მარცვლეულის შეთანხმება აღარ გაგრძელდება – რის ითხოვს რუსეთი და რით აშანტეჟებს მსოფლიოს?

მარცვლეულის შეთანხმება აღარ გაგრძელდება – რის ითხოვს რუსეთი და რით აშანტეჟებს მსოფლიოს?

რუსეთის მთავრობამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის განცხადებით, გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იქამდე არ გახანგრძლივდება, სანამ რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

17 ივლისს რუსეთის ელჩმა ბელორუსში, ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ოფიციალურად უკრაინას თავისი საელჩოს მეშვეობით აცნობა, მინსკში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ. მისი თქმით, უკრაინაში საელჩოდან გაიგზავნა განცხადება სხვადასხვა დიპლომატიური არხებით, სადაც ნათქვამია, რომ ხელშეკრულება 18 ივლისიდან შეწყდა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მოთხოვნებს შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის „სვიფტის“ სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გაერო-ს გენერალურმა მდივნმა ანტონიო გუტერეშმა წუხილი გამოთქვა რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლის გამო. მისი თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა წერილზე, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა და რომელშიც, მისივე განცხადებით, დასახელებული იყო ახალი წინადადებები, რომელთა განხორციელებასაც გაერო სთავაზობდა რუსეთს, რათა რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებები მოხსნილიყო. გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ წინადადებებს შორის იყო რუსული ბანკის, „როსსელხოზბანკის“ საერთაშორისო საგადახდო სისტემა „სვიფტში“ დაბრუნება და სხვა ზომებიც.

„ღრმად ვარ დამწუხრებული, რომ ჩემი შეთავაზებები უყურადღებოდ დარჩა. რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება დარტყმას მიაყენებს გაჭირვებულ ადამიანებს ყველგან, მაგრამ არ შევწყვეტთ ძალისხმევას, რომ გლობალურ ბაზრებზე უზრუნველყოფილი იყოს საკვები პროდუქტების და სასუქების დაუბრკოლებელი მიწოდება, როგორც უკრაინიდან, ისე რუსეთიდან.

აუცილებლად გავაგრძელებთ გამოსავლის გზების ძიებას. ძალიან ბევრი დევს ფსონზე შიმშილითა და გაჭირვებით აღსავსე სამყაროში“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი მკვეთრად იზრდება. ერთდღიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 2.5%-ით მოიმატა და 6.77 დოლარი შეადგინა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამასობაში თურქეთსა და გაეროს მიმართა წინადადებით, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირება რუსეთის გარეშე გაგრძელდეს. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთთან არანაირი შეთანხმება არ გაუფორმებია, ხოლო მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა თურქეთთან და გაეროსთან.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშე. ის კვლავ მოქმედია. ერთადერთი, რაც ახლა რჩება, არის მისი გულდასმით განხორციელება და მსოფლიოს მხრიდან მტკიცე ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე.

უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და გემების შემოწმება. და ეს აუცილებელია ყველასათვის მსოფლიოში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მარცვლეულის შეთანხმების სასწრაფოდ აღდგენას ითხოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. „რუსეთის გადაწყვეტილება, არ გაახანგრძლივოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, არის არაკეთილსინდისიერი“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს რუსეთს, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს შეთანხმება.

„უკვე ვხედავთ, რომ ბაზარი რეაგირებს ამაზე, რადგან ფასები იზრდება. მთავარია, რომ ეს არაკეთილსინდისიერია. ეს არ უნდა მოხდეს. შეთანხმება უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად. იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყანა ამას ყურადღებით ადევნებს თვალს. ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი თქვა საკვებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ხელი შეუწყო ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა განაგრძობს ძალიან მძიმე ინფლაციას“, – განაცხადა ბლინკენმა.

მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლას ეხმიანებიან საქართველოშიც. თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმება ერთგვარი შანტაჟის მექანიზმია, რომელსაც რუსეთი მის მიმართ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად იყენებს და მანამდე არ განაახლებს, სანამ რამე ხელშესახები არ იქნება მისთვის.

„რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მას მოუხსნიდნენ გარკვეულ სანქციებს თავის ექსპორტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ერთი პერიოდი განიხილავდა კიდეც ამ საკითხებს, ეს მაინც არ მოხდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი ფიქრობს, რომ ეს ხელშეკრულება დაიტოვოს როგორც ზეწოლის მექანიზმი, როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან მიმართებაში.

ეს ომზე იმდენად არ აისახება - აისახება მესამე სამყაროს ქვეყნებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ღებულობდნენ ამ მარცვლეულს. ამიტომ, ისინიც დაინტერესებულები არიან, რომ ეს ომი დამთავრდეს.

რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს შეთანხმებას, თუ მას მოუხსნიან გარკვეულ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რაც უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა კაკაჩიამ.