„თუ ის ხალხი მაშინ აყალბებდა, დღეს აღარ გააყალბებს?!“

„თუ ის ხალხი მაშინ აყალბებდა, დღეს აღარ გააყალბებს?!“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ამ ეტაპზე კომისიაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა თამარ ჟვანიას განცხადებით ძირეული ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება. 
„მე, როგორც თავმჯდომარემ, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭირვალე, ვიქნებით კანონის მორჩილი ადმინისტრაცია, აუცილებლად ვიქნებით პროფესიონალები ჩვენს საქმეში. რა თქმა უნდა, ვიქნებით მიუკერძოებლები. მთავარია ჩვენ ყველამ ერთად ავაშენოთ ნდობა და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს საუკეთესო, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა“, - აცხადებს თამარ ჟვანია. როგორი არჩევნები გველის, რა პრობლემების წინაშე მოუწევთ გამკლავება პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს ამ თემაზე ცსკ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ექსპერტი ნანა დევდარიანი გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, ცესკოს ყველა თავმჯდომარე თავის დროზე მაქსიმალურად მიუკერძოებელ და გამჭვირვალე არჩევნებს გვპირდებოდა, თუმცა შემდეგ თითოეულ მათგანთან არსებობდა პრეტენზიები. ამ შემთხვევაში როგორ არჩევნებს ელით?

- ის, რომ არჩევნები გამჭვირვალე და მიუკერძოებელი იქნება, ასეც უნდა იყოს. რამდენად გამჭვირვალე იქნება, ამას თვითონ არჩევნები გამოაჩენს. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს - არ არსებობდა დახურული სხდომა, არ არსებობდა გადაწყვეტილება, რომელიც მაშინვე არ გამხდარიყო ცნობილი და მთელი პროცესი, ხმის დათვლაც და ა.შ. იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე.

თუმცა, ეს არ აღმოჩნდა დაზღვევა, რომ მერე არ გაცხადებულიყო არჩევნები გაყალებულად და არ მომხდარიყო რევოლუცია. ამდენად, ცსკ კი არის დამოუკიდებელი ორგანო და მისი თავმჯდომარე შეიძლება ყველაფერს აკეთებდეს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად ჩატარდეს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევიან ამ დღეს ის პოლიტიკური ძალები, ვინც მონაწილეობენ არჩევნებში. როგორ მოიქცევიან თვითონ კანდიდატები, როგორი ვითარება იქნება მედიაში.

უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი პირობები არ აქვთ კანდიდატებს იგივე მედიაში. მედიაში თანაბრად არ შუქდება კანდიდატები, ფასიანი რეკლამის ღირებულება გაოთხმაგდა. პარტიების დაფინანსებისას, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ბურჯანაძის პარტია დაფინანსების გარეშე დატოვეს. ასე რომ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გავლენას ახდენს.

არჩევნების შედეგები დგება არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ამომრჩეველი ურნაში აგდებს ბიულეტენს, არამედ მთელი წინასაარჩევნო მარათონის განმავლობაში.

ბურჯანაძე რატომ დარჩა დაფინანსების გარეშე?

- იმ საბაბით, რომ მას არ მიუღია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ არაორდინალური საპარლამენტო არჩევნები იყო და ბიძინა ივანიშვილმა ყველას მოუწოდა, ჩემი კოალიციით გავდივარ და ნუ შემიშლით ხელსო. ის, რომ ბურჯანაძემ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და არ წაართვა კოალიციას ხმები, დაგვირგვინდა იმით, რომ დარჩა დაფინანსების გარეშე.

ეს ხომ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, გამონაკლისი უნდა დაეშვათ ბურჯანაძისათვის და კანონი შეეცვალათ?

- კანონმდებლობა ბიბლია ხომ არ არის, რატომ ვერ შეცვლიდნენ? ყველაფერი შეცვალეს, მათ შორის, კანონმდებლობაში იყო დაფინანსების წესი და ისიც შეცვალეს. უბრალოდ, არ მოინდომეს. ნურავინ ნუ იტყვის, რომ კანონმდებლობაში ასეა. საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონებში საჭიროების მიხედვით შეაქვს ცვლილებები.

შემდეგ თემაზე გადავიდეთ, ესაა, კანდიდატების რეგისტრაცია, რომელმაც საკმაოდ კომიკური ხასიათი მიიღო. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ დაარეგისტრირეს, მერე მიხვდნენ, რომ რაღაც შეეშალათ და ისევ მოხსნეს რეგისტრაციიდან ორმაგი მოქალაქეობის გამო. სალომე ზურაბიშვილი ვიცით, რომ საერთოდ არ დაარეგისტრირეს. რასთან გვაქვს საქმე, კანონმდებლობაშია ხარვეზი და არ ასწორებენ? რატომ ვიღებთ მუდმივად ტრაგი-კომიკურ სიტუაციას?

