გმირის არასახარბიელო ბედი კოჰაბიტაციურ საქართველოში

გმირის არასახარბიელო ბედი კოჰაბიტაციურ საქართველოში

გასულ კვირაში პრეზიდენტის ხელისუფლებასა და მთავრობას შორის პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა ავღანეთში დაჭრილი ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო საკითხი. აღმოჩნდა, რომ არაერთი საბრძოლო ჯილდოს კავალერი, დაინვალიდებული სამხედრო პირი, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საკუთარი ბინის მოლოდინში ავტოფარეხში ცხოვრობს.

მეტად უსიამოვნო აღმოჩენა

„ავღანეთში 31-ე ბატალიონის საბრძოლო მისიაზე ბევრია სათქმელი და დასაწერი და ყველაზე უკეთ ეს, ალბათ, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს შეუძლია, მებრძოლ მეთაურს, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ, იმედია, შეავსებს იმ საინფორმაციო ვაკუუმს, ავღანეთში მიმდინარე ქართული სამხედრო მისიის შესახებ რომ არსებობს“, - ასეთი სურვილით მთავრდებოდა მამაცი ქართველი ოფიცრის, ალექსანდრე ტუღუშისადმი მიძღვნილი ჩემი რეპორტაჟი, რომელიც ეთერში 2012 წლის 22 აპრილს გავიდა. ამ ხნის განმავლობაში რადიო თავისუფლებას მცდელობა არ დაუკლია დაკავშირებოდა ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს, 31-ე ბატალიონის მეთაურს, რომელმაც 2011 წლის ბოლოს, ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შემდეგ, ქვედა კიდურები დაკარგა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდას სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

ჩვენთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვისაც ძალიან უსიამოვნო აღმოჩენა გახლდათ ის ფაქტი, რომელიც მთელი საქართველოს მოსახლეობამ 17 სექტემბერს იხილა. სახელოვანი ქართველი ოფიცერი, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის კავალერი, ვისაც პირადად იცნობს და პატივს სცემს აშშ-ის მთელი სამხედრო-პოლიტიკური ელიტა, ბარაკ ობამას მეთაურობით, თურმე თბილისშია და ავტოფარეხში ცხოვრობს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაჭრილ ოფიცერს ჟურნალისტებთან ერთად ავტოფარეხში ესტუმრა და ამ ფაქტს ეროვნული სირცხვილი უწოდა:

„ეს არის ჩვენი ეროვნული სირცხვილი, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი ტუღუში, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს გარაზჟში, მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდზე. თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ? და ღირსება? და რა ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ ლაპარაკი, ხალხო“.


თვითკრიტიკული პრეზიდენტი და პოლიტიკური უპასუხისმგებლობა

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა „ჩვენი“, ანუ ქართული საზოგადოების, თავმოყვარეობას, მიხეილ სააკაშვილი გულისხმობდა საკუთარ თავსაც და დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომელთანაც საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ე.წ. პოლიტიკურ კოჰაბიტაციაში - სინამდვილეში კი, დაუნდობელ უთანხმოებაში - იმყოფება.

და მართლაც, ის, რომ სახელმოხვეჭილ ქართველ ოფიცერს დღემდე არ აღმოაჩნდა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სააკაშვილის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, პირადი პასუხისმგებლობის საკითხია. პრეზიდენტს, რომელიც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ თანამებრძოლსა და მაღალჩინოსანს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად - გადასცემდა საკუთრებაში ვრცელ მიწის ნაკვეთებსა და ვილებს, ბევრჯერ შეეძლო და ვალდებულიც იყო ბინით უზრუნველეყო ოფიცერი, რომელსაც არაერთხელ საქვეყნოდ თავადვე უწოდა გმირი.

თანაც, ამის გაკეთება სააკაშვილს შეეძლო ზედმეტი პიარისა და ხმაურის გარეშე, იმ ბრძანებით, რომლის შექმნაც საქართველოს პრეზიდენტმა 17 სექტემბერს თავისი ადმინისტრაციის უფროსს იმ ავტოფარეხში დაავალა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ცხოვრობს:

„ ეხლა ველაპარაკე... მე ვთხოვ გიგის უგულავას, ბინა დაუყოვნებლივ გამოუყოს. კიდევ კარგი, ეს ბერკეტები მანც გვაქვს. მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ვავალებ და ვუბრძანებ, რომ ეს კაცი დაასაქმონ. დაუყოვნებლივ, პროფესიის მიხედვით“.

