აშშ-ის სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, რომელმაც რუსულ ვებსაიტ „პრავდა.რუ“-ზე თავისი ცნობილი მიმართვა გამოაქვეყნა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კვლავ გაიმეორა ძირითადი აზრი, რომ რუსი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობაა. რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში მაკკეინმა მოსკოვთან უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც დაასახელა.
სენატორ მაკკეინის სტატია „პრავდა.რუს“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ამას წინათ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული იმ სტატიის საპასუხოდ, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკას შეიცავდა. რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი საპასუხო კომენტარები უტყუარ ფაქტებს ეფუძნება და იგი კრემლის პოლიტიკას რეპრესიების, მაგნიტსკის სიკვდილის, მედიის ტოტალური კონტროლისა და ადამიანის უფლებათა ხელყოფის, განსაკუთრებით ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიღებული დრაკონული კანონების გამო აკრიტიკებს:
„სიმართლე ყოველთვის მნიშვნელოვანია და კომენტარები, რომელთაც ბატონი პუტინის მიერ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია შეიცავს აშშ-სა და აქ მიმდინარე მოვლენებზე, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთში შექმნილ ვითარებასთან. და თუკი ოდესმე მომეცემოდა რუს ხალხთან საუბრის უფლება, მე გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას, რადგან პრორუსულად ვარ განწყობილი და ის შეურაცხყოფა, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს პუტინის სასტიკმა ძალმომრეობამ დაატეხა თავს, მათდამი ჩვენს სიმპათიას და კრემლის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობას იწვევს“.
გარდა ამისა, სირიის სამოქალაქო ომის საკითხზე დაპირისპირებამ და დევნილი ამერიკელი კონტრაქტორის, აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის ედუარდ სნოუდენისათვის მოსკოვის მიერ დროებითი პოლიტიკური თავშესაფრის მიცემამ ბოლო თვეებში უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა შშ-სა და რუსეთს შორის. ამის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვლადიმირ პუტინთან სექტემბრისთვის დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრა გააუქმა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სენატორმა მაკკეინმა, მოსკოვთან უთანხმოების კონტექსტში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ ახსენა:
„ჩვენ რუსეთისადმი რეალისტური მიდგომის გამომუშავება გვჭირდება. უნდა გავიგოთ, ვინ არის პუტინი და რაში მდგომარეობს მისი მოტივაცია, აღადგინოს რუსეთის იმპერიის პრესტიჟი და გავლენა, რისთვისაც იგი მზადაა გადადგას ექსტრაორდინარული ნაბიჯები. ჩვენ ვიცით, რომ ჩეჩნეთში მან მასშტაბური სისხლისღვრა მოაწყო. იგი შეიჭრა საქართველოში. ახლა პუტინი ზეწოლას ახდენს იმ რეგიონში მდებარე ყველა ქვეყანაზე, რომელსაც იგი ახლო საზღვარგარეთს უწოდებს. ასეთია პუტინი და ჩვენ უნდა აღვიქვათ იგი ისეთად, როგორც არის“.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ტყუილში ამხელს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დასდო ბრალი სირიელ მეამბოხეებს. მაკკეინის აზრით, იმ ფონზე, როდესაც სირიის მთავრობა რეგულარულად ღებულობს შეიარაღებას რუსეთისაგან, დასავლეთმა უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინოს სირიელ მეამბოხეებს. მაკკეინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ შედგენილ „შავ სიას“ უნდა დაემატოს რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა სახელები, რომლებიც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წამებაში, ცემასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ და დღემდე დაუსჯელები არიან.