ვახტანგ ჭარაია:  რეფინანსირების განაკვეთის შემცირება  კონკრეტული საბანკო სესხების მიმართულებით გარკვეულ შესაძლებლობებისა და შეღავათების საშუალებას იძლევა

ვახტანგ ჭარაია:  რეფინანსირების განაკვეთის შემცირება  კონკრეტული საბანკო სესხების მიმართულებით გარკვეულ შესაძლებლობებისა და შეღავათების საშუალებას იძლევა

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „რეფინანსირების განაკვეთის შემცირება სწორი და პრაგმატული ნაბიჯი იყო.  ინფლაცია გარკვეულ სტაბილურობას გვიჩვენებს და არ არის მყისიერად მოსალოდნელი მისი სწრაფი ვარდნა ან  აწევა.  ამ შემთხვევაში  სასურველი იყო, რომ ეკონომიკას უფრო მეტი აქტიურობის შესაძლებლობა მისცემოდა. მეტი აქტიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ რეფინანსირების დაბალი საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებს და მათ კლიენტებს აძლევს საშუალებას  მეტი სესხი გასცენ და ამით მეტი ეკონომიკური აქტიურობა შექმნან, მეტი ადამიანი დაასაქმონ, მეტი ბიზნესი შექმნან თუ გააფართოონ და ა.შ.“

ეკონომისტი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების გაზრდას, ბიზნესსექტორის გააქტიურებას და მოქალაქეებისთვის სასესხო ვალდებულებების შემცირებას. 

„იმ მომენტში, როდესაც ინფლაცია აქტიურად არ გვიტევს და არის ეკონომიკური ზრდის წახალისების შესაძლებლობა, ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას.   ჩვენ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება,  სწორედ  ამის მაგალითია. ამიტომ, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოგვცემს პოზიტივს. ერთი, რომ დასაქმების მიმართულებით სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებლობაა. მეორე,  ეს არის შესაძლებლობა ბიზნესსექტორის მეტად გააქტიურების, როგორც ახლის შექმნის, ასევე ძველის გაფართოების კუთხით. და  მესამე,  ასეულობით ათასი ადამიანისთვის, ვისაც რეფინანსირების სესხზე აქვს მიბმული თავისი იპოთეკური სესხი, მათთვის არის დამატებითი შეღავათი, ბანკში უფრო ნაკლებს გადაიხდიან ყოველთვიურად, შესაბამისად, მათ ხელთ  მეტი განსაკარგი თანხა დარჩება“-აღნიშნავს ჭარაია.

მისი ინფორმაციით,   გასათვალისწინებელია ის რომ  რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად დიდი ნახტომით ვერ შემცირდება, იმის  მიუხედავად, რომ ჯერ ისევ მაღალ ნიშნულზეა.  გარკვეული ინფლაციური რისკები მაინც არსებობს და არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. თუმცა, ამავდროულად, ის რისკები არ არის ისეთი საგანგაშო, რომ არ შეიძლებოდეს რეფინანსირების განაკვეთის საერთოდ ხელის ხლება. ეს მთლიანობაში გვაძლევს როგორც ეკონომიკური აქტიურობის, აგრეთვე ინდივიდების კონკრეტული საბანკო სესხების მიმართულებით გარკვეულ შესაძლებლობებსა და შეღავათებს.