ქართველი პოლიტიკოსების მეტსახელები

ქართველი პოლიტიკოსების მეტსახელები

ნათქვამია, პოლიტიკოსზე გავრცელებული ყველა ინფორმაცია, ნეკროლოგის გარდა, რეკლამააო. პოლიტიკოსების მეტსახელები კი ხშირად იმაზე მეტსაც გვეუბნებიან, ვიდრე მათ მიერ გაკეთებული საქმეები. ე.წ. კლიჩკებში სარკესავით აირეკლება ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ.

1990-იანი წლებიდან, იმ დროიდან, როცა პოლიტიკური სივრცე გააქტიურდა, პოლიტიკოსების მეტსახელებზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, - საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილს "მურტალოს" ეძახდნენ, "კუკარაჩას" ცნობილი უარყოფითი პერსონაჟის მსგავსად... მის შემცვლელს, მუდამ მდუმარე გივი გუმბარიძეს, "მამადუ" შეარქვეს, საბავშვო ძილისპირულის ტელეპერსო­ნაჟის სეხნია გახდა... საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეტსახელი არ ჰქონია, მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ხშირად "კონსტანტინოვიჩად" მოიხსენიებდნენ, რითაც პირველები აღნიშნავდნენ, რომ ის ცნობილი მამის ღირსეული შვილია, მეორენი კი იმის ხაზგასმას ცდილობდნენ, ზვიადი მამის ჩრდილიდან ვერ გამოვიდაო... ედუარდ შევარდნაძეს "თეთრი მელა" ჯერ კიდევ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრობისას შეარქვეს, ჩახლართული პოლიტიკურ-საკადრო სვლების გამო... ქვეყნის ახლანდელ პრეზიდენტს კი უბრალოდ "მიშად" მოიხსენიებენ, თუმცა ზოგჯერ "ჰალსტუხჭამიასაც" უწოდებენ "ბი-ბი-სის" პირდაპირ ეთერში გასული ცნობილი კადრის გამო, როცა აგვისტოს ომის გამო განერვიულებული სააკაშვილი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი "სახელმწიფოს ხერხემლად" მიაჩნდათ, თუმცა ცოტას თუ ახსოვს, რომ ეს სახელი მას შეარქვა მაია ნადირაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ქალბატონმა, რომელსაც ხალხმა "იუბკიანი სოკრატე" უწოდა, რადგან პროფესიით ფილოსოფოს-ფსიქოლოგი, ხშირად გამოთქვამდა ბრძნულ აზრებს, მაგალითად ასეთს: "ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და როგორც გვინდა, ისე ვიქცევით, როცა სხვები მოვლენ, ასევე მოიქცნენ"... ქვეყნის პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის მეტსახელი "პროსტო შალვაა", რითაც მის კოლორიტულობას უსვამენ ხაზს, ამასთანავე, ის არაერთი პოლიტიკოსის ნათლიაა. მან უწოდა ყოფილ პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს "დაღლილი ვირი", როგორც ჩანს, მუდამ დაღლილი და უკმაყოფილო გამომეტყველების გა­მო, კობა ხაბაზი კი "აჭარელ ლუი დე ფიუნესად" მონათლა... "საქართველოს გზის" ლიდერ სალომე ზურაბიშვილს "ქაჯი" შეარქვეს მისივე ცნობილი ფრაზის გამო - "ქაჯები მიდიან!" მას "ხანუმასაც" უწოდებენ, რადგან ცნობილი კომედიის ამ პერსონაჟისა არ იყოს, "მას შემდეგ, რაც მამამ პარიჟში წაიგო, ქართული სულ დაავიცქდა"... ძმებს, ლევან და გია გაჩეჩილაძეებს "გრეჩიხებად" მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბავშვობაში წიწიბურა უყვარდათ, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს გაჩეჩილაძეების დედა: პირიქით, წიწიბურას ძალით ვაჭმევდი, ლევანს კი ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ჩვენს ეზოში სამი ლევანი იყო, ერთს "კიტრა" დაარქვეს, მეორეს - "ლობიო" და მესამეს - "გრეჩიხაო". სწორედ გია გაჩეჩილაძის მიერ საკანში შერქმეული "გივიიიი"-ია დეპუტატ გივი თარგამაძის ერთ-ერთი მეტსახელი, მეორე კი "ჩე გივერაა", რადგან გივი თარგამაძე სხვადასხვა ქვეყანაში ფერადი რევოლუციების ალის აგიზგიზებითაა გატაცებული, ამის გამო ყირგიზეთიდან ლიტვაში ბევრი იმოგზაურა, რის შემდეგაც რევოლუციურ გამოცდილებას გვიზიარებდა: ლიტველი ქალები უკრაინელებს ჯობიან, ყირგიზებზე კი ლაპარაკიც არ მინდაო... თუმცა, როგორც სანდო წყარომ გვითხრა, თარგამაძეს ახალგაზრდობაში, უზომო სმის გამო, კიდევ ერთი მეტსახელი ჰქონია - "ეჟვანა", სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას მისი თანაკურსელები ხუმრობდნენ, ქალაქგარეთ გასვლისას ეჟვანი უნდა შევაბათ, მთვრალი სადმე არ დაგვეკარგოსო... განათლების ყოფილ მინისტრ კახა ლომაიას, პირველადი სპეციალობის გამო, "სანტექნიკი" შეარქვეს, დავით კირკიტაძეს, იმავე კირკიტას - "პეჩორინი", რადგან სააკაშვილმა, პარლამენ­
ტის დაცვის წევრის ცემის შემდეგ, დეპუტატ კირკიტაძეს "ჩვენი დროის გმირი" უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ საკუთარ თავს "რკინის კაცი" შეარქვა, ამით ოპოზიცია გააფრთხილა, მაგარი ნერვები მაქვსო, მოგვიანებით კი სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს შეარქვა "რკინის კაცი". კახა თარგამაძის დაუძინებელი ოპონენტი კი "ვანგაა" - იგივე ირინე სარიშვი­ლი, რომელიც პოლიტიკურ-ოკულტური წინასწარმეტყველების უნარით გამოირჩევა. ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილის მეტსახელი კი "რუხი კარდინალია", ის ყველგან იყო, მაგრამ დღემდე არსად ჩანს...

დეპუტატისა და პრეზიდენტობის კანდიდატ კობა დავითაშვილის "კლიჩკა" "ნა ვერტელეა", ნა ვერტელეს სასწრაფოდ მიტანა მან რესტორანში გადაღებულ გახმაურებულ კადრებში ითხოვა. გუბაზ სანიკიძეს "მილიონერი" შეერქვა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის გახმაურების შემდეგ, სადაც ის ამბობს: მაყუთი უნდა ვიშოვნო, მილიონერი გავხდეო. ირაკლი ბათიაშვილის "კლიჩკა" "კარლსონია", რადგან 26 მაისის მოვლენების შემდეგ ამტკიცებდა, კინოთეატრ "რუსთაველის" სახურავიდან სახურავზე გადავდიოდიო.

მეტსახელები აქვთ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებსაც: ნინო ბურჯანაძე "ფქვილოვნა" და "ხორბალოვნაა", მამამისის "პურპროდუქტიული" წარსულის გამო, დავით ბაქრაძე კი - "ჩანგალა", აგვისტოს ომის დროს ხალხს მოუწოდა, რითიც გინდათ, თოხებითა და ჩანგლებით დაიცავით თავიო... გიორგი მარგველაშვილის მეტსახელი კი "პლასტილინია", რადგან თვითონვე თქვა, პლასტილინივით ვარ, რომელსაც, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას იღებსო.