თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მიხეილ დარჩიაშვილმა თავდაცვის საკითხებზე ბალტიის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე, ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცების მაღალი დონის წარმომადგენლები.
ფორუმზე მონაწილეებმა ტრანსატლანტიკური საზოგადოების მზადყოფნა და შესაძლებლობა თავდაცვის საკითხებში გონივრული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით განიხილეს.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ესტონელ კოლეგასთან სვენ საკოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კილიკე სილასტე-ელინგთან.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.