პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 30 ოქტომბრამდე გაუქმდება

პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 30 ოქტომბრამდე გაუქმდება

საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ლიკვიდაციას ექვემდებარება. აღნიშნული  სტრუქტურის ლიკვიდაცია 30 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით, მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით სპეციალური კომისიაც შეიქმნება. სამსახურის ლიკვიდაციას „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა. პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.

როგორც კანონპროექტის ავტორი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საქმე იმ სტრუქტურის ლიკვიდაციას ეხება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. 

„ქართული ოცნების" ამ ნაბიჯს პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის მხრიდან სერიოზული პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც უმრავლესობამ უშუალოდ სააკაშვილის დაქვემდებარებაში ცალკე სტრუქტურის - პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და ამ მიმართულებით კანონში შესაბამისი დამატებებიც შეიტანა. 
აღნიშნულ სამსახურს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვა უნდა უზრუნველეყო, თუმცა ცალკე სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების და კანონის დონეზე დარჩა, რადგან რეალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში აღნიშნული ორგანო არ ჩამოყალიბებულა.

ამის მიზეზებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განმარტავენ, თუმცა არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მისი დაცვის სამსახურის შექმნას იმ გარემოებამ შეუშალა ხელი, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მასთან გადასვლაზე უარი თქვეს და ცალკე სამსახურის შექმნისთვის თანამშრომელთა საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა.

იმის მიუხედავად, რა კრიტიკაც იყო პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური არ შეუქმნია და სტუქტურის გაყოფა არ მომხდარა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღესაც იცავს და პრეზიდენტობის შემდგომაც დაიცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ყველა ის მუხლი ამოდის, რომელიც პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის არსებობას ითვალისწინებს. ასევე, პროექტის თანახმად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 30 ოქტომბრამდე უნდა იყოს ლიკვიდირებული. მის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განისაზღვრება. როგორც ცნობილია ნოემბერში განხორციელებული ცვლილების თანახმად  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახური პრემიერ-

მინისტრს დაექვემდებარა. ცვლილებებამდე აღნიშნული სამსახური ექვემდებარებოდა პრეზიდენტს, რომელიც ასევე ნიშნავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს. თუმცა ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსად პრემიერმა მისივე დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დანიშნა.

პრეზიდენტს დარჩა მისი პირადი დაცვის სამსახური, რომელიც 350 ადამიანისგან შედგება და 7- მილიონიანი ბიუჯეტი. პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი თემურ ჯანაშიაა, რომელიც ცვლილებამდე იყო სახელწმიფო დაცვის სამსახურის უფროსი, პლიუს პრეზიდენტის დაცვის უფროსიც. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე, რაც როგორც კანონპროექტის ავტორი ირაკლი სესიაშვილის აცხადებს პიარზე იყო იყო გათვლილი.

„მაშინ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკვატურ რეაქციას. არ ვიცი, შეეშინდა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან უნდობლობა ჰქონდა, თუ ეს იყო ამ თემებით პოლიტიკური მანუპულირება, მან მოითხოვა პირადი დაცვის სამსახურის შენარჩუნება. ეს პრეზიდენტმა გამოიყენა პიარისთვის, დასავლეთისთვის თითქოს ახალმა ხელისუფლებამ ის დაცვის გარეშე დატოვა.  

ჩვენ დავთანხმდით იმ მოდელს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ყოფილიყო ცალკე ორგანო, რომელიც დაქვემდებარებოდა პრეზიდენტს და იქნებოდა პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური და ამით დაკმაყოფილებული იქნებოდა ჩემის აზრით პრეზიდენტის არადეკვატური პრეტენზია.

თავიდანვე ამ მოდელის წინააღმდეგი ვიყავი, რამდენადაც  ხდებოდა ფუნქციების დუბლირება, რაც ზოგადად უსაფრთხოების სამსახურში დაუშვებელია.  ახლა, როდესაც მოახლოვდა საპრეზიდენტო არჩვნები, ჩვენ აღარ გვეყოლება ასეთი პრეტენზიების მატარებელი პრეზიდენტი, ვუბრუნდებით იმ მოდელს - როდესაც არსებობდა ერთი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო პირების, ასევე სახელმწიფო ობიექტების დაცვას. ამიტომ, ამ ცვლილებების ფარგლებში მთლიანად უქმდება კანონში თავი რომელიც შეეხება პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საკუთარი კონპეტენციის ფარგლებში ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ევალება, ხოლო კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში მთავრობის და პრეზიდენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ლიკვიდაციასთან

დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განახორციელებს. გარდა ამისა, როგორც სესიაშვილი აცხადებს, კანონში ცალკე პუნქტად იწერება, რომ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა - სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი შეუნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე.