პუტინის კლანი: როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები - თბილისთან მოკლული იტალიელი ჟურნალისტიდან

პუტინის კლანი: როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები - თბილისთან მოკლული იტალიელი ჟურნალისტიდან "ვაგნერის" შეფამდე

„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ – ასე მესახებოდა 24 ივნისს შეიარაღებული აჯანყების შემდეგ "ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული მომავალი. მან თავის თავს განაჩენი გამოუტანა. პუტინი დამცირებას არავის და არასდროს პატიებს! ეს კარგად უნდა სცოდნოდა პრიგოჟინს. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, როდის და ხერხით იძიებდა პუტინი შურს.. . . . . .

სპეციალური აქციები - ასე ნიღბავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების, მოღალატეების ან, თუნდაც, უკვე ძალზე ბევრისმცოდნე კოლეგების ლიკვიდაციას. ეს პროცესი მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენა იყო, როგორიც მზის ამოსვლაა დილით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ომი იყო თუ მშვიდობა (ან როდის ყოფილა საბჭოთა კავშირში მშვიდობა, ის ხომ შინ და გარეთ ყოველთვის მტრებს ეძებდა, პოულობდა, ებრძოდა და განადგურებას ცდილობდა - ეს ყველა ტოტალიტარული რეჟიმის თვითგადარჩენის პარადიგმაა), ლიკვიდაციის სპეცოპერაციები ყოველთვის იგეგმებოდა და სრულდებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები ისე "დაოსტატდნენ" ადამიანების ლიკვიდაციის საქმეში, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, უცხოელი ექიმების) თითქმის ყოველთვის "თვითმკვლელობას", "გულის შეტევით გარდაცვალებას" ან უბედურ შემთხვევას აფიქსირებდა.

უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ოპონენტების და მისთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილების ყველა ხერხი მისაღებია, რასაც "წარმატებით" ასრულებენ. 1999 წლის 20 დეკემბერს, მოსკოვში "ჩეკისტის დღისადმი" მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე მაშინ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოსთქვა: ”ნება მომეცით მოგახსენოთ: ეფ-ეს-ბეს ოფიცრების ჯგუფი, რომლებიც მივლინებული იყვნენ მთავრობაში ფარულად სამუშაოდ, პირველ ეტაპზე თავიანთ ამოცანებს უმკლავდებიან ”. ვითომ ხუმრობით ნათქვამ ფრაზას დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

„ძველი ჩეკისტები“ სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მივიდა. ამ ვითომდა ხუმრობაში პუტინის მთელი მსოფლმხედველობა იმალება: ის იყო და დარჩა ერთი კომუნისტური სპეცსამსახურის ოფიცრად და ვერ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

მოდით ერთად გავიხსენოთ ისინი, ვისი ლიკვიდაციის საქმეც ბოლომდე მიიყვანა პუტინის ხელისუფლებამ. ცოტა შორიდან დავიწყებ.

პოლიტიკური მკვლელობისა და ტერაქტების ორგანიზების მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის ლიდერები იყვნენ და "ნოვატორული" იდეებით გამოირჩეოდნენ. რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და "წითელი ტერორის" დამაარსებლის - ფელიქს ძერჟინსკის აჩრდილზე ლოცულობს, "წარმატებით" აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იანი წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა. მაშინ დახურულ რეჟიმში იღებდნენ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტის და გაქცეული კა-გე-ბეს ან გე-ერ-უს თანამშრომლის ლიკვიდაციის საიდუმლო გადაწყვეტილებას. ასეთი იყო: კონოვალეცის, ტროცკის, კრივიცკის, მიხოელსის, ბანდერას, რებეტის, მარკოვის და სხვა გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები. ეს, რაც ცნობილია, ხოლო რამდენი ლიკვიდაცია "უბედური შემთხვევით" ან "თვითმკვლელობითაა" შენიღბული, ამას რა მოთვლის! ოცდაათი-ორმოცი წლის წინ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი სასიკვდილო განაჩენი (მაგ. საზღვარგარეთ გაქცეული საბჭოთა მზვერავების: რეზუნ-სუვოროვის და გორდიევსკის მიმართ) ახლაც შეუსრულებელია და რუსეთის ხელისუფლებისთვის დღესაც ძალაშია. არაა გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურები მზად არიან და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან. მანამდე კი "შინაური მტრები" ჰყავთ მისახედი.

პუტინის კარიერა მართლაც რომ გასაოცარია. 1998 წლის დასაწყისში საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო, ერთი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი გახდა - არაა სასწაული? არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიოს უახლესი ისტორია ყველაფერი ამგვარად რომ არ მომხდარიყო.

1998 წლის ივლისში პუტინი “თეთრ ცხენზე” ამხედრებული დაბრუნდა რუსეთის მთავარ სპეცსამსახურში, როცა პრეზიდენტმა ელცინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად დანიშნა. პუტინისთვის ეფ-ეს-ბე მეორე ოჯახია, უფრო ზუსტად – ერთადერთი ოჯახი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს.

