სექტანტების შემოტევა -

სექტანტების შემოტევა - "ისინი ქადაგებენ თავისუფალ სექსს, ჰომოსექსუალიზმს, ქმნიან პორნოსაიტებს"

ბოლო ხანს თბილისში რელიგიური სექტების წარმომადგენლები გააქტიურდნენ, ისინი ქუჩაში აჩერებენ, სახლებში აკითხავენ ადამიანებს, რაც ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება. რით აიხსნება მათი გააქტიურება? რა მიზნები აქვთ სექტებს? - ამ საკითხზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ნადირაძე გვესაუბრება:

- დღეს ჩვენში არაერთი რელიგიური სექტა მოქმედებს - იეღოველები, ბაპტისტები, მე-7 დღის ადვენტისტები, მორმონები, მალაკნები, დუხობორები. სექტებს პიროვნების გადმოსაბირებლად შემუშავებული აქვთ კითხვარები, რომლებიც თან დააქვთ და ძირითადად, დახმარების და ნუგეშისცემის სულისკვეთებით არის ნასაზრდოები. როგორ ფიქრობთ, რატომ უვლენს ღმერთი ადამიანს ამდენ განსაცდელს? - სექტანტები ამ კითხვით იწყებენ საუბარს და პრობლემებით დატვირთული გამოუცდელი ადამიანიც მისდაუნებურად პასუხობს, ასე ითრევენ პოლემიკაში, ხელში წიგნებს აჩეჩებენ, უფრო წყვილებად დადიან, როგორც ჩანს, აგრესიის თავიდან ასაცილებლად. ხშირად ადამიანი ცდილობს, გზა გააგრძელოს, ისინი აჩერებენ, ხელს ჰკიდებენ... არადა, აქტიური, თითქმის ძალადობრივი პროპაგანდა, რასაც პროზელიტიზმი ჰქვია, არაერთ ქვეყანაშია აკრძალული. სექტანტობა იქ იკიდებს ფეხს, სადაც გაუ­ნათლებლობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. იეღოველებს აქვთ შიდა მოხმარების ჟურნალებიც, სადაც შეტანილია "სამეუფო მსახურებასთან", ანუ გადაბირებასთან დაკავშირებული ყველა არსებითი მომენტი, იქნება ეს გადმობირების და ქადაგების ფორმები თუ სამისამართო და საინფორმაციო ცნობების შეგროვება, აქვთ კითხვარი ნებისმიერი ფენისა და გემოვნების ადამიანისთვის. ამ სექტის ლამაზად გაფორმებულ წიგნებში უარყოფილია ქრისტიანუ­ლი რელიგიის ძირითადი საფუძვლები - სულის უკვდავება, სანთელი, ჯვარი, ხატი, ყველა რელიგიური დღესასწაული, მარხვა, მიცვალებულის ორმოცი, წინაპართა თაყვანისცემა. იეღოველს შეუძლია იცრუოს და ეს არ ჩაეთვლება ცოდვად, თუკი სიცრუე ადამიანის გადმოსაბირებლად არის ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ სექტის საქმიანობის შესახებ ყველა არსებითი ინფორმაცია მიეწოდება ამერიკის ცენტრალურ ოფისს ბრუკლინში, ხდება სექტის წევრების ტოტალური კონტროლი. სექტანტები, მათ შორის იეღოველები, ჯარში არ მიდიან, რასაც თავისი მრწამსით ხსნიან და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებენ, სახელმწიფო მშენებლობაში არ მონაწილეობენ; თვითმკვლელობას ქადაგებენ, რასაც შემზარავი გახმაურებული ფაქტებიც ადასტურებს: მათთვის მიუღებელია სისხლის გადასხმა, რის გამოც 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა; საავადმყოფოში წამებით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იეღოველმა მშობლებმა სისხლი არ გადაუსხეს. მსხვერპლშეწირვის წესი სხვა კი არაფერი იყო, - ასე წირავდნენ მაშინაც ბნელი მიზნებისთვის საკუთარ შვილებს ეგზალტირებული ადამიანები. ტრადიციული წეს-ჩვეულებებისადმი მათ მტრული დამოკიდებულება აქვთ; იყო ასეთი შემთხვევა - თბილისში, გალელ ლტოლვილთა ოჯახში დედა გარდაიცვალა, გაიეღოველებულმა ვაჟმა ვერ აიტანა მართლმადიდებელი დისგან დედის გაპატიოსნება და თავი და­იწვა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს საქართველოსა და სომხეთში რელიგიური სექტა "ქრისტიანთა საერთაშორისო ოჯახი" გააქტიურდა, რომელიც სექსუალურ თემატიკაზე აკეთებს აქცენტს.
- დიახ, ეს სექტა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოქმედებს, რადგან დევნიან. ისინი ქადაგებენ თავისუფალ სექსუალურ კავშირებს სექტის წევრებს შორის, ჰომოსექსუალიზმს, ქმნიან პორნოსაიტებს; ჩვენში ამ "მიმართულების" სხვა სექტებიც არის, მათთვის დამახასიათებელია ორგიასტული ქმედებები სქესობრივი აღვირახსნილობის თანხლებით, თავის დაწვისა და მსხვერპლშეწირვის ფაქტები. ამ რიტუალებს ისინი ეგზალტირებულები, როკვა-თამაშით, ნახევრად შიშვლები ასრულებენ, ღრიალებენ, წრეს უვლიან. არის მორმონთა სექტაც, რომელიც, ახლა უკვე ფარულად, მრავალცოლიანობას ქადაგებს (თავად სექტის დამაარსებელს ჯოზეფ სმიტს 27 ცოლი ჰყავდა), სექტისთვის დამახასიათებელ თავისი წევრების ტოტალური კონტროლი, თითოეული მათგანი ვალდებულია შემოსავლის 10% სექტას მოახმაროს. თბილისში ვრცელდება მორმონული ლიტერატურა, რომელიც თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას, ოჯახის წევრებს შორის კავშირს ქადაგებს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ სექტებს საბოლოოდ მაინც პოლიტიკური, ანტისაზოგადოებრივი მიზნები აქვს, ტრადიციულ ღირებულებებს არად აგდებენ. მხოლოდ დუხობორებს არა აქვთ პოლიტიკური მიზანი, თუმცა, თავის დროზე ჰქონდათ. არც ის არის დასამალი, რომ მათკენ დიდი ფინანსები მოედინება დაინტერესებული წრეებისგან.

