სკოტ ჰორტონი: სააკაშვილს სჯეროდა, რომ პრობლემების შემთხვევაში მას ვაშინგტონის დახმარების იმედი შეიძლებოდა, ჰქონოდა - სანამ რუსეთი პასუხს გასცემდა, ამერიკა მოსკოვს უკან დაახევინებდა

სკოტ ჰორტონი: სააკაშვილს სჯეროდა, რომ პრობლემების შემთხვევაში მას ვაშინგტონის დახმარების იმედი შეიძლებოდა, ჰქონოდა - სანამ რუსეთი პასუხს გასცემდა, ამერიკა მოსკოვს უკან დაახევინებდა

სააკაშვილს სჯეროდა, რომ პრობლემების შემთხვევაში მას ვაშინგტონის დახმარების იმედი შეიძლებოდა, ჰქონოდა და ის, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებდა. სანამ რუსეთი პასუხს გასცემდა, ამერიკა მოსკოვს უკან დაახევინებდა. არ ვიცი, ზუსტად რას ფიქრობდა სააკაშვილი, მაგრამ სწორედ ეს გახლდათ მის მიერ ომის დაწყების საფუძველი - ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება ნატოში გაწევრიანების მიზნით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკელმა მწერალმა, ჟურნალისტმა, მკვლევარმა სკოტ ჰორტონმა აშშ-დან ჩართვისას.

მან ისაუბრა, რამდენად არის ნატოს გაფართოების საკითხი უკრაინაში ომის გამოწვევის მთავარი მიზეზი. მისივე თქმით, 2008 წელს ბუქარესტში, ჯორჯ ბუშის მიერ უკრაინისა და საქართველოს სამომავლოდ ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განცხადება უდიდესი შეცდომა იყო.

„იმ დროს მოსკოვში ამერიკის საელჩოს მთელი შემადგენლობა, ეროვნული უშიშროების მრჩევლის გუნდი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, თავდაცვის მდივანი, ყველა ურჩევდა პრეზიდენტ ბუშს, რომ მას ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მან ეს მაინც გააკეთა და როგორც იმ დროს რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, ეს იყო ბუშის პირადი ამბიციის გამოძახილი.

მისი ტრიუმფი უნდა ყოფილიყო ომი ერაყში, რომელიც გამოდგა კატასტროფა. მას უკვე აფასებდნენ ისტორიკოსები როგორც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტს. სწორედ ამიტომ მას უნდა ეტვირთა რაიმე დიადი, ეს კი იყო შესაბამისად დიდი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველამ იცოდა, რომ ეს ცუდი იდეა იყო - ფრანგები, გერმანელები, ყველა ზომას მიმართავდნენ მის შესაჩერებლად. სწორედ ამიტომ უკრაინასა და საქართველოს არავინ შესთავაზა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა „მაპი“. ამის ნაცლად მოგცეს უბრალო დაპირება, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ მოგეცემოდათ ალიანსში გაწევრიანების უფლება. ეს იყო დეკლარაცია, მაგრამ არა წინ გადადგმული ნაბიჯი.

გამოვიდა, რომ თქვენი ქვეყნები გახვიეს გაუგებრობაში რუსებთან, თან ისე, რომ არავითარი გარანტიები არ მოუციათ. რადიკალები იტყვიან, რომ საჭირო იყო მაშინვე უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში და რუსეთი უკან დაიხევდა, მაგრამ მე ეს არ მგონია მართებული.

მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანების თაობაზე ხელმოწერილი თანხმობის ფურცელზე მელნის გაშრობამდე თავს რუსეთი დაგესხმებოდათ, კიევს მიწასთან გაასწორებდნენ. არ ვიცი, საქართველოს რას უზამდნენ, უკრაინას არავინ მისცემდა ნატოში გაწევრიანების უფლებას.

როგორც ჯონ მერშჰაიმერმა 2014 წელს განაცხადა, რუსეთი უკრაინას დალეწავს, სანამ მას ამერიკას გაატანს. ეს არის უპასუხისმგებლობის მწვერვალი და ჯორჯ ბუშის მთავრობის წევრებმა თავად შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი“, - განაცხადა ჰორტონმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ მოცემულობამ უბიძგა სააკაშვილს აღნიშნულიდან 4 თვის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისკენ.

„სწორედ ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების თანახმად სასაზღვრო დავის მქონე სახელმწიფო ნატოში ვერ გაწევრიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომის რისკი დიდია ყოველი ახალი სახელმწიფოს გაწევრიანებისას. შესაბამისად, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ნატოში გაწევრიანებისკენ გზა სწორედ რუსეთთან სასაზღვრო დავების სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით მოგვარება იყო. სააკაშვილს ნამდვილად აქეზებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სააკაშვილს სჯეროდა, რომ პრობლემების შემთხვევაში მას ვაშინგტონის დახმარების იმედი შეიძლებოდა, ჰქონოდა და ის, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებდა - სანამ რუსეთი პასუხს გასცემდა, ამერიკა მოსკოვს უკან დაახევინებდა. არ ვიცი, ზუსტად რას ფიქრობდა სააკაშვილი, მაგრამ სწორედ ეს გახლდათ მის მიერ ომის დაწყების საფუძველი - ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება ნატოში გაწევრიანების მიზნით. ნატო კი ნიშნავს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, იდეა კი, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტიების მისცემდა შავი და კასპიის ზღვების შუაში მდებარე მომცრო სახელმწიფოს, წარმოუდგენელია.

ამერიკელთა უმრავლესობამ სიტყვა კასპია, ფანტაზიის ჟანრის ნაწარმოების დამსახურებით იცის - არსებობს ამერიკელი მოღვაწის სი ეს ლუისის ნაწარმოები - „პრინცი კასპიელი“, გარდა ამისა, ეს ყველაფერი უბრალოდ იმდენად შორს არის ჩვენგან, რომ ეს იგივეა მარსზე იყოთ განლაგებულნი. ძალიან შორს ხართ ამერიკელი ხალხის ინტერესებისგან და კიდევ ერთი პარადოქსია, რომ ამერიკელთა უმრავლესობას სულაც არ ადარდებს ამერიკული იმპერია, ჩვენი მთავრობა კი მსოფლიოში უძლიერესია და მოწადინებულია, რომ ასეთად დარჩეს.

ხშირად ამერიკელთა უმრავლესობის ყურადღების მიღმა რჩება ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენივე ხელისუფლების დამსახურებით ჩნდება. ხშირად არც ის ვიცით, რასთან დაკავშირებით არის დავა, მიუხედავად იმისა რომ ეს კონფლიქტები დიდწილად, სწორედ ჩვენივე ხელისუფლების შემოქმედებაა“, - განაცხადა მკვლევარმა, სკოტ ჰორტონმა.