„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტის განახლებაზე როგორც ჩანს, საბოლოოდ შეუთანხმდა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
Sky Sport-ის ცნობით, ნიგერიელი ხელშეკრულებას ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე განაახლებს და მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იქნება. ასევე კონტრაქტში შევა პუნქტი, რომლის თანახმად, არაბულ კლუბებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.
ოსიმენი განახლებული კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 10 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, ბონუსების ჩათვლით 12 მილიონ ევრომდე. ის აქამდეც იყო „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და ახლა სხვებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი ხელფასი ექნება.
შედარებისთვის, ხვიჩა კვარაცხელია სეზონში ამჟამად სულ რაღაც 1.2 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო ნეაპოლელები კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან - ოსიმენის ხელფასთან შედარებით ძალიან დაბალ გასამრჯელოს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს, როდესაც იტალიელებმა „ლილიდან“ დაიმატეს. ნიგერიელი გასულ სეზონში 26 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.