ჩვენში არავის უფლებები იზღუდება, მათ შორის, რელიგიური თავისუფლებისაც, "სადაც გინდა, იქ ილოცე", მაგრამ გამომწვევი პლაკატური ფორმით პროპაგანდა დაუშვებელია. ამ რელიგიურ ლიტერატურაზე, რომელიც დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში, კონტროლი უნდა დაწესდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი, რომლებიც სახელმწიფოში სახელმწიფოდ იქცნენ, რატომღაც არასდროს ტეხს განგაშს მართლმადიდებელთა თუ სხვა ტრადიციული რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევაზე. არ შეიძლება ზოგჯერ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის განზოგადება, რელიგიურ ჭრილში განხილვა.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი "რელიგიების, რელიგიური ორგანიზაციების" შესახებ; ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა, ორგანიზაცია თუ სექტა ვალდებულია, თავისი მოქმედებით, მიზნებითა და მოძღვრების პროპაგანდით არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში არსებულ ტრადიციულ ჩვევებს, არ უპირისპირდებოდეს სახელმწიფო მართლწესრიგს. ევროპარ­ლამენტის დადგენილებაში სექტების შესახებ ნათქვამია: "უკანასკნელმა მოვლენებმა რიგ სახელმწიფოებში გამოავლინა საშიში საქმიანობა სექტებად წოდებული სხვადასხვა გაერთიანებისა, რომლებიც მუდმივად მზარდ ფენომენებად გადაიქცნენ, ისინი არღვევენ ადამიანის უფლებებს და სჩადიან ისეთ დანაშაულს, როგორიც არის ადამიანისადმი სასტიკი მოპყრობა, სექსუალური ძალადობა, ძალადობის წაქეზება, კაპიტალის უკანონოდ გადაადგილება, უკანონო სამედიცინო საქმიანობა". ვფიქრობ, ევროპარლამენტის დამოკიდებულება სექტების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მიმართ მისაბაძია.

თუ თქვენი ახლობელი სექტანტი გახდა

შეაგროვეთ მაქსიმალური ინფორმაცია სექტაზე, მოაგროვეთ ფაქტები, რომელიც დაადასტურებს სექტის ლიდერის არაკეთილსინდისიერებას. მტკიცებულებების დემონსტრაცია შესაძლოა, ადამიანს გონზე მოსვლაში დაეხმაროს.
თუ ადამიანი დიდი ხანი არ არის, რაც სექტაში გაწევრდა, იპოვეთ ის პირი, რომელიც სექტაში გაწევრებამდე მისთვის ავტორიტეტი იყო. მასთან საუბარი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სექტაზე უარის თქმის კუთხით.
არ გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა. შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის დაეჭვდეს სექტის სწავლებაში და გვერდით უნდა ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ამ ეჭვებს დაუდასტურებს.

ყველაზე უცნაური სექტა

ყველაზე უცნაურ სექტად ინდოეთში ჯაინისტური მიმდინარეობაა აღიარებული. მათი მთავარი პრინციპია - არ მოუტანონ ზიანი ცოცხალ არსებებს. ამიტომ არ ჭამენ ხორცს. მათ შორის აღსანიშნავია "შვატამბარები" - ისინი ტანსაცმელსაც კი არ იცვამენ, რათა ტკიპები არ მოკლან და პირზე მარლააკრულები სუნთქავენ. თუმცა მეორე მხრივ, ისინი ინდოეთში მევახშეობით არიან ცნობილნი და არა­ერთი მევალე გაუმწარებიათ.