ჩხუბი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის

ჩხუბი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის

აზერბაიჯანი, ისევე როგორც საქართველო, საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. თუმცა კენჭისყრა იქ უფრო ადრე გაიმართება, 9 ოქტომბერს, და, როგორც ჩანს, კანდიდატებს შორის უფრო ცხარე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ხუთშაბათს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტობის კანდიდატების მონაწილეობით გამართული ტელედებატების დროს.

აზერბაიჯანში 19 სექტემბერს მეორე ტელედებატი ჩატარდა პრეზიდენტობის კანდიდატების მონაწილეობით. ის, ალბათ, განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრდება ამომრჩეველს, რადგან დებატები შეხლა-შემოხლამ შეწყვიტა: პრეზიდენტობის დამსწრე ცხრა კანდიდატიდან ერთ-ერთმა, ჰაფიზ ჰასიევმა, წყლის ბოთლი ესროლა ოპოზიციონერ კონკურენტს.

ჰასიევი უკმაყოფილებას ჯერ ჟესტებით გამოხატავდა - რამდენჯერმე დაარტყა მუშტი მაგიდას, მუშტი მოუღერა ოპონენტს, რომლის გამოსვლაც, აშკარად, სულ უფრო აღიზიანებდა. ეს ოპონენტი - წამყვანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჯამილ ჰასანლი - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობას აკრიტიკებდა გავრცელებული კორუფციის გამო.

„მმართველ „ახალი აზერბაიჯანის პარტიას“ კოჭებამდე მისწვდა კორუფცია, ილჰამ ალიევის მთავრობას - მუხლებამდე, ხოლო თვითონ ილჰამ ალიევი ყელამდეა ჩაფლული კორუფციაში. სირცხვილი თქვენ!“ - პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ამ შეფასების შემდეგ მოხდა ის, რომ ჰაფიზ ჰასიევმა, რომელიც „თანამედროვე მუსავათის“ პარტიის წარმომადგენელია, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლა მაგიდასთან, მის მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ჯამილ ჰასანლის. საბედნიეროდ, უხეიროდ ესროლა, რადგან ბოთლი მაგიდას მოხვდა და ჰასანლი არ დაშავებულა. ბოთლის მსროლელი უმალვე გაიყვანეს სატელევიზიო სტუდიიდან, დაცვის თანხლებით.

ჯამილ ჰასანლის ბევრი მიიჩნევს ოპოზიციის ერთადერთ კანდიდატად, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერის მოპოვების შანსი აქვს 9 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მთავრობის მომხრე კანდიდატების კონკურენტს.

ჰასიევთან დაპირისპირების ზემოთ აღწერილი ეპიზოდის შემდეგ, ოპოზიციონერმა კანდიდატმა კამათი უკვე დებატების წამყვანთან გააგრძელა: მოითხოვა დამატებითი დრო, რახან მისთვის განკუთვნილი ექვსი წუთი შეხლა-შემოხლის გამო სათანადოდ ვერ გამოიყენა საკუთარ პროგრამაზე სასაუბროდ.

მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, განერვიულებული ჯამილ ჰასანლი ადგა და სტუდია დატოვა. მას შეუერთდა კიდევ ორი კანდიდატი, რომელთაც უკვე გამოყენებული ჰქონდათ საკუთარ პროგრამაზე სასაუბროდ განკუთვნილი დრო. ასე რომ, წინასაარჩევნო დებატების 10 მონაწილიდან სტუდიაში ბოლოს ექვსი დარჩა, დებატების წამყვანთან ერთად.

არც ათეულში ყოფილა და, შესაბამისად, არც დარჩენილებს შორის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანელებს მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ კანდიდატურას. დებატებს დაესწრო ილჰამ ალიევის წარმომადგენელი, რომელმაც, პრეზიდენტის დავალებით, წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა.