საქართველოში საწვავზე ფასის ნახტომისებური ზრდა პროდუქტის დეფიციტს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ რუსეთში, საიდანაც ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში საწვავი ინტენსიურად შემოდიოდა, წარმოების პრობლემებია. შესაბამისად, ადგილობრივ, ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, ხოლო ექსპორტი კი, საგრძნობლად შემცირებულია.
არ არის გამორიცხული, რომ ჩრდილოთადან ნავთობპროდუქტების იმპორტმა აზრიც კი დაკარგოს. ამას ბიზნესმენები ნაწილობრივ ადასტურებენ კიდეც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იქნება საწვავის იმპორტის მხრივ რუსეთზე დამოკიდებული.
„რუსეთიდან საწვავის შემოტანა გართულებულია. გარდა იმისა, რომ რუსეთში შიდა მოხმარება გაზრდილია, ქვეყანამ ნავთობის მოპოვებაც შეამცირა - უკვე ცნობილია, რომ დეკემბრის თვიდან, 300 ათასი ბარელით შეზღუდავს ექსპორტს. რუსეთი არასდროს ყოფილა სტაბილური ქვეყანა - ამხელა სანავთობო სახელმწიფოს დეფიციტი შეექმნა. ამიტომ, ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ, გადასვლას ევროპულ ქვეყნებზე, რამაც გამოიწვია მიმდინარე წლის ზაფხულში საწვავზე ფასის მატება“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
იგი ამტკიცებს, რომ საქართველოს სანავთობო ბაზარს დეფიციტი არ ემუქრება და საქართველოს საწვავის შემოტანა, რუსეთის გარდა, სხვა ალტერნატიული ბაზრებიდანაც შეუძლია, ისეთებიდან, როგორებიცაა: რუმინეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი და სხვა.
„აღნიშნული ქვეყნების ნაწილიდან საწვავის შემოტანა უკვე დაწყებულია. მხოლოდ გვექნება გარკვეული არითმიები ფასში, რადგან დამოკიდებული ვიქნებით იმ ქვეყანაზე, რომელიც საწვავს აწარმოებს. გარდა ამისა, საწვავის ევროპიდან შემოტანის შემთხვევაში, სატრანსპორტო ხარჯებიც გასათვალისწინებელია“, - განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ იობაშვილმა.
რაც შეეხება მოლოდინს საწვავის ფასთან მიმართებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანავთობო ბაზარი არაპროგნოზირებადია და ფასებთან დაკავშირებით, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება.
„ე.წ პლატცის ფასი ყოველდღიურად დგება, რომელსაც სანავთობო ბაზარი უნდა დაემორჩილოს, ამიტომ, წინასწარ განსაზღვრა ტარიფების რთულია“, - აღნიშნა იობაშვილმა.
გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც. ფასები გაზრდილია ყველა ტიპის ბენზინზე და სხვადასხვა ქსელში, ზაფხულის თვეებში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება, საშუალოდ, 70-80 თეთრითაა მომატებული.
როგორც კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ განაცხადა, საწვავის მაღალ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ბაზარზე არსებული დეფიციტია.
პრობლემაა რუსეთის ბაზარზე გაზრდილი ფასები და შემცირებული ექსპორტი, ვინაიდან, როგორც იაკობიძე აღნიშნავს, ადგილობრივ, რუსულ ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად ბაზარზე დეფიციტი, პირდაპირპროპორციულად ფასის მატებას იწვევს.
„სავარაუდოდ საწვავზე ფასის მატება სექტემბრის თვესა და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კვლავ გაგრძელდება. თუ სექტემბერში ეს დეფიციტი გაგრძელდება, მაშინ ქვეყანა სხვა მოწოდების არხებზე უნდა გადაეწყოს“, - აღნიშნა იაკობიძემ.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლის განმარტებით, რუსეთის ბაზარს დიზელის საწვავზე გავლენა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად აზერბაიჯანის ბაზარია გახსნილი და ქვეყანაში დიზელის ტიპის საწვავი აქტიურად შემოდის.