თურქეთი დევალვაციასა და ინფლაციაში ჩაიძირა – როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე?

თურქეთი დევალვაციასა და ინფლაციაში ჩაიძირა – როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე?

თურქული ლირა ქართულ ვალუტასთან მიმართებით რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ერთი ლირას ღირებულება პირველად ჩამოსცდა 10-თეთრიან ზღვარს და მისი ოფიციალური ღირებულება ამჟამად 9.97 თეთრია. მეზობელ ქვეყანაში მძვინვარე დევალვაცია და ინფლაცია პრობლემებს საქართველოსაც უქმნის, რადგან თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

თურქული ლირის გაუფასურების უკანასკნელი ტალღა 14 მაისის შემდგომ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებას უკავშირდება. არსებულ ვითარებაზე დადებითად არც ქვეყნის ეკონომიკური გუნდის განახლებამ იმოქმედა.

მაღალი ინფლაციის დასაძლევად გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია.

ინფლაციის მაჩვენებლის შედარებითი შემცირებისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებს მაინც განაგრძობს. ამერიკული დოლარის ღირებულებამ 26.1 ლირას მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გაცვლითი კურსის დასასტაბილურებლად სავალუტო რეზერვების გამოყენება უახლოეს მომავალში დაგეგმილი არ არის.

ლირის გაუფასურება ლართან მიმართებით ქართველ იმპორტიორებს თურქულ პროდუქციას უიაფებს, თუმცა საპირისპირო გავლენა აქვს საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე, რამეთუ თურქი მოვაჭრეებისთვის ქართული პროდუქცია ძვირდება.

ცხადია, ეს მოცემულობა ორი ქვეყნის სავაჭრო მაჩვენებლებზე უკვე აისახა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში იმპორტი თურქეთიდან, რომელიც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ისტორიულ მაქსიმუმზეა.

2023 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1.02 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 839.5 მლნ აშშ დოლარს, თითქმის 22%-ით აღემატება.

პარალელურად, იკლებს საქართველოდან თურქეთში ადგილობრივი ექსპორტი და ამავე წლის 5 თვეში 152.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 15.8%-ით ჩამორჩება.

იგივე მოცემულობაა რუსეთის შემთხვევაშიც, ლართან მიმართებაში უფასურდება რუბლი და დღეს 100 რუბლი მხოლოდ 2.9 ლარს შეადგენს. ეს გარემოება იმპორტიორებს რუსული პროდუქციის საქართველოში შემოტანას უიაფებს, ექსპორტიორებს კი – უძვირებს, თუმცა სტატისტიკაში სხვა მოცემულობაა. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში (იანვარ-აპრილი) საქართველომ რუსეთში ექსპორტი 45%-ით, 226 მლნ დოლარამდე გაზარდა. რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 54%-ით გაიზარდა და მოცულობამ 622 მლნ დოლარი შეადგინა.

ეკონომისტ გივი მომცელიძის აზრით, ლირისა და რუბლის გაუფასურების გამო, თურქული და რუსული საქონლის შესყიდვა წახალისდება.

„თურქული და რუსული ვალუტების გაუფასურება, რა თქმა უნდა, ამ ორ ქვეყანასთან საგარეო ვაჭრობაზე იმოქმედებს. თუ ჩვენც დავეწევით ლარის გაუფასურებით, მაშინ, დიდი ძვრები არ იქნება, მაგრამ ამას რასაკვირველია, არ ვიზამთ. თურქეთთან უფრო პირდაპირი შეხება გვაქვს, თვითონ მოქალაქეებსაც, ონლაინ ვაჭრობით და ამ ქვეყანაში გადასვლით, ამიტომ მათი ამბავი უფრო საგრძნობია. ლირის გაუფასურება თურქული პროდუქციის შეძენას უფრო წაახალისებს. მეორე მხრივ, ქართული პროდუქცია გაძვირდება, რაც შესაბამისად, ექსპორტზე ცუდად აისახება. ზუსტად რამდენი პროცენტით შეიცვლება ბალანსი არ ვიცი, მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა რომ გაუარესდება და სავაჭრო სალდო უფრო უარყოფითი გახდება, ეს ფაქტია.

რაც შეეხება რუსეთს, პროდუქციის ყიდვა-გაყიდვაზე თუ გვაქვს საუბარი, რაიმე განსხვავებულს ვერ გეტყვით, დაახლოებით იგივე მოხდება, რაც თურქეთის შემთხვევაში. მათთვის ჩვენი პროდუქცია უფრო გაძვირდება და მოთხოვნა შემცირდება, მათი საქონელი კი ჩვენთვის გაიაფდება, ამიტომ ჩვენი ბალანსი უფრო უარყოფითი იქნება“, - განაცხადა მომცელიძემ.

თურქეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები შესაძლოა ასევე აისახოს საქართველოში შემომავალი თურქი ვიზიტორების ან მათ მიერ ქვეყანაში გაწეული დანახარჯების რაოდენობაზე, ასევე ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ამგვარად, თურქეთში არსებული საკმაოდ რთული ეკონომიკური მოცემულობა გავლენას ახდენს საქართველოს ზოგად მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, აძლიერებს ინფლაციურ წნეხს და დიდ როლს თამაშობს ინფლაციურ მოლოდინზე და მის მართვაზე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ერდოღანი, ახალი სამთავრობო ეკონომიკური გუნდის მხარდაჭერით, შედარებით ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელს დაუბრუნდება, რაც მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრებას გულისხმობს. მზარდი ინფლაციის შეკავება მისთვის, წესით, უნდა იყოს მთავარი ამოცანა იმ ფონზე, როდესაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება ენერგეტიკული რესურსების ფასები და ასევე წლის ბოლოს სახელმწიფოს გასასტუმრებელი აქვს ვალდებულებები კრედიტორებთან.

trampi მანამ უკრაინელები აქეთ არ შეგვეხვეწებიან, იქით ელჩი აღარც უნდა გაუშვათ
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ............................... კუტუს მოგვჭამენ
დიდი დიდი ამერიკელებმა დემოკრატიული ბომბა დაგვკრან---- სხვას რას გვიზამენ??
ჰოოო მართლა მაგათ ბომბებიც კი დემოკრატიული აქვთ................................მაააააააააააააააააშ !!!!!!!!!!
10 თვის უკან