საზღვარსაქეთა საზღვარგარეთი

საზღვარსაქეთა საზღვარგარეთი

ვლადიმერ პუტინი „სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. შესაბამისი დავალება მან უკვე მისცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გამართოს მოლაპარაკებები „სამხრეთ ოსეთის“ მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ“.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმებით განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის ზოლი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. როგორც რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში აღნიშნავენ, ზემოხსენებული ხელშეკრულების გაფორმება, ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებას და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების განხორციელებას.

რუსეთის პირველი პირის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. დოკუმენტი ცხინვალსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეიტყო, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბათილად იქნება ცნობილი.

 „საპროტესტო ნოტით მყისიერად მივმართეთ რუსეთს ფედერაციას. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გავუგზავნეთ საპროტესტო ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ხელშეკრულების გაფორმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და ბათილად იქნება ცნობილი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე განმარტვას, რომ რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს და აქვე განმარტავს, რომ  საქართველოს საგარეო უწყება, ამ საკითხის მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშორისო თანამეგობრობას და დასავლეთს. 

„არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს. ცხინვალთან  არის მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც უკანონოდ ივლება მავთულხლართები რუსეთის მიერ. რუსეთის ყოფს ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

არაა გამორიცხული, ეს საკითხი გახდეს მომავალ კვირას ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ძირითადი თემები სავიზო რეჟიმი, სატრასპორტო კავშირები და რეგულარული ავიარეისები იქნება.

„ხელშეკრულება ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ უბრალო ქაღალდი იქნება და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს“, - ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, რუსეთის მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილებები პირველი არ არის და ის რასაკვირველია, უკანონოა.

„პირველი არ არის ამ ტიპის გადაწყვეტილება, როცა რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს და ბუნებრივია, ეს უკანონოა. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი, შესაბამისად, ამგვარი დადგენილების მიღება უკანონოა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. დადგენილება უბრალო ქაღალდი იქნება, შესაბამისად, ეს არაფერს ნიშნავს", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობს და მათზე ამგვარი პრობლემები უშუალოდ აისახება.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე foe.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზღვრის დაფიქსირება დემონსტრირებაა იმისი, რომ რუსეთი ნაკლებად ითვალისწინებს იმ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულების პირობებს, რომელიც აღნუსხულია საერთაშორისო ვალდებულებებში. გია ვოლსკის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. ამდენად, დღეს თუ ამას ერქმევა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის  „საზღვარი“, მისივე თქმით, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ეს იქნება საქართველო-რუსეთის  საზღვარი.

„ურთულეს პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მათ შორის ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ფორმულები, აქსიომები არ არსებობს. არსებობს სტრატეგია და ტაქტიკა რომლითაც მოძრაობს ერთი და მეორე მხარე. რუსეთს თავისი სტრატეგიული მიზნები აქვს, ჩვენ - ჩვენი.  რაღაც საკითხებში შეიძლება ეს არა თუ არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, არამედ რადიკალურადაც უპირისპირდებოდეს ერთმანეთს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიაზე ხელი უნდა ავიღოთ. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგი ვაწარმოოთ, მათ შორის - რუსეთთან“, - აცხადებს გია ვოლსკი.