რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთის რეაბილიტაცია?

რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთის რეაბილიტაცია?

რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რომელიც 1992 წლიდანაა დაკეტილი, რუსული მხარე გზების აღდგენას იწყებს. დაღესტნის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი ბონდარევის განცხადებით, გზის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება და პირველ ეტაპზე გზა საქართველოს საზღვრამდე აღდგება. 
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მას არ აქვს ინფორმაცია, გაიხსნება თუ არა გზის ამ მონაკვეთზე სასაზღვრო პუნქტი. 

როგორც ცნობილია საზღვარი 1992 წლიდან ჩაკეტილია, თუმცა ყვარლის რაიონის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ საგუშაგოს მეორე მხარეს, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოები დაწყებულია. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში ადასტურებენ, რომ რეაბილიტაცია დაიწყო და გზა ჯერჯერობით საზღვრამდე მივა. როგორც პრეს-სამსახურის უფროსი ანდრეი ბონდარევი აცხადებს, გადაწყვეტილება მიღებულია ამ გზის რეაბილიტაცია მშენებლობაზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის ეკონომიკური შეფასება. სამუშაო კომისიამ გზა უკვე დაათვალიერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა აშენდება. ჯერ არ შემიძლია ვთქვა იქნება თუ არა ამ გზაზე სასაზღვრო პუნქტი, ეს საკითხი სასაზღვრო დეპარტამენეტის კომპეტენციაში შედის და მომავალში გადაწყდება“, - აცხადებს ანდრეი ბონდარევი.

ქართული მხარე აპირებს გაარკვიოს რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე რა სამუშაოების განხორციელებაზეა საუბარი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მის უწყებასთნ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„არც რუსული მხარის მიერ და არც ჩვენი სხვა კოლეგების მხრიდან, ამაზე საუბარი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ გავარკვიოთ რა სამუშაოებზეა საუბარი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის ჩანაფიქრი მარტივია, ის ცდილობს ეკონომიკური მიმართულებით გააქტიუროს საქართველოსთან ურთიერთობები.

„რაც შეეხება დაღესტნის გადმოსასვლელს, ამ საკითხის განიხილავს საქათველოს მთავრობა და მათ შორის საქმის პროფესიონალები. ჩემი აზრით, რაც შეიძლება მეტი სფერო და მეტი მიმართულებები უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები გაგვაჩნია, ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან მიმართებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.

რამდენჯერაც რუსეთმა გზის მონაკვეთი აღადგინა, იმდენჯერ ომი დაიწყო საქართველოსთან და ამიტომ, გარკვეული შიშები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს.თუმცა, კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის პროცესში, რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე რუსეთის მხრიდან გზების აღდგენის პროცესის დაწყება, დადებითი ფაქტია და მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა დაიწყო შემხვედრი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

„დამატებითი 2 საბაჟო პუნქტი გაიხსნა, ლაპარაკია რკინიგზის აღდგენაზე. დაღესტნის მიმართულებით გზის გახსნა უკავშირდება იმას, რომ რუსეთი დადებითად უყურებს საავტომობილო გზის გახსნას თბილისსა და რუსეთს შორის. თავისთავად ეს დადებითი ნაბიჯია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჩრდილო კავკასიაში დაძაბული ვითარებაა და მათ შორის დაღესტანში.

შესაბამისად უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ითანამშრომლებენ ქართული და რუსული სასაზღვრო სამსახურები და განხორციელდება თუ არა ამ მონაკვეთზე ერთობლივი კონტროლი. ამიტომაც მე ცოტა ფრთხილად ვუყურებ ამ საკითხს. საერთოდ პლიტიკური ფონი უნდა გაუმჯობესდეს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, როგორც რუსული, ასევე ქართული მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.

ექსპერტი ელენე ხოშტარია თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც თანმიმდევრულად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ნებისმიერი მსგავსი ქმედება მათი მხრიდან, საფრთხის შემცვლელია.

„საკმაოდ საფრთხის შემცვლელია მსგავსი მონაკვეთის გაკეთება. რუსეთი არის გაუმჭვირვალე ქვეყანა, მათთან კომუნიკაციით ვერ გაარკვევ რა მიზნებს შეიძლება ეს ემსახურებოდეს და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქციები და კითხვები. ქართულმა მხარემ ეს საკითხი უნდა დააყენოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ რუსეთზე ზეწოლის გზით გაარკვინ რას ემსახურება ამ მონაკვეთის აღდგენა.

რაც შეეხება შესაძლო საფრთხეებს, კონკრეტულად სამხედრო საფრთხეზე შეიძლება იყოს საუბარი, ისევე როგორც 2008 წელს  რკინიგზა, რომელზეც დღეს ჩვენი ხელისუფლება სრული ილუზიებით შეპყრობილი საუბრობს, როგორც გაურკვეველ სარგებელზე. როგორც მაშინ გამოიყენეს რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების გადმოსაყვანად, ზუსტად ასევე დღეს ისინი ქმნიან დამატებით სხვა მხრიდან შემოსვლის გზას. რუსები, როგორც წესი, საქართველოში შემოდიან ტანკებით და სწორად ამ საფრთხის ნეტრალიზაციისთვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოხდეს ამ საკითხის ხაზგასმა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.