საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლატვიის თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლატვიის თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ლატვიის თავდაცვის სამინისტროში. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის კოლეგას - ლატვიის შს მინისტრ რიჰარდ კოზლოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას. ასევე გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციის უფროს ინტს კიუზისთან. შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 28 სექტემბერს დასრულდება.