"ერთი რამ ცხადია, დღეს მიდის კრიმინალური რეჟიმის გათეთრება. ასევე მათ უკანონებენ დანაშაულის გზით მიტაცებულ ქონებას. ეს არის არანაკლები დანაშაულებრივი ქმედება და მოტყუება ქართული საზოგადოებისა, ეს არ ხდება შემთხვევით. ვიმეორებ, ქართველი ხალხი მოატყუეს! არადა, ოქტომბრამდე იყო გეგმა, რომ დამნაშავე უნდა გასამართლებულიყო. მე ნამდვილად არ ვარ შურისმაძიებელი, მაგრამ რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გააკეთა, თუ ეს გადავყლაპეთ, ჩვენ როგორც ერი აღარ შევდგებით", - აცხადებს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯონდი ბაღათურია: "აგრესია იზრდება "ქართული ოცნების" მიმართაც... როდესაც სახელმწიფო სამართლიანობას არ იცავს, ამის შედეგი იქნება ლინჩის წესის შემოღება".
"ადამიანები საკუთარი თავის მიმართ პატივისცემასაც დაკარგავენ და რწმენასაც. ამათ 25 ათასი კაცი ჰყავთ გაუპატიურებული და გადაღებული - ასეთი სირცხვილი არც ერთ ქვეყანას არ უნახავს, ამიტომ ჩვენ მსოფლიოს თვალშიც ვკარგავთ პატივისცემას. მე კორუფციაც გამიგია და მოტყუებაც, მაგრამ ის, რაც ამათ გააკეთეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ. როცა წლები გავა, ალბათ სხვა ხელისუფლება მოვა და მერე მათაც გამოუშვებენ ციხეებიდან, მაგრამ დღეს აუცილებელია რეჟიმის მთლიანად გასამართლება. აგრესია იზრდება, მაგრამ არა მხოლოდ მიშა სააკაშვილისა და მისი ბანდის მიმართ, არამედ "ქართული ოცნების" მიმართაც. ზოგიერთი მაჟორიტარი უსინდისოდ იტყუება, მათ ტელეფონებიც გამორთეს, არადა ხალხი იბრძოდა თავგანწირვით. ადამიანებმა ყველანაირი საშინელება გადაიტანეს. ხშირად ამბობენ - ბიძინამ ბევრი გაიღო და რისკზე წავიდაო - კი ბატონო, გაიღო, მაგრამ მოდით ვთქვათ, ხალხმა უფრო მეტი გაიღო. ვიმეორებ, აგრესია მიდის ორივე მიმართულებით, როდესაც სახელმწიფო სამართლიანობას არ იცავს, ამ შემთხვევაში, ხალხი თვითონ იწყებს გასამართლებას და სწორედ ამის შედეგი იქნება ლინჩის წესის შემოღება. მე ნამდვილად არ მინდა ლინჩის წესის შემოღება, მაგრამ სხვა გზაც ხომ უნდა დაუტოვო საკუთარ ხალხს?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია და შეკითხვას - "პრემიერ-მინისტრმა რა ქნას, როცა დიდი ზეწოლაა ამერიკელებისგან?" - პასუხობს:
"ჩემო კარგო, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ, ეს ძალიან რთული საქმეა, "პონჩიკების ჭამა" კი არ არის? საქართველო პრობლემებიანი სახელმწიფოა, ჩვენ გვაქვს ყველა სფეროში პრობლემები, ასევე კონფლიქტები, ქვეყანაში არიან ანტისახელმწიფოებრივი ძალები... აბა, რომ მოდიოდი, რა გინდოდა, რას ელოდებოდი?! მარტო თანამდებობა და პოლიტიკური გავლენა ხომ არ არის. ახლა რა გამოდის? პრემიერი ხალხის ხარჯზე კომპრომისებზე მიდის? ამათი საქციელი მაღალი კორპუსიდან გადმოვარდნილი კაცის ნათქვამს მაგონებს, სანამ მიწაზე დაეცემა, რომ ამბობს - ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არისო... ბოლოს და ბოლოს, დამნაშავეების ნაცვლად მღვდლებს რომ გაგისამართლებენ, ეს სახელმწიფოა. ამერიკელები და ევროპელები კოაბიტაციას პოლიტიკური თვალსაზრისით ითხოვენ, არავის უთქვამს, ადამიანების გამაუპატიურებლები და ბიუჯეტის ქურდები არ დასაჯოთო, წამებასა და მკვლელობებზე აღარაფერს ვამბობ. ეს ყველაფრი იცოდა მიხეილ სააკაშვიილმა - ეს ყველაფერი მისი დავალებით ხდებოდა. ეს ადამიანები გაბოროტებული არიან ქართველ ხალხზე და თუ არ დაისჯებიან, კიდევ რა უბედურებას დაატრიალებენ, არავინ იცის".