"სააკაშვილმა როცა დაინახა, რომ მის თანაგუნდელებს ყველა დანაშაული შერჩათ, სხვა ენით ალაპარაკდა".

"ხელისუფლებამ თავის დროზე არასწორი გზა აირჩია, ჩათვალა, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულსა და თუნდაც დღევანდელი საბოტაჟის ფაქტებზე თვალის დახუჭვა დადებით შედეგს მოუტანდა. მიკვირს, რატომ უნდა იჯდეს ციხეში პურის ქურდი, რომელსაც დანაშაულისკენ შიმშილმა უბიძგა და ამ დროს მილიონების ქურდი ტელევიზორიდან ჭკუას გვარიგებდეს", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლებამ თავის დროზე არასწორი გზა აირჩია"/ "სააკაშვილმა როცა დაინახა, რომ მის თანაგუნდელებს ყველა დანაშაული შერჩათ, სხვა ენით ალაპარაკდა".

"შეგახსენებთ, რომ შსს-შიც, სპეცსამსახურებშიც, პროკურატურაში თუ თავდაცვის სამინისტროში ისევ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ხისტ სისტემას ქმნიდნენ. ზემოხსენებულ სტრუქტურებში ისევ ის გამომძიებლები მუშაობენ, რომელთაც აღიარებითი ჩვენების მისაღებად მხოლოდ ერთი მეთოდი ჰქონდათ - წამება. თან დაჩვეულები იყვნენ, რომ სასამართლოში ცარიელი ფურცელიც რომ მიეტანათ, მოსამართლე მათ მიერ დაკავებულ ადამიანს პატიმრობას შეუფარდებდა. შესაბამისად, დღეს ამ გამომძიებლებს თუ სხვა ჩინოსნებს უჭირთ კონკრეტული დანაშაულის გახსნა, წყაროებზე გასვლა. მეორეც - შსს-ში, პროკურატურასა თუ სპეცსამსახურებში დასაქმებული ბევრი ადამიანი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სამეგობროს წარმოადგენს. დღეს რომ ისინი ერთად რესტორნებში არ დადიან, არ ნიშნავს, რომ კავშირი არ აქვთ. ამას ემატება იძულებითი კოაბიტაცია და უკვე გასაგებია, რატომ ჭიანურდება იმ დანაშაულების გამოძიება, რომელთა უკან სავარაუდოდ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისად კახი კახიშვილი.

"მიკვირს მარგველაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებები, რომ კოაბიტაცია დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - დღეს რა უშლით ხელს, რომ დაასრულონ იძულებითი კოაბიტაცია?! მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მათ ხელს ვერ შეუშლის, ვინაიდან თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია და ლამის ყოველდღე ისტერიკა ემართება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ კოაბიტაცია თავს მოხვეულია როგორც დასავლეთის მხრიდან, ისე "ქართული ოცნების" შიდა გუნდიდანაც - ალბათ, თავის დროზე პრემიერი დაარწმუნეს, რომ ეს გზა ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანდა. შესაძლოა, დღეს მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და ალბათ, ამიტომაც აკეთებენ აქცენტს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე. ვიმედოვნებ, ეს განცხადებები შეუსრულებელ დაპირებებად არ დარჩება", - მიიჩნევს ექსპერტი

"ზოგიერთი სამართლიანობის აღდგენას რატომღაც უკავშირებს ადამიანების ციხეში ჩასმას იმის წარმოსაჩენად, რომ ქართველი ხალხი სისხლისმსმელია და ადამიანების დაპატიმრებაში ხედავს სიცოცხლის აზრს. არა, ხალხი შელახული უფლებების აღდგენას, წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებას ითხოვს. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც 9 წელი უყურებს, როგორ ცხოვრობს მის სახლში მისი დამტერორებელი. ისიც წარმოიდგინეთ, რას განიცდის ეს ადამიანი, რომელსაც არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი მიეცა და ხედავს, ზემოხსენებულ სახლში მის დამტერორებელს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ სტუმრობენ. უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ამ ფაქტორს უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ, თორემ მომხრეებს დაკარგავს. პარლამენტმა ძალიან ბევრი ადამიანი აღიარა პოლიტპატიმრად, თუმცა ვინც ეს ხალხი ციხეში ჩასვა, არ დაუსჯიათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ კორუფციაზე, თუმცა უმაღლესი კორუფციის ფაქტების გამო ასევე არავის უგია პასუხი", - განაგრძობს კახი კახიშვილი.

