შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მრავალაჯერ ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული გურამ ლ. ფოთში დააკავეს.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და ამავე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სროლისთვის ვარგისი 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გურამ ლ-ს ჩხრეკისას ასევე თან აღმოაჩნდა ერთჯერად შპრიცში მოთავსებული 0,000011გრ ნარკოტიკული საშუალება “დეზომორფინი”.

ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დაკავებულს „ოპიუმი“-ს ჯგუფის და ფსიქოტროპული ნივთიერება „ბენზოდიაზეპინები“-ს ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.