გამოკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ ამართლებს

გამოკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ ამართლებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“. კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია. კვლევის პრეზენტაცია სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება და მასზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.

NDI პოლიტიკურ რეიტინგებს 26 სექტემბერს გამოაქვეყნებს და როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მეტი კვლევის ჩატარებას არ აპირებს. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, თუმცა გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ ამართლებენ.

გამოკითხულთა 70% უკმაყოფილოა რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობით, მაშინ როდესაც რესპონდენტთა 73% დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი და 81% დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ეროვნული მნიშვნელობის საკითხებიდან სამუშაო ადგილები კვლავ პირველ ადგილს იკავებს გამოკითხულთა შორის. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ხელმისაწვდომი სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა. ასევე, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ იგივე პერიოდში კრიმინალის დონე ქვეყანაში იგივე დარჩა ან გაიზარდა. თუმცა, ორი ერთთან შეფარდებით, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს“, - აცხადებს NDI საქართველოს დირექტორი, ლუის ნავარო. 

მისივე თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ამართლებს პრემიერ მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე გადადგება, ასევე უმრავლესობას არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. თუმცა, რესპონდენტთან უმეტესობა მიესალმება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, აგრეთვე გამოკითხულთა უმეტესობა პოზიტიურად აფასებს მომავალ არჩევნებს.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ ამართლებს. გამოკითხულთა 18 % პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევს. კითხვაზე, იცით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალე გადადგება, რესპონდენტთა 91% პასუხობს, რომ იცის, 9%-ს კი ამის შესახებ არ სმენია.

NDI-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება სახელდება. მათ შესაბამისად გამოიკითხა 63, 35 და 29 % ასახელებს. როგორც ლუის ნავარომ ჟურნალისტებტან შეხვედრაზე აღნიშნა, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით მდგომარეობა არ შეცვლილა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-ს აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა. 45 % მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე იგივეა, 11%-ის აზრით - შემცირდა, 13%-მა კი - არ იცის. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, გამოკითხულთა 4 %-ის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილები გაიზარდა, 54%-ის აზრით ამ მხრივ ვითარება იგივეა, 32% კი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა, 10%-მა არ იცის რა ხდება.

გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის შემთხვევაში, მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდებოდა. აღნიშნულ მოსაზრებას გამოკითხულთა 22% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 33%-ის აზრით, ხელისუფლებაში საპარლამენტო ოპოზიციის ყოფნის შემთხვევაში, მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები საერთოდ არ განხორციელდებოდა. 3% კი, სრულიად დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის სასარგებლო ცვლილებებს განახორციელებდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 76% თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, 11% თვლის, რომ მიუღებელია, 13%-ს კი პასუხი არ იცის.