ლიგის თასის 1/16 ფინალში „ინტერ მაიამიმ" „ორლანდო სიტი“ დაამარცხა - 3:1. ახალი კლუბის შემადგენლობაში ლიონელ მესიმ, კვლავ დუბლი შეასრულა.
შეხვედრის მე-7 წუთზე ანგარიში მესიმ გახსნა. თითქმის მაშინვე მოწინააღმდეგემ სეზარ არაუხოს გოლის წყალობით გათანაბრება მოახერხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, დევიდ ბექემის კლუბის ფორვარდმა, ჯოზეფ მარტინესმა, ზუსტად დაარტყა პენალტი. ცოტა ხნის შემდეგ კი მესიმ კვლავ გაიტანა. ეს არგენტინელი დიდვარსკვლავის ზედიზედ მეორე დუბლია ამერიკული კლუბის შემადგენლობაში.
მერვედფინალში მაიამის „ინტერი“ „დალასს“ შეხვდება, რომელმაც „მაზატლანს“ მოუგო (2:1).
შეგახსენებთ, ლიგის თასზე აშშ-სა და მექსიკის გუნდები თამაშობენ. ჯგუფურ ეტაპზე მაიამის „ინტერმა“ ორი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტურში გუნდმა მექსიკურ „კრუს ასულს“ 2:1 მოუგო, მეორე ტურში „ატლანტა იუნაიტედს“ 4:0 სძლია.
ამგვარად, მაიამის „ინტერმა“ სამხრეთის მე-3 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, სამხრეთ მე-2 ჯგუფში „ორლანდო სიტიმ“ გაიმარჯვა. მათ ჰიუსტონის „დინამოსა“ (1:1, 5:4 პენალტებით) და მექსიკურ „სანტოს ლაგუნას“ (3:2) მოუგეს.