ამ შეხვედრებზე ალბათ ძირითადად მიმდინარეობს იმპიჩმენტზე საუბარი და არა ევროინტეგრაციაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ შეხვედრებს.
„ჩვენ სამწუხაროდ მოვისმინეთ განცხადება პრეზიდენტის მხრიდან, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთ სიტყვებს ისმენ პრეზიდენტისგან, მაშინ როდესაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუ ვინმეს რაიმე აქვს გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაზე დიდი წარმატება აქვს საქართველოს. ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში, თუ შევხედავთ გინდ განცხადებებს, გინდ კონკრეტულ ქმედებებს პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის იგივე ხაზი, რასაც ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.