ილიას ზუროსი:

ილიას ზუროსი: "კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით, მაგრამ დაცვა აუცილებლად გამოსასწორებელია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩის (102:104) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, აუცილებელია დაცვაში უკეთ თამაში, რადგან ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი იქნება.

ზუროსი ფიქრობს, რომ ბოლო წამზე სწორედ დაცვაში კონცენტრაციის დაკარგვის გამო წააგეს:

„ძალიან ვამაყობ მოთამაშეების ძალისხმევით. მეორე თამაში და პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა მეორე ნახევარში ძალიან კარგი კალათბურთი შემოგვთავაზა. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესი დაცვა, ეს ის სათამაშო კომპონენტია, რომლის გაუმჯობესებაც გვმართებს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იმ გუნდებს, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ. დაცვის გამოსწორება დიდ ენერგიას, კონცენტრირებას საჭიროებს, აუცილებელია უკეთ მოვხსნათ ბურთი. ბოლო წამზე მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში სწორედ კონცენტრირების ნაკლებობის გამო დავთმეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ", - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 აგვისტოს, რიგაში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.