რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, დასანქცირების რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. კერძოდ, გარკვეულ ძალებს სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როგორც რუმინეთში.
„აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია“, - განაცხადა მურუსიძემ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე ისე დაასანქცირა, რომ განმარტებით ბარათში მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდების დონეზეა საუბარი.