"ვლაპარაკობთ ბიზნესმონოპოლიებზე, თუმცა არც ამ მხრივ გადადგმულა ნაბიჯები. სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი შოკისმომგვრელი მასალის საქმეზე დაკავებული არიან მხოლოდ უშუალო შემსრულებლები და სხვას არავის უგია პასუხი _ არც ზუგდიდის პოლიციის უფროსს, არც საოლქო პროკურორს, არც კუდ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელს და არც იმ მოსამართლეს, რომელმაც ძალადობის მსხვერპლთ სასჯელი შეუფარდა. ვაფრთხილებ ხელისუფლებას - ეს ხალხის გაღიზიანებას იწვევს და ყველაფერი დასრულდება პროტესტით. თუ სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო, მხოლოდ დროის ამბავი იქნება, ეს პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ იფეთქებს თუ ერთი წლის შემდეგ", - დასძენს რესპონდენტი.

"თუ ივანიშვილი პროცესებს არ გაერიდა, საზოგადოებრივ ასპარეზზე გადაინაცვლა და პირველ რიგში თავისი ავტორიტეტით შეუწყო ხელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მისი გადაწყვეტილება მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დღეს კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც, რომ არა ივანიშვილი, ერთად არასოდეს დასხდებოდნენ. პრემიერის წასვლის შემდეგ კოალიციიდან გარკვეული პოლიტიკური ძალები უკვე ღიად გამოვლენ. ამას დაემატება ისიც, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას კოალიციის ყველა სუბიექტი კმაყოფილი ვერ იქნება - ზოგიერთი ჩათვლის, რომ უფრო მეტ "კვოტას"იმსახურებდა, რაც კრიზისს გააღრმავებს. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა მთავრობის საჯარო კრიტიკა დაიწყოს. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, რომლის ჯეროვნად ჩატარება უნდა გააკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოებამ, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ივანიშვილი იქნება. ვიმედოვნებ, რომ მივიღებთ ისეთ პარლამენტს, რომელიც ადეკვატურად ასახავს პოლიტიკურ ძალთა განლაგებას", აცხადებს კახი კახიშვილი და შეკითხვას - "ეს რყევები ქვეყანას არ დააზარალებს?" - პასუხობს:

"უარყოფით შედეგებს არ გამოიწვევს, თუ საკვანძო უწყებებში, ვთქვათ, თავდაცვაში, შსს-სა და პროკურატურაში მყოფი ფიგურები არ იქნებიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგებიან. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს სამართლიანობის აღდგენის თემა. დააკვირდით, როგორ შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის უფრო თავაზიანი იყო, მაგრამ როცა დაინახა, რომ მის თანაგუნდელებს ყველა დანაშაული შერჩათ, სხვა ენით ელაპარაკება თავის მოსახლეობას. დღეს სააკაშვილის მთავარი "გზავნილებია" მთავრობის უუნარობა და მინიშნებები იმაზე, რომ მისი ხელისუფლება უფრო ორგანიზებული იყო. ამავე საკითხებზე გააკეთებს აქცენტს სააკაშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ იქნება. სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოსახლეობას ნელ-ნელა დაავიწყდება, რა ხდებოდა "ნაციონალების" დროს და მისი ელექტორატი გაიზრდება. თუმცა, არა მგონია, ამ იმედს რაიმე საფუძველი ჰქონდეს".