შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 25 სექტემბერს, თბილისის აეროპორტში სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული, აზიზ ტერზიოღლუ (Aziz Terzioglu) დააკავა.

აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 28 მაისიდან იმყოფებოდა.

აზიზ ტერზიოღლუს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მე-3, 267-ე მუხლის პირველი და მე-3 და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დაკავებულს სავარაუდოდ 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2009 წლიდან აზიზ ტერზიოღლუს კომპანია “ARSTEEL”-ის მმართველი დირექტორის თანამდებობა ეკავა. აღნიშნულმა პიროვნებამ ბანკ „COMMERZBANK”–ის მეშვეობით, რომელთანაც მისი კომპანია თანამშრომლობდა, მიითვისა ფულადი თანხები, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული თანხები თურქეთში მდებარე კომპანიაში „OeZEL COMPANY”–ში გადარიცხა. შესაბამისად, აღნიშნულმა პიროვნებამ სადაზღვევო კომპანიას „EULER-HERMS”–ს ზემოაღნიშნული ბანკისათვის კომპენსაციის სახით 4 465 787 ევრო გააცემინა. კერძოდ, თავდაპირველად ტერზიოღლუმ თურქული კომპანიის „OeZEL COMPANY”–ის სახელზე გაცემული ვექსილის შეძენა შესთავაზა ზემოაღნიშნულ ბანკს. მანამდე კი, ეჭვმიტანილმა პირმა სადაზვევო კომპანიას საექსპორტო კრედიტის გარანტია მოსთხოვა, რათა დაეცვა სავარაუდო ღირებულება „OeZEL COMPANY“–სთან დაკავშირებით და ამრიგად ვექსილის მიყიდვა „COMMERZBANK”–ისთვის უზრუნველეყო. აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან არ მომხდარა ვექსილის ანაზღაურება შესაბამის ვადებში, ეჭვმიტანილმა პირმა კომპენსაცია მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიას. აღნიშნული მიზნებისათვის წარმოდგენილ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში გაყალბებული იყო სხვადასხვა პუნქტები. სადაზღვევო კომპანიამ „EULER-HERMS”–მა კომპენსაციის შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამჟამად ძებნილი გადაყვანილი და მოთავსებულია შსს N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.