როგორ დაიგეგმა “რუსთავი 2”-ზე, “იმედსა” და აეროპორტზე “სატელეფონო ტერაქტები”

როგორ დაიგეგმა “რუსთავი 2”-ზე, “იმედსა” და აეროპორტზე “სატელეფონო ტერაქტები”

ბოლო დღეებში ვიღაცამ ქართულ სპეცსამსახურებს დიდი თავსატეხი გაუჩინა - ერთი დღის განმავლობაში “112”-ზე ოთხჯერ დარეკეს, ანონიმური ზარი ჯერ “რუსთავი 2”-ს, შემდეგ, ორჯერ “იმედს” და მოგვიანებით აეროპორტს ეხებოდა. სხვათა შორის, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, 112-ზე ანონიმური ზარი 15 სექტემბერს, იმ დროსაც გაისმა, როცა ეთერში “კურიერი პს” გადიოდა. ხუთივე ანონიმური ზარის ავტორი იტყობინებოდა, რომ შენობებში ასაფეთქებელი საშუალებები იყო დამონტაჟებული და ტერორისტული აქტები იგეგმებოდა. სხვათა შორის ანალოგიური ცრუ შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ პარლამენტშიც განხორციელდა, რამაც საკანონმდებლო ორგანოს ორსაათიანი პარალიზება გამოიწვია. სამართალდამცავებმა დამნაშავეები “ცხელ კვალზე” დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი 39 წლის აღმოჩნდა, დანარჩენები კი, - არასრულწლოვანები. მართალია, შს სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ცრუ განგაშისთვის სასჯელი გაამკაცროს, მაგრამ  რას ისახავდა მიზნად ზემოხსენებული ცრუ შეტყობინებები, ვის აწყობდა მედიის მუშაობის შეფერხება და აეროპორტის პარალიზება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს? “ქართული სიტყვა” უშიშროების საკითხების ექსპერტს ბესო ალადაშვილს ესაუბრა:

- ყველაფერი შესაძლოა, შემთხვევითობაა, თუმცა არის ერთი მომენტი - ერთ დღეს რამდენიმე ზარი, რასაც ემატება ამას წინათ პარლამენტთან დაკავშირებით განხორციელებული ზარიც. ათი-თორმეტი წლის ბავშვებმა, შეიძლება, 112-ზე დარეკეს, მაგრამ ძნელია, დაიჯერო, რომ ყველაფერი მათ მოიფიქრეს. გადამწყვეტი სიტყვა შსს-ს სტრუქტურებმა უნდა თქვან და გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ. ისე, სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით არგუმენტები და მიზეზები იქნებოდა დასახელებული. ისიც საინტერესოა, რომ 112-ზე ზარები განხორციელდა რაიონებიდან. საინტერესოა, ამ ბავშვებმა რატომ გადაწყვიტეს “რუსთავი 2”-ში, “იმედში” ან, თუნდაც, აეროპორტში დარეკვა? ეს ამბავი 2000 წლის დასაწყისში გახშირებული ცრუ განგაშის ზარებს მახსენებს, მაგრამ მაშინ კონკრეტული მიმართულება იყო - ძირითადად რეკავდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და სასწავლო პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ. ასეთ ფაქტს მეც შევესწარი - მაშინ ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი. დარეკეს და გვითხრეს, უნივერსიტეტში ნაღმიაო. პოლიციას არ შევატყობინეთ იმიტომ, რომ შენობა კარგად კონტროლდებოდა, ადგილობრივი ძალებით სწრაფად გადავამოწმეთ და გავარკვიეთ, რომ შენობაში ნაღმი არ იყო.

ახლა საქმე სხვა ამბავთან გვაქვს, თუ პარლამენტსაც დავუმატებთ, ოთხივე შემთხვევის, ასე ვთქვათ, ადრესატი სტრატეგიული ობიექტი იყო, რასაც, ბუნებრივია, დიდი რეზონანსი უნდა მოჰყოლოდა და ასეც მოხდა. ბავშვის ფსიქოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, რაში უნდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება? - იმისთვის, რომ მერე, მეგობრებთან ეტრაბახა? ამიტომაც ვამბობ, რომ გადამწყვეტი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას - დაადგინოს განხორციელებული ზარის მიზეზები, ან ის, ვინმე ხომ არ იდგა ბავშვების უკან, ხომ არ იყო კონკრეტული შეპირება და ამის შესახებ სასწრაფოდ აცნობოს საზოგადოებას.

