მართალია, ისტორიულ საიქიოს 20 წლის წინ მივაბარეთ, მაგრამ თურმე, გაცოცხლებულა. ყოველ შემთხვევაში, “საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას” ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანიც ჰყავს, ამხანაგი ნუგზარ ავალიანი, რომელიც მოწადინებულია, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ისე, იმ ფონზე, როცა ევროპისკენ მიმავალ საქართველოში ვიღაც-ვიღაცები ევრაზიულ, ანუ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირზე ოცნებით აღამ-ათენებენ, ნუგზარ ავალიანს, ალბათ, თვით ლენინ-სტალინის სულმა შთააგონა, პრეზიდენტი გახდი და სოციალური სამართლიანობა აღადგინეო.
- ბატონო ნუგზარ, ადამიანი პრეზიდენტი რომ გახდეს, მინიმუმ, ცნობადი სახე მაინც უნდა იყოს. თქვენ კი, საზოგადოება არ გიცნობთ... თქვენი ტელეფონის ნომერი მეც დიდი წვალებით გავიგე...
- პრეზიდენტობაზე კენჭისყრა მე კი არა, “ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ” გადაწყვიტა, რომელიც საარჩევნო პროცესში 1994 წელს ჩაერთო - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აწ გარდაცვლილი პანტელეიმონ გიორგაძე მონაწილეობდა. მას მერე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიგვიღია. საერთოდ, პრეზიდენტი დინჯი, გაწონასწორებული, დაბრძენებული უნდა იყოს, რომელიც თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და ისეთი ნაჩქარევი და გაუწონასწორებული გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რისი მაგალითიც აგვისტოს ომის სახით გვაქვს.
- აგვისტოს ომის დროს საქართველოს, თქვენი სახით, კომუნისტი პრეზიდენტი რომ ჰყოლოდა, რუსეთი ტერიტორიებს არ წაგვართმევდა?
- სათავეში რომ კომუნისტი პრეზიდენტი ყოფილიყო, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” იურისდიქციიდან გასული არ იქნებოდა. სოხუმსა და ცხინვალში საკმაოდ ძლიერი კომუნისტური პარტიებია, “სამხრეთ ოსეთში” კი, კომუნისტური პარტიის ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეა. ჩვენი ურთიერთობები იმდენად მჭიდროა, რომ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” იქნებოდა საქართველოს იურისდიქციაში. როგორ შეიძლება, მძინარე ქალაქი დაბომბო?
- ისე, ბატონო ნუგზარ, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” არ არსებობს. ამიტომ, ჯობია, ან ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამოიყენოთ ხოლმე, ან ისტორიული სამაჩაბლო... საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არავინ იცნობდა და რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ ვიყავით. საბედნიეროდ, კომუნისტური წყობა წარსულს ჩაბარდა და საბჭოეთზე თქვენს მეტი აღარავინ ოცნებობს.
- არ გეთანხმებით, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველო შეზღუდული იყო, დღეს დამოუკიდებელია, მაგრამ რა სტატუსი აქვს? - განვითარებადი ქვეყნის თუ კოლონიური მმართველობის? ესაა ნანატრი თავისუფლება? საქართველოს აყვავება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ სოციალისტური სისტემა დამკვიდრდება. ჩვენ რომელიმე ხელისუფლებასთან კი არა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფორმაციასთან გვაქვს შეუთანხმებლობა. ბოლო დროს კაპიტალიზმს აღარ ახსენებენ, მას ლიბერალიზმი დაარქვეს, კაპიტალიზმის ხსენება იმიტომ აღარ უნდათ, რომ მან დრო მოჭამა და თავი შეირცხვინა. ექვსი წელია, გრძელდება ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რომლისგანაც მსოფლიო ვეღარ გამოდის. როცა ყველაფერი ეს კომუნისტური სისტემით შეიცვლება, ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდება. კომუნისტებს უძლიერესი იდეოლოგია აქვთ - მარქსიზმი, ლენინიზმი და სახელმწიფოს მშენებლობის სტალინური პრაქტიკა. კომუნისტებს ღირსეული წარსული და დიდი გამოცდილებაც აქვთ ადამიანისადმი ზრუნვის სფეროში.
- ადამიანზე ზრუნვას, ალბათ, 37-წელს, ან კიდევ 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან სასაკლაოს ეძახით... მოკლედ, რაღა დროს დრომოჭმულ კომინიზმზე, ანუ ბოროტების იმპერიაზეა საუბარი...
