კახა კალაძე: რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ოპოზიციაში ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია

კახა კალაძე: რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ოპოზიციაში ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია

რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ოპოზიციაში ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ანტი ევროპული, ანტიდასავლური თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადების სახით, კონკრეტული საქმეებით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ეს არის ის პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალებად გვევლინებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ და გააკეთეს ამ ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში რა რესურსი და შესაძლებლობები აქვთ, ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და იყოს დესტაბილიზაცია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია და მინდა გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.

„ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია სიცრუით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება შეიცავს ტყუილს, დაფუძნებულია ადამიანების გაშავების მცდელობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე. გუშინ ჩვენ არაერთი განცხადების გაკეთება მოგვიწია, რომ ეს იყო ტყუილი, სიცრუე, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ ეს იყო ტყუილი“, - აღნიშნა კალაძემ.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.