დუგინმა სამეგრელოსა და ჯავახეთის მომავალი „განჭვრიტა“

დუგინმა სამეგრელოსა და ჯავახეთის მომავალი „განჭვრიტა“

საქართველოსთან მიმართებით კრემლის მთავარი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, როგორც წესი, პროგნოზებს არ იშურებს. მან განჭვიტა, რომ მალე სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ბედს აჭარა, სამეგრელო და ჯავახეთიც გაიზიარებს.

„საქართველო – ეს შეუმდგარი სახელმწიფოა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო დამოუკიდებლობის პროცესი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ამით არ გათავდება. როდესაც ჩვენი ჯარები ზუგდიდის რაიონს „ასუფთავებდნენ“, მათ ძალიან ბევრ სოფელში ყვავილებითა და სიხარულით ხვდებოდნენ, რადგანაც მეგრელებმა იციან, რომ უკვე ისინი აღმოჩნდნენ პოტენციური გენოციდის საფრთხის ქვეშ საქართველოს მხრიდან“, - აცხადებს დუგინი.

მისივე თქმით, სწორედ ასეთივე მდგომარეობაა აჭარაში, ჯავახეთსა და პანკისში. მეტიც, დუგინის თქმით, საქართველო, თავისი არსით არა სახელმწიფო, არამედ მულტიეთნიკური სტრუქტურაა და ამ სტრუქტურისათვის ერთი ნაციის იდეის თავსმოხვევა, როგორც ამას სააკაშვილი აპირებდა, გარდაუვალ ეთნიკურ წმენდას მოასწავებდა. დუგინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა დაიცვეს ორი ერი, ახლა მათ დახმარებას საჭიროებენ დანარჩენი ერებიც, რომელთაც თავს ახვევენ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას.

დუგინი კონკრეტულ სცენარზეც საუბრობს. მისი ვერსიით, სიტუაცია ანალოგიური სცენარით განმეორდება. ეს იმის მაუწყებელია, რომ საქმე გვაქვს კონფლიქტთან, რომელიც თავისით ვერ გადაწყდება, ამიტომ რუსები უნდა ჩაერიონ.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა, შეგვეძლოს ამ პრობლემური ერებისთვის ხელის მოხვევა და სხვებისთვის გადაცემა. ოღონდ ამერიკას არა, მაგალითად, ირანს ან თურქეთს, რომლებიც სწორ რეგიონალურ პოლიტიკას ატარებენ“, - განაცხადა კრემლის იდეოლოგმა.

უფრო ადრე დუგინს უფრო მრავლისმომცველი განცხადება ჰქონდა გაკეთებული, როცა აცხადებდა, რომ რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა! ამ რუსული კონცეფციის წყაროდ იგი მე-19 საუკუნის რუს პოეტს, ტიუტჩევს ასახელებდა, რომლის თქმითაც, რუსი მეფე საერთო ევროპული მეფე უნდა ყოფილიყო, ე. ი. ბიზანტიის იმპერიის ამღორძინებელი. დუგინის ფილოსოფიური ხედვა სწორედ ევროკავშირზე პროტექტორატის დამყარებასა და ახალი ბიზანტიური იმპერიის შექმნაში გამოიხატებოდა.

საამისოდ არა მარტო რუს პოეტს, არამედ ევროპელ ფილოსოფესებსაც იშველიებდა, თურმე ნიცშე, შპენგლერი, მიოლერი მნიშვნელოვანწილად ფიქრობდნენ რუსეთისათვის ევროპის გადაცემის პერსპექტივაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ალექსანდრე დუგინის პირით კრემლი გველაპარაკება, რა საფუძველი აქვს კრემლის იდეოლოგს, რომ ამჯერად აჭარის, სამეგრელოსა და ჯავახეთის მომავალზე ასეთ კონტექტსში ისაუბროს?

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი დუგინის განცხადებებს იმ ფაქტს უკავშირებს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთშიც ემზადებიან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნებს მათთვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, ზაზა ფირალიშვილი უფრო საინტერესო პროცესებს სწორედ ქართული არჩევნების შემდეგ ელოდება, როცა გამოიკვეთება, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში და ვინ გავიდა მეორე ადგილზე.

„დუგინის ეს განცხადებები ისეთივე როლს ასრულებს ჩვენთვის, როგორც განცხადებები ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადების შესახებ და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციას ემსახურება. მეორე მხრივ, ალექსანდრე დუგინი არ არის ის ადამიანი, რომელიც თავის ნებაზე ლაპარაკობს რაღაცას, იგი გახლავთ პუტინის ოფიციალური მრჩეველი და ცნობილია თავისი გამონათქვამებით. იგი ხშირად ახმიანებს ისეთ მოტივებს, რა მოტივებსაც პუტინი გარკვეულ მიზეზთა გამო ხმამაღლა ვერ იტყვის. ამდენად, დუგინის ენით საუბრობს რუსული ნეოიმპერიალისტული რევანშიზმი, რომელიც ასეთ პროექტს სახავს საქართველოს ხელახლა რუსეთის წიაღში დასაბრუნებლად“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით, ამგვარი გეგმა რუსეთს დიდი ხანია აქვს, თანაც, არა მხოლოდ სამეგრელოსთან დაკავშირებით. აქ საუბარია ჯავახეთზეც. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის რუსულ ცნობილ ენციკლოპედიაში წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არაქართველები არიან. კერძოდ, ქართველები არიან უმცირესობაში, ხოლო დანარჩენები არიან იმერლები, კახელები, მეგრელები, გურულები და ა.შ. ანუ არცერთი ქართული ტომი არ არის ჩათვლილი ქართველად.

ზაზა ფირალიშვილისა თქმით, რუსი იდეოლოგების მიერ შექმნილ ასეთ თეორიას, სამწუხაროდ, რეალური შედეგები მოჰყვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებით. თუმცა ძალზე საეჭვოა, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მოჰყვეს რეალური შედეგები, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჯავახეთს, სადაც კრემლის იდეოლოგიის წყალობით დემოგრაფიული დისბალანსი შეიქმნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში.

ასე რომ, ზაზა ფირალიშვილის აზრით, რუსებმა საამისოდ შექმნეს ერთგვარი „თეორიული საფუძველი“. უფრო მეტიც, სამწუხარო ის არის, რომ რუსი ინტელიგენტებიც კი იოლად იჯერებენ ამ თეორიას.

„ერთი რუსი ფილოსოფოსი, ჩემივე კოლეგა, კარგა ხანს მარწმუნებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა მართლაც არ არის ერთგვაროვანი, რომ თურმე იმერლები და ქართლელები ერთმანეთისგან ეთნიკურად განსხვავდებიან, რადგან სხვადასხვა ტომის ხალხია“, - აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ფილოსოფოსის თქმით, ამის შესახებ არ უნდა ისაუბროს ისეთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომელზეც მსოფლიოში მოხმარებული ჰეროინის 24% მოდის. თავისთავად, ეს რიცხვი მეტყველებს იმაზე, თუ როგორი სახელმწიფოებრიობაა ჩვენს ჩრდილოეთით, რადგან ჰეროინით დაღუპულთა 40% რუსეთშია.

პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ იმერლებად, კახელებად, მეგრელებად თუ ქართველებად დაყოფა დუგინის მხრიდან გაჟღერებული ახალი იდეა არ არის. ეს ძველი იდეა იყო და რუსეთის იმპერია ყოველთვის ცდილობდა, გაეთიშა ქართული საზოგადოება და არა როგორც ერთიანი ქართველი ერი, არამედ ჯგუფებად დაეყო.

პოლიტოლოგის განმარტებით, ასეთი მიდგომა ხელს აძლევს რუსეთის იმპერიას, თუმცა ამან არ გაამართლა არც ძველად, რუსეთის იმპერიის დროს და არც არასდროს გაამართლებს. ამის მიუხედავად, დუგინის განცხადებები და პიარსვლა ერთ მიზანს ემსახურება, რომ მის მიერ წამოჭრილი თემის ირგვლივ შეფასებები გაკეთდეს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენ ვამტკიცოთ, რომ მეგრელები და აჭარლები ქართველები არიან. ამით ფიქრობენ, თავს ავარიდებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ზრუნვას. არა მგონია, რუსეთში ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს რაიმე ანტიქართული მოძრაობის დაწყებაზე რომელიმე ამ რეგიონში, პირიქით, ათასჯერ დამტკიცდა, რომ 200-წლიანი მცდელობის მიუხედავად, სერაპარატისტული განწყობის ჩანერგვა ვერაფრით შეძლო რუსეთმა. რაც შეეხება სამხედრო ძალით შემოსვლას, ომის გამოცხადება რუსეთს შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სამეგრელოში ან აჭარაში, მაგრამ არა მგონია, პროვოცირებისთვის ღირდეს ასეთი ამბის ატეხვა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება დუგინის ნათქვამს შეუმდგარი სახელმწიფოს შესახებ, პოლიტოლოგის აზრით, ყველა ადამიანი ამაში სხვადასხვა რამეს გულისხმობს. თუ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, საქართველო რომ დემოკრატიული სახელმწიფო არ არის, ეს ფაქტია, ხოლო, თუ საუბარია ავტორიტარიზმზე, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ იმაზე უკეთესი სახელმწიფო გვაქვს, ვიდრე - რუსებს.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ალექსანდრე დუგინის მთელი ცხოვრება უცნაური და ბუნდოვანია, უკიდურესად შავ-ბნელი მიმართულების იდეოლოგია კი რუსეთში ყოველთვის არსებობდა და ბოდვით იდეებზე იყო დამყარებული. თუმცა თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ დუგინი გულწრფელად დარწმუნებულია, რომ რუსეთი სამყაროს მხსნელია და რუსული გზა ერთადერთი სწორი გზაა მსოფლიოსთვის. ყველაფერი ეს კი აგებულია დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„მათი მიზანია, ნებისმიერი რეგიონი მოწყვიტონ საქართველოს. რუსულ წყაროებში ბევრგან შეხვდებით, რომ მეგრელი, სვანი და აჭარელი ქართველი არ არის. გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველოს ანექსია რომ მოხდა, რუსებმა ქართველები დაყვეს 14 ეროვნებად - თუშები, მეგრელები, კახელები, იმერლები და ა.შ. ახლა ამავე თანმიმდევრობით მიყვებიან“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.