ბოლო დღეებამდე რუსეთის დიქტატორი მხოლოდ ამ სპეცსამსახურს ენდობოდა, იმიტომ, რომ 1998 წლიდან მოყოლებული თავად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს და ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ მის მიერ შერჩეული ან მოწონებული კადრები ინიშნებიან. 1999 წლის 16 აგვისტოს თავის „მემკვიდრედ“ ნიკოლაი პატრუშევი დატოვა (რომელიც, არსებული ინფორმაციით , პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელ კორპუსების აფეთქებას), ხოლო 2008 წლის 12 მაისს ეფ–ეს–ბეს დირექტორად ასევე ლენინგრადელი ალექსანდრე ბორტნიკოვი დანიშნა (რომელიც, არსებული ინფორმაციით , პირადად ხელმძღვანელობდა ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკოს ლიკვიდაციი ოპერაციას).

ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მკვლელობები რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კი, "პოლიტიკურმა გენოციდმა" განსაკუთრებით დაუნდობელი სახე მიიღო და თითო-ოროლა, შემორჩენილი საღად მოაზროვნე, ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც თავის შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის საშიში ტენდენცია, რაც 2000 წლიდან რუსეთში შეიმჩნევა. კერძოდ კი, პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" და პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ან ყველაზე რეალური კონკურენტები, საიდუმლო და ძალზე უცნაურ ვითარებში იღუპებიან. "პოლიტიკური გენოციდის" მცირე ქრონიკა ამგვარია.

2000 წლის 9 მარტს საეჭვო ავიაკატასროფაში დაიღუპა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, გაზეთ "სოვერშენო სეკრეტნოს" მთავარი რედაქტორი არტიომ ბოროვიკი. ერთ-ერთი ვერსიით იგი იკვლევდა ახლად "დანიშნულ-არჩეული" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის დეტალებს, კერძოდ კი, მისი ბავშვობის ისტორიას.

თვითმფრინავ "იაკ-40"-მა მოსკოვში, აეროდრომ "შერემეტიევო-1"-დან აფრენისას განიცადა კატასტროფა და ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. ა. ბოროვიკი კიევში მიფრინავდა, სადაც, სავარაუდოდ, მისთვის საქართველოში გადაღებული პუტინის ბავშვობის ფოტოები უნდა გადაეცათ; 2000 წლის 16 ოქტომბერს თბილისთან ახლოს, გომბორის გზის პირას, მოკლული იპოვეს იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ აგროვებდა მასალებს.

2002 წლის 28 აპრილს ვერტმფრენის საეჭვო კატასტროფის შედეგად დაიღუპა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი, გენერალი ალექსანდრე ლებედი. იგი რუსეთში პუტინის ყველაზე რეალური პოლიტიკური კონკურენტი იყო.

2002 წლის 21 აგვისტოს დილის ცხრა საათზე, საკუთარი სახლის წინ მაყუჩიანი "ტე–ტე"-თი მოკლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია "ლიბერალური რუსეთის" თანათავმჯდომარე ვლადიმერ გოლოვლიოვი.

2003 წლის 17 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოს წინ მაყუჩიანი "მაკაროვით" მოკლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პარტია "ლიბერალური რუსეთის" დამაარსებელი, საბჭოთა არმიის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი იუშჩენკოვი.

სამი თვის შემდეგ, 2003 წლის 3 ივლისს, მოსკოვში ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა კიდევ ერთი საღად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი. მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად ინსულტი დასახელდა. იგი იყო რუსეთის იმპერიული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და უშიშარი კრიტიკოსი, რომელიც პუტინის პრეზიდენტობის პერიოდშიც აგრძელებდა სადეპუტატო და ჟურნალისტურ გამოძიებებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, 2003 წლის 19 ივლისს იური შჩეკოჩიხინი ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან შესახვედრად, რომელთაც მისთვის საიდუმლო დოკუმენტები უნდა გადაეცათ. რუსი ლიბერალი პოლიტიკოსის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად რადიოაქტიური ნივთიერება დიოქსინით ან მძიმე ლითონებით (ტალიით) მოწამვლა დასახელდა. 2003 წლის 23 ივნისს ის მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შჩეკოჩიხინს თანდათან გაუჩერდა ფილტვები, გაეთიშა თირკმელები და ათ დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმპტომები ძალზე წააგავდა რამდენიმე წლით ადრე ბანკირ ივანე კიველიდის "ნოვიჩოკით" მოწამვლის სიმპტომებს.

2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტში მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც პუტინის კრიტიკით ყოველთვის გამოირჩეოდა. ამ მკვლელობის ორგანიზებისა და შესრულების ბრალდებით რამდენიმე ჩეჩენი ეროვნების პირი გრძელვადიან სასჯელს იხდის. საინტერესოა, რომ 7 ოქტომბერი პუტინის დაბადების დღეა. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ორგანიზებული იყო და დაუღალავი ოპონენტის თავიდან მოცილებით მან ერთგვარი "საჩუქარი" მიუძღვნა "საყვარელ პრეზიდენტს".