- მეცნიერულად დრომოჭმული სისტემა კაპიტალიზმია, ადრე იყო უკლასო საზოგადოება, მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი და მერე, - კაპიტალიზმი, მაგრამ მას მერე, რაც კაპიტალიზმმა თავისი ბუნება - ექსპლოატატორობა გამოაჩინა, რის მიხედვითაც ადამიანების ჩაგვრის შედეგად ერთეულები უნდა გამდიდრებულიყვნენ, შეიქმნა საზოგადოებაში კლასობრივ წინააღმდეგობათა ანტაგონიზმი. დღეს კაპიტალიზმი ჩადგა იმ ფორმაციათა რიგში, რომელიც წარმავალი და მოძველებულია. მოგიყვანთ მაგალითს: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 82 მლნ კომუნისტია და იცით, რომ ჩინეთი პროგრესირებადი ქვეყანაა? აიღეთ კვიპროსი, ლაოსი, კუბა, კორეა, ვიეტნამი და საფრანგეთი, სადაც პრეზიდენტად კომუნისტი აირჩიეს ისევე, როგორც ბრაზილიასა და ვენესუელაში. საბჭოთა კავშირი მშვიდობის მედროშე იყო - აწონასწორებდა მსოფლიოს. საბჭოთა კავშირში ადამიანი ბედნიერად ცხოვრობდა და ამდენი მათხოვარი არ იყო, ნარკომანიას და პროსტიტუციას ებრძოდნენ, უმუშევრობა, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ყველას, ვინც ზარმაცი არ იყო, ასაქმებდნენ კვალიფიკაციის მიხედვით და ხელფასი, კვება, ბინა და დასვენება გარანტირებული ჰქონდა, მაშინ ყველა თანაბრად ცხოვრობდა. რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, მაგრამ სინამდვილეში, ბოროტების იმპერია აშშ-ია, რომელიც ბომბავს სხვადასხვა ქვეყანას და უმოწყალოდ ანადგურებს. კომინისტების პოზიცია ასეთია, რომ ცუდი საქმის გამკეთებელია აშშ, რომელიც უშლის მსოფლიოს პროგრესის გზით სიარულს.
- არც ის დაივიწყოთ, რაც წითელმა ბოროტებამ ავღანეთში ბოროტება ჩაიდინეს. ბატონო ნუგზარ, არ მიპასუხეთ და კიდევ გეკითხებით: კომუნისტების ბოროტებას შეეწირნენ 9 აპრილს ქართველები - რუსი სადისტები ნიჩბებით გაუსწორდნენ. ამის მერე, რუსებისა და საბჭოთა კავშირის დიდება ნებისმიერი ქართველის მხრიდან, უბრალოდ, უხერხულია...
- 1956 წელსაც დაიღუპნენ ახალგაზრდები, ასე რომ, 9 აპრილი გამონაკლისი არ იყო. როცა უყურებთ 9 აპრილის კადრებს, იქ ბევრი რამ ფალსიფიცირებულია და ნიჩბებით მომიტინგეების დახოცვას ადგილი არ ჰქონია.
- რას ამბობთ, გოგა ხაინდრავამ გადაიღო 9 აპრილის კადრები, სადაც ყველაფერი აშკარად ჩანს, თუ როგორ აწამებენ რუსები ქართველებს...
- და ვინაა გოგა ხაინდრავა, რომ მის გადაღებულ კადრებს ვენდო?
- და თქვენ ვინ ხართ, რომ თქვენს სიტყვებს ვენდოთ?
- ქართველი ბიჭები რომ ერაყში იღუპებიან და ამერიკელების კაპრიზებს ეწირებიან, ამაზე რას იტყვით?
- ავღანეთიც სხვისი ომი იყო, მაგრამ საბჭოთა ჯარის სახელით, იქ ქართველები იბრძოდნენ!
- გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ?
- ნაკლებად სარწმუნოა ჩემი პრეზიდენტობა, მაგრამ ცხადია, პრეზიდენტობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩვენ, კომუნისტები უზარმაზარი გამოცდილების ხალხი ვართ, ჩვენზე უკეთ არავინ იცის ადამიანის ენა და მასთან ურთიერთობა. კოჰაბიტაცია ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს შორის კი არა, საზოგადოებაში უნდა იყოს. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიან სასამართლოს, რომლის მოსამართლეებიც ვერ გაბედავენ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებას.
- როგორ შეძლებთ ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობას?
- 15 წლის წინ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა გვირჩია, თუ გინდათ აფხაზეთი და ოსეთი დაიბრუნოთ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეთო. საქართველოს გამთლიანება რუსეთის გარეშე ვერ მოხდება, ამას, გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ. გენადი ზიუგანოვთან გვაქვს ახლო ურთიერთობა, რომელიც ევროპარლამენტის მუდმივი წევრი და რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერია. ის იყო ერთადერთი კაცი, რომელმაც უდიდესი სითბოთი აღსავსე წერილი დაწერა ქართველ ხალხზე აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს გამთლიანებისთვის, ეკონომიკის აღორძინებისთვის. სააკაშვილის გაუწონასწორებელმა ნაბიჯმა, როცა უხეშად მიუხურა კარი “დე-სე-თე”-ს, ამის გამო რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაინც მგონია, რომ სოციალისტური წყობა ისევ დაბრუნდება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თქვენ რომ ოკუპანტს უწოდებთ...
- პუტინს ოკუპანტს თქვენ არ უწოდებთ?
- არა. ოკუპანტი რუსეთი კი არა აშშ-ია, რომელსაც მსოფლიოს ბატონ-პატრონობა უნდა.
- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმასაც უარყოფთ, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული?
- მე რუსეთს ოკუპანტს არ ვუწოდებ, ის ტერიტორიები, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს, სააკაშვილის გაუთვლელი ნაბიჯების ბრალია.
- ბატონო ნუგზარ, მოდით, თქვენს საარჩევნო დაპირებაზეც ვისაუბროთ..
- პირველ რიგში, სოციალურ პრობლემებს უნდა მივხედოთ, როგორიცაა გაჭირვება, უმუშევრობა, დავუბრუნოთ ადამიანებს ანაბრები, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე წაართვეს. კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის აღდგენა უნდა შევძლოთ. გვინდა, რომ ყველა დარგში ძირეული რეფორმები გავატაროთ, დამიჯერეთ, ეს ასე იქნება. თუ საზოგადოება გვენდობა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, 4-5 წელიწადში საქართველოს ვეღარ იცნობთ, თუ არადა, განწირულები ვართ!