ის, რომ უბინაო ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ავტოფარეხში აღმოჩნდა და არა თუნდაც ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში, რაც უნდა თავი იმართლონ, ნამდვილად არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მძიმე შეცდომა. თუმცა, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, როგორც გაირკვა, უკვე ყოფილა დასაქმებული, ეს ფაქტი კი, თუ არ იცოდა, თავად პრეზიდენტ სააკაშვილს აყენებს უხერხულ მდგომარეობაში.

„თითქოს ტუღუში არის უმუშევარი - ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ტუღუში დღეს არის ჩვენი სამხედრო ატაშეს თანაშემწე და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავაკონკრეტებთ, თუ რა თანხას იღებს ანაზღაურების სახით ტუღუში. რაც შეეხება მისი ბინით მოგვარების საკითხს, ეს საკითხი, პრინციპში, უკვე მოგვარებული არის თავდაცვის სამინისტროში. ამაზე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს მუშაობა, პატაკიც აქვს დაწერილი ტუღუშს და ახლო მომავალში ის დაკმაყოფილდება ბინით, ისევე როგორც ბინით აკმაყოფილებს თავდაცვის სამინისტრო სხვა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს“, - განაცხადა 18 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდების პასუხად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ.


არმიის პოლიტიზების მაგალითი

თავდაცვის სამინისტროს ისევ გამოეპასუხა პრეზიდენტი სააკაშვილი, მერე კი სამხედრო უწყებისგან გაისმა „პასუხის პასუხი“:

„აქვე საკმაოდ მნიშვნელოვან ცნობას დავამატებდი, რომ ტუღუში ავღანეთში დაიჭრა 2011 წელს და მხოლოდ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მოხერხდა მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხის გადაჭრა“.

და, სამწუხაროდ, არც პრეზიდენტს და არც თავდაცვის სამინისტროს არ უკითხავს თავად დაინვალიდებული ქართველი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშისათვის, სურს კი მას და მის მსგავს ადამიანებს, აღმოჩნდნენ, აი, ამგვარი მომეტებული ყურადღების ცენტრში, როდესაც, ნაცვლად იმისა, რომ უხმაუროდ გადაიჭრას პრობლემა, ვინმე, თუნდაც სულაც ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, პროპაგანდისტული მიზნებით შეეცდება კონკრეტული ჯარისკაცის პრობლემით მანიპულირებას. ეს არის, ალბათ, ნათელი მაგალითი არმიის პოლიტიზების მცდელობისა, რითაც საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ცდუნდებოდა ხოლმე.

ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშისადმი უყურადღებობის გამო ურთიერთბრალდებით გართულმა პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ, ნებსით თუ უნებლიეთ, კიდევ ერთხელ მიაყენეს ჩრდილი ქართულ პოლიტიკურ კოჰაბიტაციას და, ამავე დროს, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს სახელოვანი ქართველი მეთაური, რომელიც, ამ გაუგებრობის გამო, სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა ლამის პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინა.

არადა, გასულ კვირაში, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხმაურიან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, უთქმელად იჯდა ავტოფარეხის ბინადარი, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში: დაინვალიდებულ ოფიცერს არ დაუწუწუნია არც საკუთარი უბინაობისა და არც თავისი ჯანმრთელობის გამო. ტუღუშმა მხოლოდ ერთხელ მიანიშნა როლში შესულ მიხეილ სააკაშვილს, რომ მხოლოდ ის სურს, მის დაჭრილ თანამებრძოლებს თავდაცვის სამინისტრო პროთეზებით დაეხმაროს:

„ამ ბიჭების წაყვანა მინდა, რომ ელექტროპროთეზები გაუკეთონ. მე არ მადგება ეს პროთეზი, ბატონო პრეზიდენტო, რადგან მარცხენა ფეხი საერთოდ არ მაქვს და ძალიან რთული მდგომარეობაა. სხვა ყველა ივლის. რა ვიცი, ვიყავი, შევხვდი ამ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობასაც და დამპირდნენ, რომ გააკეთებენ“.