"აფხაზეთის დექართველიზაციის მორიგ მცდელობას ხელი არ უნდა შევუწყოთ და რაღაცებზე თვალი უნდა დავხუჭოთ"

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე `ჯი-ეიჩ-ენისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დექართველიზაციის მცდელობას უწოდებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრები ქართველი ეროვნების მოსახლეობისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შესახებ. ე.წ. აფხაზური პასპორტი კი ბოლო მონაცემებით, იქ მცხოვრებ დაახლოებით 25 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს აქვს.
- ბ-ნო, მამუკა, როგორ შეაფასებდით სეპარატისტული ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. აფხაზურ პასპორტებთან დაკავშირებით და ამის გამო კიდევ უფრო გაურთულდებათ თუ არა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს?

- დიახ, როგორ არ გაურთულდებათ. მე ვიტყოდი, ეს არის დისკრიმინაციული, აპარტეიდული გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება შეფუთულია და ამ შეფუთვაში არჩეულია ასეთი ფორმა - ორმაგი მოქალაქე შეიძლება იყო მხოლოდ რუსეთთან. მოქალაქეებს კი, რომლებსაც აქვთ საქართველოსა და აფხაზეთის პასპორტები, მათ ყველას უნდა ჩამოერთვათ აფხაზური პასპორტები და დარჩეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა, რა თქმა უნდა, ვისაც უნდათ. ხოლო ვისაც არ უნდათ, მათ უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე.

ეს არის ერთგვარი მეთოდი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გამოდევნონ აფხაზეთიდან.

რასაკვირველია, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ, თუ აფხაზეთში ცხოვრება უნდათ, შეინარჩუნონ თავიანთი ქართველობა, ოღონდ ქართული პასპორტის გარეშე. მე ეს ლოგიკა მესმის, რომ არ ვიცოდე, რაზეა ორიენტირებული, მაშინ გავიგებდი ამას.

- და რაზეა მათი ძირითადი ორიენტირი?

- ძირითადი ორიენტირი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი წამოვიდეს აფხაზეთიდან. დღეს აფხაზური ინტელიგენციის ერთ ნაწილს და დეპუტატთა დიდ ნაწილსაც ტვინში აქვთ ჩადებული ჯერ კიდევ, რომ ქართველები არიან მათი მთავარი უბედურება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით ისინი რუსეთთან უკვე კარგა ხანია აგებენ და ეს პროცესი გაგრძელდება და იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან აფხაზები, რაშიც იყვნენ 90-იანი წლების დასაწყისში.

მასშტაბური დამოუკიდებლობის მიღების სურვილი მათი მხრიდან ისიც არის, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ შემთხვევაში, თუ მათ მიიღეს საერთაშორისო აღიარება, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით ისინი ასეთი ნაბიჯების გადადგმას ვერ შეძლებენ.

ვერ შეძლებენ ასევე იმ კონსტიტუციის შენარჩუნებას, რომელიც მათ დღეს აქვთ, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ აფხაზი და ხელმძღვანელი მუშაკებიც მხოლოდ აფხაზები. პრეზიდენტის შესახებ ეს კონსტიტუციაში წერია, ხელმძღვანელ მუშაკებზე - არა, მაგრამ ეს არის ნორმა.

ასე რომ, ახლა აფხაზები ცდილობენ, საერთაშორისო აღიარებამდე მივიდნენ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გამოდევნონ აფხაზეთიდან და ზოგადად, ქართველების რიცხვი შეამცირონ აფხაზეთში. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, ჩვენ მართლაც მივიღოთ აფხაზეთში ჯერ კიდევ მცხოვრები ქართველების კიდევ ერთი ნაკადი? წამოვა ხალხი იქიდან?

- რაღაც ნაწილი წამოვა, ალბათ. ამასთანავე, ვისაც ქართული პასპორტი არ ექნება და ექნება მხოლოდ აფხაზური, იმ ქართველებს შეიძლება აქაც შეექმნათ პრობლემა და აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ამ ნაბიჯს გადადგამს.

