"კოდორის ხეობაში, მშობლიურ ჩხალთაში ორი თვე გავატარე. ხეობაში სოხუმიდან ავედი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მენატრებოდა ჩემი ხეობა. 2006 წლის ზაფხულში ჩემი სახლი მთლიანად გაანადგურა ჩვენმა ჯარმა - ირაკლი ოქრუაშვილმა ზედ დროშაც კი აღმართა, თითქოს რაღაც სტრატეგიული ობიექტი ყოფილიყო... ხალხი აღარ არის, ჩვენს სოფელში ოთხი ოჯახია, სხვა სოფლებშიც ასეა, მართალია, ხეობა ჩვენ აღარ გვეკუთვნის, მაგრამ იქ ისევ ჩვენები ცხოვრობენ - სხვა იქ არავინ შესულა. ყველას არ უშვებენ, იქ მოსახვედრად სპეციალური საშვია საჭირო. ხეობა კარგად არის დაცული - არავის აქვს უფლება იქ შევიდეს, ინადიროს ან ხე-ტყე მოჭრას. იქ მყოფი ქართველები თავს კარგად გრძნობენ, მათ არავინ ავიწროვებს. სტუმრის შესვლა არანაირი პრობლემა არ არის, ოღონდ ერთ თვეზე მეტი არ უნდა დარჩე - რეჟიმი სოჭის ოლიმპიადის გამო გაამკაცრეს", - აცხადებს ნორა კვიციანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნორა კვიციანი: "ოქრუაშვილმა უნდა აღიაროს, ვისი ბრძანებით მოგვიწყო პროვოკაცია!" / კოდორის მოსახლეობა თავდაცვის ყოფილ მინისტრს პასუხს სთხოვს.
"აქ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ხალხს აფხაზები ძალიან თბილად და პატივისცემით ეპყრობიან. ხეობაში ორ თვეს ვიყავი და წამოსვლა არ მინდოდა. რამდენ წელიწადს ვიყავი ამ სილამაზეს მოწყვეტილი. ციხეში რომ ვიყავი, სულ მეგონა, ჩემს ხეობას ვეღარ ვნახავდი. ეს იყო უფლის საჩუქარი ჩემთვის. მე უდანაშაულოდ ჩამსვეს ციხეში, არავისზე გაბოროტებული არ ვარ და ყველაფერი უფალს მივანდე. ახლა ვზივარ და სამართლის დადგომას ველოდები. მარტო პოლიტპატიმრის სტატუსს არ ვგულისხმობ - მე პოლიტპატიმრად საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ მაშინ მაღიარეს, როცა ციხეში ვიჯექი. უამრავი საშინელება გამოიარა ჩვენმა ოჯახმა. 2006 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ დაგვბომბა, სიკვდილს ვართ გადარჩენილი. ჩვენ ყველანი უკანონოდ ვიყავით დაპატიმრებული და პოლიტპატიმრის სტატუსი გვეკუთვნის. კარგად იცით, რომ ციხიდან ძალით გამომიყვანეს - 6 წელი და 4 თვე მქონდა მოხდილი, დარჩენილი იყო მხოლოდ 2 თვე. სუბარმა და ხელისუფლების სხვა წევრებმა დამარწმუნეს, რომ უნდა გამოვსულიყავი - არ უნდა დამეჯერებინა და ამნისტია შემეხებოდა, პარლამენტიც პოლიტპატიმრის სტატუსს მომცემდა. ახლა მინდა, ჩემი საქმე პროკურატურამ შეისწავლოს", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან სასაუბრისას ნორა კვიციანი.
