რატომ არ იყო მელია „გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაციაზე და დაუმალეს თუ არა ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის შესახებ

რატომ არ იყო მელია „გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაციაზე და დაუმალეს თუ არა ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის შესახებ

ხუთშაბათს, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ე. წ. „გამარჯვების პლატფომის" პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა, მეტიც, საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიწვევაზე ზედმეტია საუბარი, რადგან პარტიის მოქმედმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ვაშაძესთან ალიანსის შესახებ ინფორმაცია მას საერთოდაც დაუმალა.

რატომ არ იყო პრეზენტაციაზე და იცოდა თუ არა რეალურად ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის შესახებ, თვითონ მელიას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ენმ-ს წევრები კი ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.

„როცა „ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები დაინიშნა, მაშინ არცერთისთვის არ დამიჭერია მხარი, ოთხივე კანდიდატი იყო ძალიან ღირსეული, მაშინაც ვუდასტურებდი მათ ჩემს პატივისცემას და ახლაც. პირადი წყენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ იმ დიდ იდეაზე მაღლა და წინ, რასაც ჩვენი ერთიანობა ჰქვია, იმიტომ, რომ ახლა ბევრად უფრო სხვა მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს წინ და საქმე გვაქვს გასაკეთებელი," - განაცხადა ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ბარამიძემ.

ნიკა მელიას შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას.

„მე არ ვიმყოფებოდი თბილისში, სამუშაო შეხვედრა იყო თბილისის გარეთ და მქონდა ინფორმაცია ამ პრეზენტაციის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური ინიციატივაა. ვინ იქნება ამ გაერთიანების ლიდერი, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ყველას ლიდერული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს ჩადებული ერთიან ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად უნდა დამთავრდეს რუსული რეჟიმის დამარცხებით," - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც ცნობილი ხდება, ხაბეიშვილმა საერთოდაც არ ჩათვალა საჭიროდ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან" გაერთიანების შესახებ მელია საქმის კურსში ჩაეყენებინა, რადგან როგორც თავად თქვა, მელია პარტიის „ერთ-ერთი რიგითი წევრია".

„კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, შესაბამისად ეს საქმეები განხილული იყო, გადაწყვეტილება მიღებულია, შესაძლოა ტელევიზიით გაიგოს ვიღაცამ, ფოსტებს არავის არ ვუგზავნით. ჩემი აზრით, არასერიოზულია მართლა ადამიანები რომლებიც გადაწყვეტენ თავად, რომ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში იყვნენ და დააკნინონ და ლანძღონ ნაციონალურ მოძრაობა, მე მათ ფოსტის ვერაფერს ვერ გავუგზავნი," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

კითხვაზე, რატომ არ იყო ნიკა მელია ალიანსის პრეზენტაციაზე, ხაბეიშვილის ფლანგის წევრები ამბობენ, რომ ეს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ჰგავს, რადგან პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.

რაც შეეხება მელიას ფლანგს, ისინი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილი-ვაშაძის ალიანსი გამარჯვების ფორმულა სულაც არაა.

„ვაშაძის მონაწილეობით არაერთი გაერთიანება, რომლის შექმნის არც შინაარსი ესმოდა თავის დროზე ჩვენს ამომრჩეველს, და შემდგომ, ეს გაერთიანებები ისე იშლებოდა, რომ ამომრჩველისთის განმარტება არავის გაუკეთებია. იმედს ვიტოვებ, ეს გაერთიანება მსგავსი არ იქნება და არჩევნებამდე ფორმალურად მაინც მიაღწევს. თუმცა უცნაურია, პარტიიდან ნიკა მელიას უშვებდე და ვაშაძე-ხაბეიშვილის ტანდემით ცდილობდე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას, თუმცა „ნეტა არიან მორწმუნენი"... ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღეს ამ დღეშია," - ამბობს ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე.

„ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ეს გაერთიანება წარმატებას ვერ მიაღწევს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" რეალურად არც არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილი და ყოველთვის ქვეყნის საზიანო საერთო გეგმით მოქმედებდა.

„ღრმა კრიზისში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ლიდერებმა დატოვეს, ცდილობს რამენაირად გაძლიერდეს" - ასე ეხმაურება ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.