- ხელისუფლება შეიცვალა 2012 წლის ოქტომბერში, ერთ წელიწადში არჩევნები რომ უნდა გამართულიყო, იმთავითვე ცნობილი იყო. აქამდე კი არ უნდა მოსულიყო ეს საკითხები, ეს ყველაფერი ამ 10-11 თვის განმავლობაში განხილული უნდა ყოფილიყო.

როგორც ბევრ სხვაზე, ამ საკითხზეც არავის უმუშავია და ახლა მაინც ვერავინ ვერ მოიყვანს საბუთად, რომ დასავლეთი ვერ გაგვიგებს და კოაბიტაციაში ვართო.

ერთი, რომ დიდი პრეტენზიები იყო როგორც საარჩევნო სიების, ასევე საარჩევნო კოდექსის მიმართ და თუ რამე შესაცვლელი იყო, უნდა შეცვლილიყო. ახლა გამოდის, რომ ის ნორმა, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ისევ ძალაშია დატოვებული და ნორმა, რომელსაც აპროტესტებდნენ, ახლა გამოყენებულია მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

ასეთი პარადოქსული ვითარებაა, ამას მუშაობა უნდა. ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ მარტო ტელევიზორში უნდა გამოვიდნენ და ინტერვიუ მისცენ, ყოველდღე რომ უნდა იმეცადინონ, ეს ავიწყდებათ - ყოველდღიურად არის სამუშაო საკუთარ თავსა და კანონმდებლობაზე, აბა, იქ რატომ სხედან?!

ამბობთ, რომოცნებამ არ იმუშავა“?

- არ იმუშავა. მახსოვს, დავით უსუფაშვილმა რომ თქვა, ჩვენ არ შევიტანთ სახელდახელო ცვლილებებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვისო - საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყო საუბარი, მაგრამ არსებობდა გადაუდებელი საკითხები, რომელიც თვითონვე უქმნიდათ თავის დროზე დაბრკოლებებს და ხომ შეიძლებოდა ეს საკითხები მაინც გადაეწყვიტათ?!

ცოტა ხნის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებას, ექსპერტებს და პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ნუ აკრიტიკებენ საარჩევნო სიებს, რადგან ეს ამომრჩევლის ნდობაზე ცუდად აისახება. თქვენი შეფასებით, როგორი სიები გვაქვს და უნდა გაკეთდეს თუ არა მასზე აქცენტები?

- არცერთ არასამთავრობო ან სამთავრობო ორგანიზაციას არ შეუძლია, ვინმეს აზრის თავისუფლად გამოხატვა აუკრძალოს. პირდაპირ კომიკურია, 2003 წლის სექტემბერში მივედი ცსკ-ში, 22 ნოემბერს წამოვედი იქიდან და მე მთხოვდნენ არასრულ სამ თვეში გამეკეთებინა ის, რაც ვერ გააკეთეს, მას შემდეგ, 10 წლის განმავლობაში - ამომრჩეველთა სიებს ვგულისხმობ.

რა გახდა, ამ სიების დამუშავება და საბოლოო სახის მიცემა? -არაფერი, უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის. როგორ ახსნით, რომ 2003 წელს 3.200.000 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, საარჩევნო სიაში და დღეს 3.500.000-ზე მეტია, 3.700.000-ს უახლოვდება. არც ამ საკითხზე არ უნდა ემუშვა ვინმეს ამ 10 თვის მანძილზე?

გასაგებია, რომნაციონალურ მოძრაობასარ აწყობდა, „ქართულ ოცნებაზეძნელია თქვა, რომ მასაც არ აწყობს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა საარჩევნო სიების გადახედვა?

- არავის არ ვურჩევ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ასეთი იმუნიტეტი მიანიჭოს, რომ მას ხმები არ სჭირდება. არჩევნებში ზედმეტი ხმები ყველას სჭირდება. მინდა შეგახსენოთ, რომ მთელი სარჩევნო ადმინისტრაცია როგორიც იყო, ისეთი დარჩა. არავინ არ შეცვლილა. ცსკ-ზე ხომ არ არის ლაპარაკი - ცსკ მონაცემებს იღებს უბნებიდან და ოლქებიდან. საუბნო კომისიებში შეიცვალა ვინმე? მე მგონი, ისევ იგივე ხალხია.

თუ ვამბობთ, რომ 40% გაყალბებით დაიწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ეს სადავოც კი არ არის - გვახსოვს მაშინ რა ვითარება იყო და მარტო ხაშურის ფაქტები გავიხსენოთ. თუ ის ხალხი მაშინ აყალბებდა, დღეს აღარ გააყალბებს? გააყალბებს ან ძველი პატრონის, ან ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ, ეს ელემენტარული ლოგიკაა. ამ მიმართულებით არ გადადგმულა ნაბიჯები და უკვე სასაცილოს ემსგავსება განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ თურმე ვიღაცეებს ვერ გაუშვებენ სამსახურებიდან იმის გამო, რომ ისინი ნაციონალები არიან და ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა იქნება.