2009 წლის 15 ივლისს გროზნოში მოიტაცეს და მოკლეს ცნობილი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა. 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. მის მკვლელობაში მსჯავრდებულებიც ჩეჩენი ეროვნების ყოფილი "ბოევიკები" არიან, რომლებიც წლების განმავლობაში რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფება "სევერში" ირიცხებოდნენ. ეს რომ უბრალო დამთხვევა არაა, მგონი, ყველასთვის ცხადია. რამზან კადიროვი პუტინის ყველა სურვილის "გამომცნობი" და შემსრულებელია. ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტმა იგი "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.

ბორის ნემცოვის მკვლელობის შემკვეთები და ორგანიზატორები რუსეთის სპეცსამსახურებს არც უძებნიათ და მხოლოდ სავარაუდო შემსრულებლები დააკავეს. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ეს მკვლელობა "აღიაროს" კიდეც, შემდეგ კი იგი ციხეში გარდაცვლილი იპოვონ. ეს რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა.

პუტინმა არ დაივიწყა ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილიც, შემდეგ რუსეთის სათათბიროს დეპუტატად მოვლენილი (?!), ანდრეი ლუგოვოიც, რომელმაც "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" მეორე ხარისხის ორდენი მიიღო. პირდაპირი მინიშნებაა: ორი "მოღალატის" მოცილება და ორი ორდენი! რუსეთის პრეზიდენტი ცინიკური მინიშნებებით ამას არც მალავს!

პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი დღესაც კვლავ „ჩეკისტურია“, ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პუტინის აზროვნების შეზღუდული არეალი მხოლოდ სპეცსამსახურების მეთოდებით შემოიფარგლება, ის განსაკუთრებით გასული საუკუნის 20-30 იანი წლების სისხლიანი რეპრესიების თაყვანისმცემელია. ისედაც ეჭვიანი პუტინი ახლა ათასჯერ უფრო მეტად ფრთხილობს. ვის ენდობა დღეს ყველაზე მეტად პუტინი? ჩემი აზრით, ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის კი უმთავრესი ფიგურა, ყოველთვის “ჩრდილში” მყოფი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია. 1998 წელს დაწინაურებულმა პუტინმა პატრუშევიც “ჩაიბა”, 1999 წლის 16 აგვისტოს, როდესაც ეფ-ეს-ბეს დირექტორი პუტინი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს, მან თავის “მემკვიდრედ” პატრუშევი დატოვა. ამის შემდეგ, ის პუტინის “დანაშაულებრივი კლანის” შეუცვლელი წევრი გახდა. ამჟამადაც, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი ნიკოლაი პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული “მებრძოლი” და მისი დავალებების შემსრულებელია. ის ცხრა წლის (1999-2008) მანძილზე ხელმძღვანელობდა ეფ-ეს-ბეს. შემდეგ კი, 2008 წლის 12 მაისს, რუსეთის ახალ“არჩეულმა” პრეზიდენტმა მედვედევმა, პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და ფაქტობრივად ყველა სპეცსამსახურის კურატორად დანიშნა. დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, რეალურად კი კვლავ რუსეთის დიქტატორის, პუტინის მიერ იყო მიღებული. მან თავისი ერთგული კაცი “ჩაუსვა” ახალ პრეზიდენტს, რათა მედვედევს თანამდებობა ძალზე არ გასტკბობოდა. პატრუშევი იყო და არის პუტინის ყველაზე საიდუმლო დავალებების შემსრულებელი. სავარაუდოდ მათ “დუეტს” ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. დღეს პატრუშევი იმ “სახელმწიფო-მაფიოზური კლანის” ერთ-ერთი მთავარი წევრია, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს და მას ევალება რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული კოორდინაცია. დამერწმუნეთ პატრუშევმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იცის, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ: ზოგჯერ თავად იქნებოდა ორგანიზატორი, ზოგჯერ კი თანამონაწილე. ამას შემდეგ ფაქტიც ადასტურებს.

2016 წლის 21 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სერ რობერტ ოუენმა ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიების შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოკლეს “რუსეთის ხელისუფლების აგენტებმა” ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმაო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რაც ოუენმა შემდეგ განაცხადა: ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, დაამტკიცეს პირადად ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაო..

პუტინი, როგორც „მაფიოზური კლანის“ ბოსი, მხოლოდ „საქმეში“ შემოწმებულ კადრებს ენდობა. სწორედ ერთობლივი დანაშაული აერთიანებს „მაზიოზურ კლანს“, სადაც ბრძანების შეუსრულებლობა ღალატად ითვლება და სასტიკად ისჯება. „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს როსტოვში შტაბის დაკავება, პრიგოჟინის თავხედობის და პუტინის დამცირების მწვერვალი იყო – ამგვარად მიიღო ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ. რუსეთის პრეზიდენტი შურისძიებას იმ დღიდან გეგმავს, რათა თავისი ძალაუფლების საჯარო დემონსტრირება მოახდინოს. თუ ავიაკატასტროფაში პრიგოჟინის დაღუპვა დადასტურდა, ეს იქნება პუტინის "პოლიტიკური გენოციდის" კიდევ ერთი შემთხვევა. ვინ იქნება შემდეგი?