- თუ ეს ზარები შეკვეთით განხორციელდა, ვინ შეიძლება, ამის გაკეთებით ყოფილიყო დაინტერესებული - ადგილობრივი თუ გარე ძალა?

- ბევრს “შეთქმულებების თეორიის” არ სჯერა, მაგრამ თუ გადავხედავთ მსოფლიოსა და ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ვილნიუსის სამიტს, რომელიც კარსაა მომდგარი, არჩევნებს, მაშინ ყველაფერი ეს, ასე თუ ისე, უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა და შემდეგ, იმის გარკვევა იყო გათვალისწინებული, თუ რა გამოსავალს იპოვიდნენ ხელისუფლება და სპეცსამსახურები. ყველაფერი შეიძლება, ბევრის წისქვილზე ასხამდეს წყალს. შეიძლება, ავტორი გარე ძალაც იყოს და გასაგებია, ვისზეა მინიშნება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ამით დაინტერესებული შიდა ძალებიც იყვნენ, რათა არჩევნების წინ აჩვენონ დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა.

ყველაფერი იოლი დასადგენია და ყველას ინტერესებში უნდა იყოს, რომ ამის შესახებ პირდაპირ ითქვას. აღარ სჭირდება ამას ხუთი და ათი დღით გადავადება. თქვენი შეკითხვა, დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს და ამიტომ მოსახლეობას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია. მკითხაობას, ჯობია, ხელისუფლებამ კონკრეტული პასუხი გაგვცეს.

- სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში “ნაციონალების” მხრიდან კიდევ ერთ საბოტაჟზე საუბრობენ, მით უმეტეს, რომ საქმე მედიასა და მის პარალიზებას ეხება. ამ ვერსიისთვის საფუძველი არსებობს?

- თუ დააკვირდით, ეს შემთხვევები სწორედ მედიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს დაემთხვა. ჯერ იყო “იმედთან” დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ჩემი აზრით, სენსაციური განცხადება, რაც ხელშეკრულებას ეხებოდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამას ყველა მოველოდით, შემდეგ იყო “რუსთავი 2”-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ პარლამენტში გაჩენილი შეკითხვები. ამას დაემთხვა “საზოგადოებრივ მაუწყებელში” განვითარებული მოვლენები. წინა ხელისუფლებას ყველა ცუდი, რაც ხდება, ბოროტი სიხარულით უხარია. ეს შეიძლება, პოლიტიკური ოპოზიციის ზოგადი თვისებაა, მაგრამ მედიის პარალიზება და აეროპორტში ჩაშლილი რეისები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კარგს არაფერს უქადის.

ყველაფერი ეს მაგონებს 1 ოქტომბრის არჩენების შემდეგ შს მინისტრის ცნობილ განცხადებას საბოტაჟთან დაკავშირებით. მაშინ მან თქვა, ძველი ხელისუფლება სადარბაზოებთან დაყრილი შპრიცებით ცდილობს საბოტაჟსო. ისიც თქვეს, რომ არსებობდა ვიდეომასალა, თუ როგორ ყრიან შპრიცებს სადარბაზოებთან, თუმცა ეს მასალა არ უჩვენებიათ და მალევე გადაივიწყეს.

ამიტომ, ხელისუფლებას უფრო მეტი თანამიმდევრულობა სჭირდება. სამწუხაროდ, ყველა ასეთი სენსაციური და მნიშვნელოვანი შემთხვევა შუა გზაზეა მიტოვებული. ავიღოთ თუნდაც თალიბებისა თუ სხვა ვიღაცების მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპები, დღესაც არ ვიცით, ეს ვინ და რა მიზნით გააკეთა.

- ყველაფერი ეს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების უუნარობაზე მეტყველებს თუ შეგნებულ ქმედებაზე?

- ამას ვერ ვიტყვი. ძალიან საინტერესოდ მეჩვენა მამუკა არეშიძის შეფასება ქართულ სპეცსამსახურებში მეხუთე კოლონის არსებობასთან დაკავშირებით.

- საერთოდ, საარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ყოველთვის აქტიურდებიან. სხვათა შორის, ამასწინათ, მამუკა არეშიძემ “ქართულ სიტყვასთან”  თურქული სპეცსამსახურების გააქტიურებაზეც ისაუბრა...

- შეიძლება, ძალიან სუბიექტურად ვმსჯელობ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახური არ ჰყავს, ანუ ის სამსახური, რომელიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების განეიტრალებაზე უნდა მუშაობდეს. “ნაციონალების” სპეცსამსახურები არასწორი მეთოდებით, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებდნენ - იჭერდნენ რუსების ჯაშუშებს, აწყობდნენ შეთქმულებებს, “კერავდნენ” “ენვერის” საქმეს და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ყველაფერი ხელოვნური და ქულების ჩასაწერი იყო, მაგრამ დღევანდელი კონტრდაზვერვა და გარკვეულწილად, უშიშროებაც ერთი წლის განმავლობაში, ჩემი ინფორმაციით, არაფერს აკეთებს და ეს მაშინ, როცა იმატა საბოტაჟის ფაქტებმა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა. სპეცსამსახურებმა ამის განეიტრალება უნდა მოახდინონ, არადა, არაფერს აკეთებენ.

რუსეთი არც მალავს, რომ მისი ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი სფერო საქართველოა, მაგრამ არ უნდა გამგვრჩეს თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და, მათ შორის, სომხეთიც. საქართველოში ირანიც ძალიან გაძლიერდა სააკაშვილის მიერ მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო, როცა ვიზები მოხსნა და ირანიდან უამრავი ვითომ ტურისტი ჩამოვიდა. არადა, ირანიდან, რთული ეკონომიკური პირობების გამო, საქართველოში მხოლოდ მისი სპეცსამსახური თუ შემოვა. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი ინტერესი იკვეთება და ამ კუთხითაც უნდა მუშაობდეს სპეცდაზვერვის დეპარტამენტი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ.

- თუკი საქართველოში უცხოეთის სპეცსამსახურების ასეთი გააქტიურება შეიმჩნევა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი “ნაციონალთა” ინტერესების დაცვაზე მუშაობენ?

- ჩვენი მეზობლებიდან ერთადერთი რუსეთია, რომელსაც ხელს აძლევს საქართველოში ქაოსი, შიდადაპირისპირება და, გარკვეულწილად, სააკაშვილის გაძლერებაც. რუსეთი და მისი სატელიტი ქვეყნები, ანუ ჩვენი მეზობლები (მათ არ დავასახელებ) ამას თვითონვე აღიარებენ და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებენ.

რაც შეეხება თურქეთს და აზერბაიჯანს, საქართველოში ქაოსი მათ არ აწყობთ. მათაც აქვთ თავისი ეროვნული ინტერესები - თურქეთს სერიოზული პრობლემა აქვს ქურთებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანს კი, - ყარაბაღთან. ამიტომ მათ  საქართველოში მძლავრი და მტკიცე ხელისუფლება აძლევთ ხელს, რომელიც მათი პოლიტიკისადმი უფრო დადებითად განწყობილი იქნება, ანუ იარსებებს სტრატეგიული თანხვედრა. ვიმეორებ: ერთადერთი რუსეთია, რომელსაც აწყობს მუდმივი ქაოსი და ოცი წელია, ჩვენ არა მხოლოდ ღია, არამედ, ფარული ქაოსის პირობებში ვცხოვრობთ.

- ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი “თავსატეხი” გაუჩნდა - რელიგიური დაპირისპირება. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ესეც მეზობლებიდან მოდის, მაგრამ სახელდება არა - რუსეთი, არამედ, თურქეთი. ამბობთ, რომ თურქეთს საქართველოში სტაბილურობა აწყობს. გამოდის, რომ რელიგიური დაპირისპირების ინსპირატორიც რუსეთია?

- რა თქმა უნდა. რელიგიია შეგნებულად გამოვტოვე, რადგან ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკონომიკა და, გავხსნათ ფრჩხილები, რელიგია საქართველოსთვის ქვაკუთხედია. რელიგიამ გადაარჩინა საქართველო და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა. საქართველოს ეკლესიის დასუსტება და სხვადასხვა რელიგიების დაპირისპირება, საბოლოოდ, მიზნად დასუსტებას ისახავს, რაც რუსეთს აწყობს.

P.S. 16 სექტემბერს 112-ზე კიდევ ერთი ცრუ შეტყობინება შევიდა, რომელიც ტელეკომპანია “იმედში” ნაღმის არსებობას იუწყებოდა. იმავე დღეს, ევაკუაცია ქუთაისში, პარლამენტის შენობაშიც დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოში მყოფ პირებს შენობის დაცლა პარლამენტის დაცვამ მოსთხოვა, თუმცა ბომბი პარლამენტშიც არ აღმოჩნდა