მაშინ, საერთოდ ნუ შეცვლიდნენ ხელისუფლებას, ნუ განდევნიდნენ ამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებიდან და იქნებოდა ასე დაწყობილად ეს ყველაფერი. აზრი ხომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ბრძოლას, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადგეს?!

სამოქალაქო რეესტრმა რეგისტრაციიდან მოხსნა 98 ათასი ადამიანი იმ მიზეზით, რომ ისინი რეგისტრირებულ მისამართებზე არ ცხოვრობენ. მათ ახალი პირადობის მოწმობის აღებას ურჩევენ, რომელიც იქნება უფასო. როგორ ფიქრობთ, მოესწრება ეს პროცესი დარჩენილ ვადებში? ამ ადამიანებს პრობლემები ხომ არ შეექმნებათ ხმის მიცემის დროს?

- ეს უნდა გაკეთებულიყო გაცილებით ადრე, მაგრამ მეორე საკითხი დგება - ჩვენ აღარ გვაქვს ჩაწერის ინსტიტუტი, ძალიან დიდი ხანია გაუქმებულია, ადამიანს აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღარაფერს ვამბობ იმ ათასობით პირზე, რომელმაც სახლ-კარი დაკარგა, ზოგი არარსებულ მისამართზეა რეგისტრირებული, ზოგი ქირით არის, ზოგი ხშირად იცვლის საცხოვრებელს და ა.შ. ეს ისეთი ღრმა პრობლემაა, რომ მე მგონი, თვალი უნდა გაუსწოროს ხელისუფლებამ.

საარჩევნო სიები მარტო ამ სეგმენტით არ მოწესრიგდება. საარჩევნო სიები მთლიანად თუ არ დაიხვეწა, არაფერი გამოვა. რეგისტრაციის ადგილს არჩევნების დღის გარდა არავისთვის არ აქვს მნიშვნელობა. არჩევნების დროს იმიტომ არის საჭირო, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მიწერიალია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ადრე იყო პრაქტიკა - დამატებითი პირადობის მოწმობების ჩამობეჭდვა - ამას ყალბ პირადობის მოწმობასაც კი ვერ დაარქმევ, იმიტომ, რომ უფლებამოსილი პირის მიერ არის გაცემული, მაგრამ ყალბია თავისი შინაარსით, რადგან ერთ კაცზე შეიძლება იყოს გაცემული ორი-სამი და მეტი პირადობის მოწმობა, სხვადასხვა მისამართებზე ან სხვადასდვა გვარებით.

სავარაუდოდ, ამ ყალბი პირადობის მოწმობების გამო არავინ დასჯილა, იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არჩევნებზე როგორც ითქვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასეთი პირადობის მოწმობები სამეგრელოში გამოიყენეს და არავინ იცის დღეს ასეთი მოწმობები არსებობს ისევ თუ არა..

- თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში ნაციონალები არიან, იმიტომ, რომ თავის დროზე არჩეულები იყვნენ თვითმმართველობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ მთლიანად განახლებულია თავისი ხელმძღვანელობის ჩათვლით?! მათ მაინც ბევრი შრომა არ დასჭირდებოდათ, რომ გაევლოთ ეს ბაზა და გაერკვიათ, სად რა ხდებოდა.

ამის გაკეთება შეიძლებოდა, მარტო განადგურება კი არა, ამოღება, გამოძიება და გარკვევა უნდა, ვინ გასცემდა და ვისი ბრძანებით - ეს დოკუმენტების გაყალბებაა.

20 წლის წინ საქართველოდან წასული ადამიანები ჯერ კიდევ არიან ამომრჩეველთა სიაში. სხვათა შორის, 2003-ში ეს ხალხი ჩანიშნული გვქონდა - მათ სიებიდან ვერ ამოიღებ, რადგან ნებისმიერ უცხოეთში წასულ მოქალაქეს შეუძლია არჩევნების დღეს სამშობლოში დაბრუნდეს და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს. უამრავი დასაზუსტებელი დეტალია და როგორც ვიცი, ამ საკითხზე არავის არ უმუშავია.

გამოდის, რომ კაციტაძის სიებით ვატარებთ ამ არჩევნებსაც, თუმცა ცსკ- ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ცსკ-ში ძირეული ცვლილებები ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში რა უნდა შეიცვალოს, რა არის აუცილებელი იმისათვის რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდეს?

- თავმჯდომარეს არ შეუძლია, ერთპიროვნულად შეცვალოს ის სისტემა, რომლითაც ინიშნებიან კომისიებში წევრები. მას შეუძლია, დამატებით გამოაცხადოს კონკურსი და თუ თვლის, რომ ვიღაც არ არის კვალიფიციური, ის ჩაანაცვლოს. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, ნაციონალებმა სერტიფიკატების დარიგება რომ დაიწყეს, უპირატესად მათ მომხრეებს აძლევდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ გაიარეს ეს კურსები და შეისწავლეს რაც საჭირო იყო, მაგრამ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები იყვნენ. ამის უარყოფას, ალბათ, ვერავინ დაიწყებს.