პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან არცერთი თეთრი არ ყოფილა დახარჯული ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„მანამდე არ აუდგეთ გვერდები, ვიდრე მათი გადასაყენებელი პრემიერ-მინისტრი ეყოლება ჩვენს ხელისუფლებას. ეს ბინძური კამპანია არის უბადრუკი ცდა იმისა, რომ გადაფარონ თავისი ბინძური კვალი, რომელიც დატოვა იმ ხელისუფლებამ მაშინ, როდესაც მართლაც იყენებდა საბიუჯეტო ხარჯებს საკუთარი მიზნებისთვის - მასაჟისთვის, ვიზაჟისთვის, საკუთარი ოჯახის წევრების სწავლისთვის, ათასგვარი საჩუქრებისთვის. ნუ თხრიან ისეთ ადგილს, სადაც აუცილებლად კატას გამოთხრიან. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან არცერთი თეთრი არ ყოფილა დახარჯული ბიუჯეტიდან და გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
პრემიერ-მინისტრის მიუნხენში გამგზავრება ბიუჯეტიდან რომ არ დაფინანსებულა, ამაზე მორიგი განცხადება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემაც გააკეთა. მისი განცხადებით, ხარჯი ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის მგზავრობის ხარჯებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის განმავლობაში, არაერთი განცხადება გაკეთდა, რადიკალური ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. ინიციატივა პარტია „ლელოს“ ეკუთვნის.