გიორგი დეკანოსიძე:

გიორგი დეკანოსიძე: "მთელ ქვეყანას ბოდიშს ვუხდი, "დინამო" ასე არ უნდა თამაშობდეს"

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტმა გიორგი დეკანოსიძემ „ჰამრუნთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა.

მთავარი მწვრთნელი შესვენებაზე გასახდელში მეტოქესთან ჩხუბის გამო გააძევეს და ის მედიის წინაშე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, მისმა ასისტენტმა ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ „დინამო“ ასე უნდა თამაშობდეს.

„თამაშზე ვერაფერს ვიტყვი ერთის გარდა: ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას, რადგან „დინამო“ ასე არ უნდა თამაშობდეს. ინციდენტს რაც შეეხება, პირველი თამაშიდან დაიწყო ყველაფერი, როცა ჩვენ ბურთი გადავაგდეთ და არ დაგვიბრუნეს. გოლის შემდეგ რაღაც სიტყვები იყო, რომელიც ჩვენთვისაც არასასიამოვნო იყო და ყველაფერი გასახდელთან გაგრძელდა.

„ასტანასთან“ თამაშის მერე ალბათ ფსიქოლოგიურად ცოტა გაგვიჭირდა, რადგან დიდი უპირატესობა გვქონდა და ყაზახურ გუნდთან წასაგები არ გვქონდა, ამიტომ, ყველამ მძიმედ გადაიტანა, მაგრამ ეს არ გვამართლებს, რომ ასე ვითამაშოთ და ასეთ გუნდთან დავმარცხდეთ. ამ მომენტში ძალიან რთულია სამწვრთნელო შტაბის მომავალზე საუბარი. პასუხისმგებლობას გიორგი ჭიაბრიშვილი და მისი სტაფი არ გაურბის, პირველი ჩვენ ვართ დამნაშავეები. რა იქნება, გამოჩნდება, ცხელ გულზე ვერაფერს გეტყვით.

„ასტანასთან“ მარცხი უიღბლობა იყო, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამჯერად, გარკვეული პრობლემები იყო, ტრავმებთან, ახალი ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით. ძალიან რთულია ტრანსფერები, ჩვენც ვეძებთ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მიზეზის გამო არ გამოდის, ზოგი მოთამაშე უარს ამბობს აქ თამაშზე. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგიდან უფრო მარტივია კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშო, მაგრამ იქიდან გამოვარდნის შემდეგ შეიძლება წნეხი შეიქმნა გუნდში, რაც პრობლემა იყო", - თქვა დეკანოსიძემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“, ხოლო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ წააგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა.