მინდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩამობრძანებისთვის - ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მთავრობის სახელით მადლიერება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.