საქართველოსა და ისრაელს შორის სრულიად ახალი ეკონომიკური ურთიერთობა იწყება

საქართველოსა და ისრაელს შორის სრულიად ახალი ეკონომიკური ურთიერთობა იწყება

საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება. პოლიტიკურთან ერთად, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც ძალიან ბევრ სფეროს და დარგს შეეხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს.

„მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მნიშვნელოვანი ვიზიტის შეფასებისას ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამაც დაადასტურა, რომ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მომავალ წელს დაიწყება. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყეს. ელჩმა კონკრეტული საკითხებს არ დაასახელა, მაგრამ სამი მიმართულება გამოყო, რა კუთხითაც საქართველო სარგებელს მიიღებს, ესენია: ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ტურიზმის სექტორში ურთიერთობის გაძლიერება და ისრაელიდან ინვესტიციების შემოდინება.

სხვათა შორის, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადმაც გადაცემაში „ანალიტიკა“ რამდენიმე კვირის წინ აღნიშნა, რომ 2024 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაწყებას უნდა ველოდოთ. აღნიშნული შეთანხმების მიზანს, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება წარმოადგენს.

ამ ეტაპზე კი ისრაელი საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არ შედის. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 38,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს (31,3 მლნ აშშ დოლარი) დაახლოებით 7 მლნ აშშ დოლარით უსწრებს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 17,9 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც დაახლოებით 9.3 მლნ აშშ დოლარი მოდის ექსპორტზე, დანარჩენი კი (8.5 მლნ აშშ დოლარი) იმპორტზე. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში ისრაელი-საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებლები იმპორტისას უსწრებს.

შედარებით უკეთესი ვითარებაა ინვესტიციებთან დაკავშირებით. ისრაელიდან საქართველოში 2022 წელს 35.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 31.5%-ით მეტია და 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ისრაელიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან მოცულობაში 1.7% იყო.

ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ტურიზმი ყველაზე კარგ პოზიციაზეა. კერძოდ, ისრაელი საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების მიხედვით ტოპ-ხუთეულშია. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში, ჯამში ისრაელიდან საქართველოს 106,530 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია, ხოლო თუ 2023 წლის მონაცემს პანდემიამდელ 2019 წელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მატება 38.1%-ია. ამასთან, ცნობილია, რომ ისრაელელი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები არიან. მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში ისრაელი ვიზიტორების დანახარჯების მიხედვით 32.2 მლნ დოლარით მეოთხე ადგილს იკავებდა.