პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ თანამდებობის მოსალოდნელი დატოვების შესახებ ქართველ პოლიტიკოსებს (და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს) სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. ამასთან, ქართულ საზოგადოებაში მაინც არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში ქაოსი დაიწყება... გვესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:
- ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება და საფუძველი - როცა პოლიტიკური ცხოვრების წამყვანი ფიგურა ასპარეზს ტოვებს, ქაოსი შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ივანიშვილის ფსიქოლოგიური ფაქტორი, მისი გავლენა თავის პოლიტიკურ პარტიაზე იმდენად დიდია, მეეჭვება, რომ მან, თუნდაც სტრუქტურებიდან გარეთ მყოფმა, სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლოს. ასე რომ, ივანიშვილის პოლიტიკური სტრუქტურებიდან წასვლა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას სულაც არ ნიშნავს, რაც თვითონაც არაერთხელ აღნიშნა. მანვე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელს საზოგადოებრივ სექტორში გადასვლისა და მთავრობაზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების მიზნით ტოვებს. რაც შეეხება ამავე საკითხის მეორე მხარეს - რამდენად სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ქაოსი დაიწყოს? - ქაოსის დაწყების შესაძლებლობა არსებობს, ოღონდ, ჩემი აზრით, ამის ალბათობა მცირეა.
- ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ხომ არ იქნება შემთხვევითი ადამიანი, ვინც თავს ვერ გაართმევს თავის მოვალეობებს?
- რაც შეეხება პრემიერის საკითხს, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება. ვვარაუდობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პრემიერის სავარძელში აღმოჩნდება, შეინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტს ივანიშვილთან.
- ბატონო რამაზ, ბიძინა ივანიშვილის მსჯელობა ევრაზიულ კავშირში შესვლის თაობაზე მისმა ოპონენტებმა თითზე ხომ არ დაიხვიეს?
- გეთანხმებით, რომ ეს თითზე დახვეული თემაა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პრემიერი საკმაოდ ხშირად ამბობს ისეთ რამეს, რაც მერე თითზე დასახვევი ხდება და მისი ოპონენტები ადვილად იყენებენ. ის სიფრთხილე გამონათქვამებში, რომელიც პოლიტიკაში აუცილებელია, პრემიერს, როგორც გულახდილ და არადიპლომატიურ ურთიერთობებს შეჩვეულ ადამიანს მართლაც უქმნის დისკომფორტს. ასე რომ, მივიჩნიოთ ეს პრემიერის მორიგ არაპოლიტიკურ განაცხადად, მით უმეტეს, არანაირი აუცილებლობა ამის განცხადებისა არ იყო და ჩავთვალოთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ არაფრის გამო ატეხა ყიჟინა. არა მგონია, ეს აჟიოტაჟი ქართველ ამომრჩეველზე იყოს გათვლილი. ქართველ ამომრჩეველს რუსული თემა ისე არ აწუხებს, როგორც სააკაშვილს წარმოუდგენია. სააკაშვილის განცხადებები უფრო მეტად უცხოელ პარტნიო
რებზეა გათვლილი. ამ აჟიოტაჟის მთავარი მიზანიც ბიძინა ივანიშვილისთვის უცხოეთიდან დისკომფორტის შექმნაა. მგონი, ყველა მკაფიოდ ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ენერგიულად იბრძვიან უცხოელების თვალში დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ეს ალბათ "ნაციონალების" კიდევ ერთი შეცდომაა, ეგ კი არა, ეს ნაბიჯი შეიძლება ქვეყნის ღალატადაც შეფასდეს.