ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მოსალოდნელ ინფლაციას უფრთხიან. ამის მცირე ნიშნები უკვე გამოიკვეთა, რაც პირველ რიგში, უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების საგრძნობ და ზოგიერთი ტიპის სურსათის (შაქარი, ბრინჯი) მკვეთრ გაძვირებას. ამიტომ ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინი გაუარესებულია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინისა და ეკონომიკური აქტივობის ივლისის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციური მოლოდინი გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობენ. იმავდროულად, ივლისში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ მოსალოდნელი ფასების ზრდა 2-4%-თან ახლოს დააფიქსირეს.
ამის საპირისპიროდ, დაიკლო იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0-თან ახლოს ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე, მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6-8%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0-2%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია. მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 20%-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 0-10%-იან ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით მცირედით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის მოსაზრებას ეთანხმებიან კერძო მკვლევარებიც. იმის მიუხედავად, რომ 2023 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 13%-მა გაზარდა სარეალიზაციო ფასი, III კვარტალში კომპანიათა 15% ვარაუდობს ფასების ზრდას.
PMCG-ის მაკრო მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას.
გაძვირების დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან არც ერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია ფასი თავიანთ პროდუქციაზე 2023 წლის II კვარტალში.
„2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატი 3.8 ქულით გაუმჯობესდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა 4.0 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 3.6 ქულით.
2023 წლის II კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. 2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში გაუარესდა“, - ნათვაქმია მიმოხილვაში.