეგრირება მოახერხა. ამ თემაზე საუბარი სხვა, «შედარებით მოკრძალებული» დიქტატურების გამოცდილებაზე დაყრდნობითაც შეიძლება. ათასობით, თუ არა ათიათასობით, ადამიანი საქართველოში ელოდება მომენტს, როდესაც დანამდვილებით ეცოდინება, რომ წარსულთან დაკავშირებით მართლმსაჯულებას მათთან პრეტენზიები აღარ ექნება. ის შიში და გაურკვევლობა, რომელშიც ამდენ ხანს იმყოფიან, ალბათ, საკმაოდ სერიოზული სასჯელია იმ ზნეობრივი კომპრომისისთვის (და მისგან გამომდინარე უბედურებისთვის), რომელზეც თავის დროზე წავიდნენ.
საქართველოში ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ესიმპათიურება სააკაშვილის რეჟიმის მსახურები ან მათი დღევანდელი განცდები აღელვებს. მაგრამ ასე გაგრძელებაც, გაურკვევლობაში ყოფნა აღარ შეიძლება. უნდა დამტკიცდეს რაღაც მყარი პრინციპები, რომლებიც შექმნის კალაპოტს სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის. თუ უნდა მოხდეს ყოფილი ჩინოვნიკების ამნისტირება (ეს, ცხადია, არ ეხება მძიმე დანაშაულს), შესაბამისი კანონი უნდა მივიღოთ. თუ ამნისტირება არ მოხდება, ამის შესახებაც გარკვევით უნდა ითქვას. პრობლემას სინამდვილეში ქმნის არა თავისთავად წარსული, არამედ გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მედალს ორი მხარე აქვს _ სერიოზული, მშვიდი დისკუსია ამ თემაზე ცოტა ხნის წინ, თუნდაც იმავე იანვარში, შეუძლებელი იყო. სულ სხვა ემოციური ფონის პირობებში საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რომ ფართო მასები ყოფილი მმართველების ლინჩის წესით გასამართლებაზე გადასულიყვნენ. მსგავსი ეფექტის გამოწვევა განსაკუთრებულ პრობლემას, პრინციპში, არც ახლა წარმოადგენს, თუმცა დღეს საზოგადოებას ნამდვილად შეუძლია, გამოავლიონოს მოთმინება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს (დაახლოებით ისე, როგოც პერუში, ალბერტო ფუხიმორის რეჟიმის წარმომადგენელთა გასამართლების დროს), ის მზადაა დიალოგისთვის გონივრულ კომპრომისებსა და ჰუმანიზმის გამოვლენაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა გარემოებამ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს, რადგან ყოველივე ეს არც დავიწყებას, არც პატიებას არ ნიშნავს. ასე რომ, ამ მხრივაც, ამ გაუგებრობით სავსე პაუზაში დადებითი მომენტების დანახვა შეიძლება.
კიდევ ერთ დადებით მომენტად, ალბათ, ცალკეული პოლიტიკოსებისა და მთლიანობაში პოლიტიკური ელიტის თავისებური ლუსტრაცია უნდა ჩაითვალოს. ერთი წლის წინ მათი მოქმედების შეფასება ემოციურ ტალღაზე, ბრძოლის ლოგიკიდან გამომდინარე ხდებოდა. გარდამავალ პერიოდში კი ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებოლობა, ეწარმოებინათ დაკვირვება მათ მოქმედებაზე შედარებით მშვიდ გარემოში. კოჰაბიტაციამ, ასე თუ ისე, კარგად წარმოაჩინა, ვინ რას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში და რა მისწრაფებები აქვთ. სასარგებლო გამოცდილების გამოტანა, პრინციპში, ამ პროცესიდანაც შეიძლება, მან ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა.
გავა კიდევ ერთი წელი და, შესაძლოა, ის ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა «ქართულ ოცნებას» მისცეს, შეძლებენ პოზიტიური შედეგების დანახვას, რომელიც ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლას, პოლიტიკური ტაქტიკისგან დისტანცირებას მოჰყვა, თუმცა დღეს ისინი შეშფოთებულები არიან და არ იციან, რა მოხდება ახლო მომავალში; გაურკვევლობის განცდა მათ სერიოზულ ფსიქოლოგიურ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის.