"ნაპოლის" მეორე ტრანსფერი: იტალიის ჩემპიონი შვედ ფეხბურთელს იმატებს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ შვედეთის ნაკრებისა და „რეიმსის“ ნახევარმცველ იენს კაიუსტეს დაიმატებს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

როგორც გაირკვა, 23 წლის ფეხბურთელი იტალიაში დღეს ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდგე კონტრაქტს გააფორმებს. ნეაპოლელები „რეიმსს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაუხდიან. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ის "ნაპოლის" მეორე ახალწვეული იქნება მიმდინარე ზაფხულს ბრაზილიელი მცველის, ნატანის შემდეგ.

იენს კაიუსტე 2018-2022 წლებში დანიურ „მიდტიულანდში“ თამაშობდა, ხოლო ბოლო ორი სეზონი „რეიმსში“ გაატარა, სადაც 39 შეხვედრაში გოლი გაიტანა, შვედეთის ნაკრებში კი 15 მატჩი აქვს ჩატარებული.