შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა პარტიულ ტელევიზიებში გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით არამხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც ზიანდება

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა პარტიულ ტელევიზიებში გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით არამხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც ზიანდება

აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა პარტიულ ტელევიზიებში გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით არამხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც ზიანდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არანაირ მონაცემსა და ფაქტს არ ეფუძნებოდა.

„ჯერ ზოგადად მნიშვნელოვანია, ეს თემა საერთოდ როგორ გახდა განხილვის საკითხი. სამწუხაროა, რომ ვნახეთ, რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, იყო საკითხი, რომელზეც არანაირი არც მონაცემი, ან ვინმეს მოსაზრება, ან რაიმე ფაქტი არ არსებობდა. თუ არ ვცდები, ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა თუ დაადასტურა, გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი დეზინფორმაციით რომ არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან ასეთ საკითხებზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოსაც კი მოუწია განცხადების გაკეთება. არ ვიცი, ერთი მხრივ, ასეთი ბორდის წევრი რა ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მეორე მხრივ, აჩვენებს, ჩვენი ოპოზიცია როგორ კანდიდატებს არჩევს ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. იმედი მაქვს, ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაევრცელებინა.

„იმედი მაქვს, გუშინ გაეცანით აშშ-ის საელჩოს განცხადებას. არათუ მე, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ასეთი პირდაპირი ტყუილებით, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა, ასეთ ტყუილზე რომ ეწყობა სიუჟეტები და შემდეგ ხდება დღის განხილვის თემა, ეს შორს არის არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. აღნიშნულს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.