"ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა თავისი მოქმედების სტრატეგია”

"ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა თავისი მოქმედების სტრატეგია. საარჩევნო სიები უკვე პრობლემა გახდა, საარჩევნო კოდექსიც პრობლემატურია და არჩევნების შემდეგ ეს კიდევ უფრო პრობლემატური იქნება. ამ პრობლემების მოგვარება დროზე შეიძლებოდა - ეს არ იყო დაკავშირებული ფინანსებთან და დროის უკმარისობასთან, უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყებდა ამ საკითხებზე მუშაობას. ტარდება რეფორმები სტრუქტურების შიგნით და არა თავად სტრუქტურების რეფორმირება. ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიული ნაბიჯები სტრუქტურული რეფორმის თვალსაზრისით ვერ გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ ამის პოტენციალი - ადამიანურიც და ტექნიკურიც - არსებობს. აუხსნელია, რატომ ვერ აკეთებენ ამას", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: კონსტიტუციაში რაღაც რიგზე ვერ არის".

"საუბრობენ, რომ მედია დღეს უფრო თავისუფალია, მაგრამ ეს სიმართლე დამოკიდებულია არა ინსტიტუტებზე, არამედ იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ცდილობს ამაში აქტიურად ჩაერიოს. თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაერიოს, იგივეს მივიღებთ, რაც წინა ხელისუფლების დროს გვქონდა. თანაც ისე სწრაფად, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. რეფორმა როგორ შეიძლება განულდეს, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო იუსტიციის საბჭოს არჩევნები და სასამართლო რეფორმა. ფაქტობრივად არაფერი გაკეთდა, ისეთივე უნდობლობაა სასამართლოს მიმართ, როგორიც იყო აქამდე. შსს, რომელშიც შერწყმულია უშიშროება, ისევ ისე დარჩა. აღარაფერს ვამბობ თვითმმართველობაზე, იმ ვერტიკალზე. დეცენტრალიზაცია არასერიოზულია, როცა საუბრობენ, რომ დამოკიდებულია პარლამენტის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ძალაუფლების დეცენტრალიზაცია არ განხორციელებულა. ამ მხრივ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეკონომიკური სტაგნაცია იქნებოდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობდით ელიტური კორუფციის არსებობაზე, მარტო ეს არ იყო: საქართველოში მოხდა ელიტური კორუფციის შერწყმა ბიუროკრატიასთან. ჩვენი ეკონომიკა ნომენკლატურული კაპიტალიზმის მოდელს უფრო ჰგავდა, ვიდრე თავისუფალი კაპიტალიზმის მოდელს. როცა გინდა აქედან თავის დაღწევა, ამ დროს ყოველთვის თავს იჩენს პრობლემები. არ ჩანს, რომ აქედან თავისუფალ ბიზნესამდე მივალთ. რა პროცესები მიდის ახლა ეკონომიკაში - ნომენკლატურული კაპიტალიზმის დაშლა თუ მეპატრონის შეცვლა? თუ ეს ასე ხდება, ისევ დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა და ფორმა არ შეიცვლება, მალე მივიღებთ ისეთივე მდგომარეობას, რაც გვქონდა გასული წლის ოქტომბერში. ასევ დადგება მედიასაშუალებების გაკონტროლების საკითხი დღის წესრიგში. ადამიანის უფლებები, საარჩევნო სისტემები და ა.შ. - ამ მხრივ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია, არ ვიცი, რას იზამს შემდეგ", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "ელოდებიან საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას და გვარწმუნებენ, რომ, პროცესები სასიკეთოდ განვითარდება..." - პასუხობს:

"როცა რაღაცას მპირდებიან, კარგია, მაგრამ მაინტერესებს მანამდე რამ შეუშალათ ხელი. კოაბიტაციის პროცესი გავიგეთ, მერაბიშვილის ან სააკაშვილის დაკავება გასაგებია, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა საარჩევნო სიების გასწორებას, საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობას, კონსტიტუციაში ხარვეზების აღმოფხვრას. ახლა შსს-ში "ენკავედეს" სისტემა გვაქვს, იქ რეფორმების განხორციელებას რა უშლიდა ხელს? ტანკი თუ დგას ჯართია და მაგრამ თუ მომართავ - იარაღია - სისტემა ხომ ისევ რჩება. სამართლიანობის აღდგენა მარტო დამნაშავეების დასჯა არ არის, მეორეა იმ პრინციპების დამკვიდრება, რასაც სამართლიანობა უნდა დაეფუძნოს.... ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ რაღაც გაუმჯობესდა, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ნებისმიერი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორი-სამი წელი სიტუაცია კარგია - ეს ის დროა, როცა ძველი ხელისუფლების ჩანაცვლება ხდება ახლით. ქვედა ფენებამდე რომ დავიდეს, ეს პრესი, მოთხოვნილება და საშუალება არ არის, ზევით მიდის გადანაწილება და ნელ-ნელა მოჰყვება ქვემოთ. მაშინ იწყება უკმაყოფილების გამოხატვა, იმის მიხვედრა, რომ პროცესები არასწორად მიდის. ეს მე მაშინებს. არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც უხაროდეს რომელიმე ხელისუფლების წარუმატებლობა, ეს ისევ ჩვენზე აისახება. შეიძლება იძულებული გავხდეთ ისევ აღმოვჩნდეთ ქუჩაში".