თითქმის ორი თვეა, რაც საწვავი მუდმივად ძვირდება მსოფლიო ბაზარზე და ტრენდი საქართველოზეც აისახება. მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება. ამ დროის მონაცემებით, ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის საწვავმა 88 დოლარს მიაღწია, ხოლო ამერიკული „ლაითი“ 85 დოლარი ღირს. გაძვირებას ელიან საქართველოშიც. ბენზინი და დიზელი მალე 10-15 თეთრით გაძვირდება. არასახარბიელოა სამომავლო პროგნოზიც.
მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. მათ შორის არის ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის მონაცემები ამერიკის ნავთობის მარაგების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგები გასულ კვირას გაიზარდა 4,067 მილიონი ბარელით, ის მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
გარდა ამისა, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სერიოზული ბრძოლა გაიმართა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებასა და საუდის არაბეთიდან მიწოდების შემცირებას შორის. ნავთობის ფასის ზრდაზე გავლენა იქონია ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მოხსენებამ, რომელმაც 2023 წლის „ბრენტის“ საშუალო ფასის პროგნოზი 83 დოლარიდან 86 დოლარამდე გაზარდა. 2024 წლის პროგნოზი კი 84 დოლარიდან 86 დოლარამდე გაიზარდა.
„ჩვენ ველით, რომ წარმოების შემცირება მოთხოვნის ზრდასთან ერთად გამოიწვევს ნავთობის გლობალური მარაგების შემცირებას და ნავთობის ფასებზე ზეწოლას, ამ წლის ბოლომდე. „ბრენტის“ საშუალო ფასი, 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება 86 დოლარი ბარელზე, ნოემბერსა და დეკემბერში ის მიაღწევს 88 დოლარს ბარელზე და ამ დონესთან ახლოს დარჩება 2024 წლის პირველ კვარტალში“, - წერია განცხადებაში.
ნავთობის ფასები იზრდება საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან შემცირებული მიწოდების ფონზეც. საუდის არაბეთმა 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ სექტემბრისთვის გაახანგრძლივებს მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას 1 მილიონი ბარელით დღეში. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ასევე გააგრძელებს ნაკლები ნავთობის ექსპორტს სექტემბერში.
როგორია საფასო ტენდენცია და უნდა ელოდეს თუ არა მომხმარებელი საწვავის კიდევ მეტად გაძვირებას საქართველოში? „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ ის, რაც ხდება დანარჩენ მსოფლიოში ან რუსულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენთანაც.
„გაძვირებული ფასებით როცა შემოდის პროდუქტი ბაზარზე, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ხდება ცვლილება. აქედან გამომდინარე, ფასის მატებაც. ამ ეტაპზე ფასის ზრდა ნაწილობრივ ასახულია, სრულ ასახვას კი ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, რადგან ბოლო პერიოდი ფასების მუდმივი აღმავალი ტრენდია.
რაც შეეხება რუსული ბაზრის ფასებს, ბოლო 1 თვეში 100 დოლარზე ცოტა მეტით არის გაზრდილი 1 ტონა საწვავზეზე. საცალო ფასებში რომ გადავიყვანოთ, 25-30 თეთრით არის გაზრდილი 1 ლიტრზე თვითღირებულება. ამას შემდეგ ემატება დისტრიბუცია და ა.შ. როცა ასეთი, გაძვირებული პროდუქტი შემოდის ბაზარზე, კომპანიებსაც უძვირდებათ პროდუქცია და გასაყიდი ფასიც მეტია.
ძალიან არასერიოზული იქნება, თუ ახლა ვინმე იტყვის, ზუსტად რამდენით გაიზრდება ფასი, ან როგორი იქნება უახლოეს მომავალში ზუსტი სარეალიზაციო ღირებულება, თუმცა აგვისტო-სექტემბერში, როგორც წესი, საწვავი ძვირდება და ახლაც, ამ ტენდენციას ვადევნებთ თვალს“, - აღნიშნა იაკობიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
მსგავს ტენდენციას ადასტურებს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელიაც, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ აგვისტოში საწვავი, დაახლოებით, 10-15 თეთრით გაძვირდება.
„ნავთობის ფასები ბოლო პერიოდში გაზრდილია. პროგნოზი ფასების შესახებ, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნეთ, მართლდება, კერძოდ ის, რომ 2023 წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 75 დოლარზე მაღლა შენარჩუნდებოდა. ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამას, რადგან მოელოდა გაიაფებას.
რაც შეეხება საწვავის ღირებულებას საქართველოში, აქაც მართალი აღმოვჩნდით. დიდი ალბათობით, საწვავზე ფასი კვლავ მოიმატებს. საქართველოში „თეთრი ნავთობპროდუქტების“ გაძვირების საფუძველი ნედლ ნავთობზე ფასის ზრდას არ უკავშირდება. დღეს რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს 81% უჭირავს მთლიან განხორციელებულ იმპორტში. აღნიშნული საწვავი შემოდის „პლატცზე“ დაბალი ღირებულებით. შესაბამისად, ამ კუთხითა და იმ ლარის კურსით, რაც გვაქვს, საწვავზე ფასები, წესით, არ უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მიზეზი კვლავ შემომტანი კომპანიების კარტელურ გარიგებებში უნდა ვეძიოთ. ჩვენი პროგნოზით, აგვისტოში საწვავზე ფასები, დაახლოებით, 10-15 თეთრით მოიმატებს“, - განაცხად ნიკა შენგელიამ.