„შოვში ზაფხულში ბევრი ხალხია, ზამთარში რომ მომხდარიყო სტიქია, ცარიელი იქნებოდა კურორტი. საერთოდ, მყინვარული ღვარცოფების საფრთხე მთელ მსოფლიოში გაზრდილია, მაგრამ ხიფათი იქმნება იქ, სადაც მჭიდროდ დასახლებულ პუნქტთან ახლოს ხდება ბუნებრივი კატაკლიზმა“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი.
მეწყრების საშიშროების თვალსაზრისით, მთელ კავკასიაში საქართველო უმაღლესი რისკის ზონაა, 53 ათასი მეწყრული კერაა საქართველოში. ცხადია, ყველა ადგილის მონიტორინგი რთული იქნება, მაგრამ თუ შეიძლება გამოვყოთ ყველაზე საშიში ზონები და მეტი დაკვირვების ქვეშ ავიყვანოთ ისინი, რათა თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი სტიქია?
- ბუნებრივ საფრთხეებს ვერ შევცვლით, ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ მათი ზემოქმედება, ან ზოგიერთ შემთხვევაში ავიცილოთ თავიდან. როდესაც ასეთი მასშტაბური კატასტროფა ხდება, ეს არ ჩაივლის სერიოზული ზარალისა და მსხვერპლის გარეშე. თუმცა ზარალის შემცირება შეგვიძლია, შემცირებაში არ იგულისხმება მხოლოდ ღვარცოფის წარმოქმნის ადგილას მონიტორინგის სისტემის ქონა, განგაშის ჩართვა და დამსვენებლების უხიფათო ადგილას გადაყვანა, ზარალის შემცირებაში იგულისხმება, რომ ასეთი კატასტროფის პრევენცია გაცილებით ადრე იწყება. ეს იწყება ბუნებრივი კატასტროფების, ბუნებრივი საფრთხეების შესწავლით. მაინც იქამდე დავდივართ, რომ რუკები კეთდება, სად რა საფრთხეა. როგორც თქვენ ამბობთ, რამდენიმე ათასი ასეთი საფრთხის შემცველი წერტილია, მაგრამ რამდენიმე ათასიდან შეგვიძლია უფრო ცხელი წერტილები გამოვყოთ. ათასობით მეწყერია არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ მთიან ქვეყანაში და, ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში, ზვავი, ღვარცოფი, ყველაფერია, მაგრამ ხიფათი იქ იქნება, სადაც ეს მოვლენა ხდება დასახლებულ პუნქტთან სიახლოვეს. სადაც ეს სტიქია მჭიდროდ დასახლებულ პუნქტთან ხდება, კიდევ უფრო დიდი ხიფათია. თუკი შემარბილებელი, დამცავი საშუალებები არ არსებობს, ტრაგედია დატრიალდება.
ისე, საინტერესოა, საბჭოთა პერიოდში გაცილებით უკეთესი კონტროლი და ზედამხედველობა იყო, მშენებლობის ნორმებს იცავდნენ, მაგრამ 60-იან წლებში მაინც „გაეპარათ“ შეცდომა, შოვში კოტეჯები მაინც აშენდა, ტურბაზა მაინცდამაინც ამ ადგილას მოეწყო.
- საიდან იწყება ეს ყველაფერი? 60-იან წლებში აშენებული იყო კოტეჯები იქ, სადაც არ უნდა აშენებულიყო, ამას ვერ გავექცევით. ბოლო წლებში, ალბათ, განაახლეს იმ ადგილას კოტეჯების მშენებლობა. ცხადია, იქ არის ტურბაზა, დასასვენებელი სახლები, ამ დროს მდინარის კალაპოტში არ შეიძლება საცხოვრებელი სახლის აშენება, არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, ზოგიერთი სახლი შოვში უხიფათო ადგილას იყო, თვითონ სასტუმრო „სანსეტის“ ძირითად კორპუსთან მიაღწია ღვარცოფის ტალღამ, მაგრამ იქ ხალხი არ დახოცილა, შენობაც არ დანგრეულა. რუკას თუ დავხედავთ, ქვევით, სადაც კოტეჯები იდგა, პირდაპირ მდინარის კალაპოტშია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, 60-იან წლებშიც არაფერი გაკეთებულა ამ რეგიონში. შოვში ზაფხულში ბევრი ხალხია, ზამთარში რომ მომხდარიყო სტიქია, ცარიელი იქნებოდა შოვი.
მამათქვენი, გეოლოგი შოთა ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1962 წელს ამბობდა, რომ ეს სახიფათო ზონა იყო და რაჭის გეოლოგიური ექსპედიციის დროს დაიწუნა შოვში მდინარის პირას დაბანაკება, ეს მდინარე წაგვლეკავსო, ამიტომაც სოფელ გლოლაში წაიყვანა ექსპედიცია. რა მონაცემებს ეყრდნობოდა შოთა ჯავახიშვილი?
- ამას არც გეოლოგობა სჭირდება, არც გეოგრაფობა. ვისაც უყვარს ბუნებაში, ტყე-ღრეში, მთაში ხეტიალი, მათ ელემენტარულად იციან, რომ მდინარის კალაპოტი სახიფათოა. მით უმეტეს, ეს მყინვარული მდინარეა, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულშია სახიფათო, თანაც გლობალური კლიმატის ცვლილების პირობებში. მთელ მსოფლიოში ასე ხდება, საფრთხე ყველგან გაიზარდა, პირობითად დავარქვათ, მყინვარული ღვარცოფების საფრთხე ყველგან გაზრდილია. გავიხსენოთ, 2010 წელს რა მოხდა შოვში, ვიდეოჩანაწერებიც არსებობს, რას აკეთებს მდინარე, ხალხი ამბობს, კოტეჯების ნახევარი განადგურდა, თავიდან გასაკეთებელიაო. გავიხსენოთ, რა მოხდა 2017-ში, როცა ხიდი წაიღო. გეოლოგიური დეპარტამენტის ანგარიშებში ეს ხიფათი დაფიქსირებულია. თუმცა დროისა და ზუსტი მასშტაბის პროგნოზირება ამ მონაცემებით შეუძლებელია. 2015 წელს დიდი პროექტი განხორციელდა, თითოეულ მუნიციპალიტეტს გადაეცა კლიმატის ცვლილებასთან, ადაპტაციის პრობლემებთან დაკავშირებით ანგარიში. მათ შორის რუკებიც იყო ბუნებრივი საფრთხეების შესახებ. ამ რუკაზე შოვი, ბუბისწყალი მონიშნულია, როგორც ღვარცოფული საფრთხის შემცველი მდინარე, ძალიან მაღალი საფრთხით.