მე რას ვლაპარაკობ _ შეიძლება ყველა ქართველმა ჩააბაროს ქართული პასპორტი და დაიტოვოს მხოლოდ აფხაზური, ვინც იქ ცხოვრობს. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. აქ ხომ არ არის სამართლის ნორმაზე ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, იმათ რა აქვთ ჩაფიქრებული. ამაშია საქმე, თორემ ყველა ქართველმა შეიძლება ჩააბაროს პასპორტი და დარჩნენ ისევ აფხაზეთში.

მხოლოდ პასპორტის ჩაბარებაზე არ არის საუბარი. მათ ოფიციალური დოკუმენტი სჭირდებათ, რომ იქაური ქართველების უარის თქმას საქართველოს მოქალაქეობაზე ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება...

- ვიმეორებ, რომ შეიძლება ვიღაცამ მიიტანოს საბუთები ზუგდიდის საჯარო რეესტრიდან, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, შეიძლება ყველამ მიიტანოს. მე ქართველების საქციელის მომავალ ქმედებაზე განსჯას არ დავიწყებ, მე დავიწყებ ლაპარაკს იმაზე, რაც მათ აქვთ ჩაფიქრებული. ეს არის მთავარი, თორემ იქ ქართველი როგორ მოიქცევა, ეს სულ სხვა საკითხია.

- პასპორტების საკითხით სეპარატისტები მუდმივად აპელირებდნენ, მაგრამ მან გადაწყვეტა მხოლოდ ახლა ჰპოვა. რატომ?
- უკვე სამი, ოთხი წელია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სულ მიმდინარეობს რაულ ხაჯიმბასა და მისი მომხრეების ბრძოლა, რომ ქართველებისთვის შეწყვეტილიყო პასპორტების გაცემა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, უკანონოდ ცნობილიყო ის პასპორტები, რაც გაიცა. ეს არის ხაჯიმბას პოლიტიკური გუნდის, ასე ვთქვათ, ძირითადი პოლიტიკური გზავნილი საზოგადოების მიმართ.

ხაჯიმბამ თავისი პოლიტიკური გუნდის ქმედებები აფხაზური საზოგადოების პატრიოტულ ნოტებზე ააწყო. მისი მთავარი გზავნილი ეს იყო და მიაღწია კიდეც თავისას.
მან მოახერხა ინტელიგენციის ნაწილის გადაბირება, როგორიც არის, მაგალითად, ენიკი და ზოგიერთი სხვა, და დეპუტატების გადაბირება, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინწინ წინააღმდეგნი იყვნენ ამ კანონის მიღების. მოკლედ, ხაჯიმბამ თავისი გაიტანა.

საფარბეი მიქანბა, აფხაზეთის გენპროკურორი წინააღმდეგია ამ კანონის მიღებისა, მაგრამ ახლა არ გაუვიდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ანქვაბის რეჟიმის დასუსტებამ გამოიწვია ხაჯიმბას გაძლიერება და ხაჯიმბა სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკური ნაბიჯებით ცდილობს, გააძლიეროს თავისი მდგომარეობა.

- რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში საქართველომ? როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ?

- ვიცი, რომ ამას მოჰყვება წივილ-კივილი და უბედურება, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული ელემენტი და ქართველი ხალხი შევინარჩუნოთ იქ, რბილად რომ ვთქვა, შეიძლება ზოგიერთ რამეზე თვალი დავხუჭოთ, იმიტომ რომ ჩვენ დევნილთა ახალი ნაკადი ახლა ნამდვილად არ გვჭირდება და იმიტომ არ გვჭირდება, რომ აფხაზეთის დექართველიზაცია გამოიწვევს სამუდამოდ ხელის ჩაქნევას ამ რეგიონზე.

მე ამ შემთხვევაში აფხაზეთის დაბრუნება-არდაბრუნებაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ იმ ადამიანების კანონიერ უფლებაზე ყველანაირი საერთაშორისო ნორმით, რომლებიც იქ ცხოვრობენ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ გაეროს რამდენიმე რეზოლუცია არსებობს იქ დევნილთა დაბრუნების. აფხაზეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა სულ მაგით ტრაბახობდა _ დევნილები დავაბრუნეთო, სულ ეს არგუმენტი მოჰყავდათ. დევნილების დაბრუნების პროცესად ითვლებოდა გალის რაიონში ქართველების დაბრუნება. ამ კანონით კი ისინი უარს ეუბნებიან იქაურ ქართველებს იქ ცხოვრებაზე. ჩვენ კი მათ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.