"ხალხმა ხომ უნდა გაიგოს, რისთვის დაიჭირეს სინამდვილეში ნორა კვიციანი? დამიჭირეს იმიტომ, რომ კოდორის ჩაბარების ნებას არ მივცემდი. როცა ჩვენი ჯარი იქ შემოვიდა, მე ვუთხარი, რომ ისინი იქ ხეობის ჩასაბარებლად იყვნენ შემოსული. ისინი იქ რუსების ნებართვით შემოვიდნენ. რუსებთან რომ არ ყოფილიყვნენ შეთანხმებული, ხეობაში ფეხს ვერ შემოადგამდნენ. მაშინ იქ სამშვიდობო ჯარი იდგა და ისინი არ გამოატარებდნენ. რაკი გამოატარეს, რაღაცაში იყო საქმე. დღემდე ისიც ვერ ამიხსნია, რატომ გაგვწირეს ასე. გაუფრთხილებლად დაიწყო ჩვენი დაბომბვა. თავიდან მეგონა რუსები გვბომბავდნენ, რას წარმოვიდგენდი, რომ ამას ქართველები აკეთებდნენ. 2008 წელს აფხაზები ისე შემოვიდნენ, არავინ დაჭრილა, ჩვენებმა კი ადამიანი იმსხვერპლეს - ორი შვილის დედა რუსიკო გუგუსიანი შეეწირა ამ დაბომბვას, რომლის მეუღლე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"აფხაზებმა გადამირჩინეს ოჯახი, მით უმეტეს იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ჩემი ოჯახი იბრძოდა ყველაზე აქტიურად. ამის მიუხედავად, ჩემი შვილი და რძალი აფხაზებმა გადაარჩინეს. აფხაზებმა მერე გვითხრეს, ჩვენ ასი წელი ხეობაში შემომსვლელი აღარ ვიყავით, საქართველოს ხელისუფლებას რომ არ დაეწყო ეს პროვოკაციაო - აფხაზებმა და რუსებმა რამდენჯერმე სცადეს ხეობის შტურმი, როცა არაფერი გამოუვიდათ, თავი დაგვანებეს! სააკაშვილის ხელისუფლებამ და მათმა პატრონებმა კარგად იცოდნენ, რომ სანამ კოდორი მათი არ იქნებოდა, აფხაზეთის აღიარება არ მოხდებოდა. ამიტომ ყველაფერი გააკეთეს ხეობის გადასაცემად. ამ მიზნით ჩემი ოჯახიც გაწირეს. ღმერთმა არ გაგვწირა. საქართველოს დაცვაში გაწეული წვლილისთვის დაჯილდოებულიც ვარ და კაპიტნის წოდებაც მომცეს. ნაციონალებმა კი 6 წლით და 6 თვით ციხეში ჩამსვეს, თავიდან 18 წელს ითხოვდნენ, მაგრამ დანაშაული ვერ დამიმტკიცეს", - დასძენს ნორა კვიციანი.
"ემზარის საქმე მართლა გაუგებარია. ძალიან მიკვირს, რატომ არავინ ინტერესდება ამ საქმით. ეტყობა ვიღაცას ეშინია, ემზარმა რამე ისეთი არ თქვას - ამიტომ არ აძლევენ მას პოლიტდევნილის სტატუსს. მას რუსეთის დატოვების უფლებაც არ აქვს - რატომღაც ასეთი საბუთი მისცეს. ესეც იმის დასტურია, რომ 2006 წლის პროვოკაცია რუსებმა და სააკაშვილმა ერთად დაგეგმეს... მის ცოლ-შვილსაც პრობლემა შეუქმნეს, საკუთარ სახლში შესვლას ვერ ახერხებდნენ, სახლი დალუქული იყო. ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ ამაზე გადაცემა გააკეთა და შსს-მ ჩემი რძალი და სამი ბავშვი სახლში შეუშვა. ამისთვის ირაკლი ღარიბაშვილსაც მინდა მადლობა ვუთხრა. მართლა მიკვირს, რატომ არ აინტერესებს ამ ხალხს კოდორის ამბების გამოძიება. ხომ უნდა გაარკვიონ, რატომ გააკეთა ემზარმა ის, რაც გააკეთა", - აცხადებს ნორა კვიციანი და შეკითხვას - "მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღემდე ბოლომდე არ ვიცით, რატომ მოაწყო თქვენმა ძმამ 2006 წლის ივლისში ე.წ. ამბოხება...?" - პასუხობს:
"იმ პერიოდში დედის ორმოცისთვის ვემზადებოდით. ემზარი მოულოდნელად ამოვიდა ხეობაში, ცუდ ხასიათზე იყო და აგრესიულად იქცეოდა. ვკითხე, რას შვრები-მეთქი - მე ვიცი, რასაც ვშვრები, ესენი ხეობის ჩაბარებას აპირებენ და ცოცხალი თავით არ დავთმობო. მერე გაუწია წინააღმდეგობაც და მოხდა ის უბედურება, რაც ყველამ ვნახეთ. ემზარს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააწვეთეს, რომ ვიღაცები ხეობის ჩაბარებას აპირებდნენ. უთხრეს, შედი, წინააღმდეგობა გაუწიე და ჩვენც დაგეხმარებითო. ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია, ამაზე ალბათ, ემზარი თავად ისაუბრებს, მას ხეობის ჩაბარებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.... კოდორის ხეობა 2008 წელს კი არა, 2005 წელს ჩააბარეს რუსებს, როცა ირაკლი ოქრუაშვილმა ადგილობრივების ბატალიონი "მონადირე" გააუქმა. ეს ადამიანი დღეს პატიმარი არ არის, გამოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი - რატომ გააუქმა "მონადირე", რატომ შემოიყვანა ჯარი ხეობაში, რატომ დაბომბა ხეობა. თუ სააკაშვილის ბრძანებით გააკეთა, თქვას... ხმები მომივიდა, რომ თითქოს ნანობს, რაც კოდორში გააკეთა... ბოდიში, საკმარისი არ არის, ამით ხეობას ვერ დავიბრუნებთ. თუ მართლა უნდა მონანიება, მაშინ გამოვიდეს და სიმართლე თქვას"!