პრემიერმინისტრი: პოლიტიკა არ მომწონს

პრემიერმინისტრი: პოლიტიკა არ მომწონს

„რაც თავი მახსოვს, ყველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკით არასდროს დავკავდებოდი. მაგრამ სიტუაციამ მაიძულა, რადგან მე ვიყავი ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი თავისუფალი ადამიანი“, – უთხრა ლატვიურ მედიას ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ლატვიას „რიგის კონფერენციაში“ მონაწილეობისთვის ესტუმრა. „რიგის კონფერენცია“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთაშორისო ფორუმია.

რას უპასუხებთ კრიტიკას, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისმის?

ნორმალურია, როდესაც ისეთი ახლო მეგობრები, როგორებიც არიან ლატვიელები, ასეთ შეკითხვებს გვისვამენ. წინა მთავრობა არღვევდა ადამიანის უფლებებს ქვეყანაში, თუმცა ევროპის და აშშ-ის წინაშე თავს დემოკრატიის ცენტრად წარმოაჩენდა. ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა სისტემა, რომელმაც მედიის მონოპოლიზება მოახდინა, აკონტროლებდა ბიზნესს და ხალხს უპირისპირდებოდა. ციხეები გადაჭედილი იყო, დაახლოებით 300 000 ადამიანს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რადგან ციხეებში ადგილი აღარ იყო. პატიმრების 70% გავათავისუფლეთ, რადგან მათ შორის ბევრი დაჭერილი იყო პოლიტიკური შეხედულებების გამო ან შიშის დანერგვის მიზნით. წინა ხელისუფლება უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა საკუთარი თავის ლობირებისათვის უცხოეთში, ამიტომ, მან სწრაფად შეიძინა მეგობრები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ მოვედით, მაგრამ უცხოეთში სააკაშვილს შეეჩვივნენ, როგორც დემოკრატს. ამიტომ გაჩნდა ბევრი კითხვა, მაგალითად ის, თუ რატომ ასამართლებენ ყოფილ პრემიერმინისტრს.

თქვენ მილიარდერი ხართ, ადამიანი, რომელსაც ცხოვრება უზრუნველყოფილი აქვს. რამ გიბიძგათ პოლიტიკაში შემოსვლისკენ?

რაც თავი მახსოვს, ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ პოლიტიკით არასდროს დავკავდებოდი. მაგრამ სიტუაციამ მაიძულა, რადგან მე ვიყავი ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი თავისუფალი ადამიანი. 2011 და 2012 წლებში ვხედავდი, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ იყო. ამან მაიძულა პოლიტიკაში შევსულიყავი. პოლიტიკა არ მომწონს, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გადავდგები.

როგორ ხედავთ თქვენ როლს ქართულ საზოგადოებაში?

აქტიური მოქალაქე ვიქნები. საქმეების გაანალიზება საჭიროა გონებით და არა ემოციებით. საზოგადოებასთან ერთად მექანიზმის შემუშავებას ვგეგმავ, რომ დავეხმარო მას.

ხალხი არ ინერვიულებს, როდესაც თანამდებობას დატოვებთ? და ხომ არ დაიწყება პოლიტიკური არასტაბილურობა მას შემდეგ, რაც თქვენ კონსულტანტი გახდებით? ხომ არ გაძლიერდება იმასთან დაკავშირებული შიშები, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მომხრეები დაბრუნდებიან?

როდესაც პოლიტიკაში მოვედი, განვაცხადე, რომ პრემიერის თანამდებობაზე ორ-სამ წელიწადს ვიმუშავებდი, შემდეგ თანამდებობიდან გადავდგებოდი და საზოგადოების განვითარებას შევუწყობდი ხელს. ამის შესახებ ვაცხადებდი ყველა აქციაზე: დაგიტოვებთ კარგ მთავრობას და კარგ მინისტრებს, მაგრამ ხალხი, როგორც ჩანს, ჩემს ამ სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა.

ყველა ელოდება მესიას, ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჯერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ კარგი მთავრობა და მინისტრები რჩებიან – ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, იშვიათად მიხდება მათ საქმიანობაში რამის ჩასწორება. მომდევნო პრეზიდენტიც კარგი იქნება და შეძლებს სახელმწიფოს მართვას.

აღიარებთ, რომ წინა ხელისუფლებამაც გააკეთა რაღაც კარგი? რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ, ქართული ღვინო უფრო ხარისხიანი გახდა და გასაღების ახალი ბაზრები იპოვა…

რუსული ბაზარი ახლა შეიცვალა – იქ ღვინო მთელ მსოფლიოს შეაქვს. სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა. კარგი რა გაკეთდა? სინამდვილეში – ბევრი ცუდი რამ გაკეთდა. კარგი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ გადასახადების აკრეფვა ისწავლა. მოვიდნენ, ყოველ კვირაში მებაჟეებს ცვლიდნენ, და შედეგი გახდა ცხადი – უფრო მეტი ფული შევიდა ბიუჯეტში. თუმცა, მოგვიანებით, ყველაფერი დამახინჯდა – გადასახადების აკრეფვა ისწავლეს, მაგრამ მისი დიდი ნაწილი მათ ჯიბეებში მიდიოდა. სასარგებლოდ შეიძლება მივიჩნიოთ პოლიციის რეფორმა – მათ შეძლეს საბჭოთა დროის კორუმპირებული პოლიციის გარდაქმნა წესიერ და მოწესრიგებულ პოლიციად, მაგრამ მოგვიანებით ის აქციეს იარაღად ხალხის წინააღმდეგ.

როგორ აფასებთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს?

ყველა ავითარებდა რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მათთან რთული იყო. თავდაპირველად სააკაშვილმა ის ცივ ომად გადააქცია. რუსული ხელწერა ჩვენ ვიცით: მაშინ, მათ არჩევნები ჰქონდათ და წამოიწყეს უზარმაზარი აგრესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ტერიტორიის 30% კვლავ ოკუპირებულია. მაშინ რომ სააკაშვილს გონივრულად ემოქმედა და არა ემოციით, რუსეთის არმია საქართველოში ვერ შემოვიდოდა.

იმ დროს ბანდიტური დაჯგუფებები პროვოკაციებს აწყობდნენ, და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რომელიღაც სახლში ტყვია შევარდა. საკმარისი იქნებოდა იმ რეგიონიდან ოჯახების გამოყვანა, ევროპელი დამკვირვებლების მოწვევა, საერთაშორისო სკანდალის ატეხვა და საქმე ამით დასრულდებოდა. თუმცა, სააკაშვილმა ამჯობინა ამისთვის ტანკებით და თვითმფრინავებით ეპასუხა. მას ავანტიურა არ უნდა წამოეწყო. მოგვიანებით რუსული არმია საქართველოში შემოვიდა.

მაგრამ იმ დროს, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის წვრთნები მიმდინარეობდა.

მით უმეტეს. თუკი ახლოს რუსული არმიის ასეთი კონცენტრაცია იყო, არ შეიძლებოდა ამ ამბავში ჩაბმა.

ვინ უფროა პასუხისმგებელი ომზე – სააკაშვილი თუ პუტინი?

არ მინდა შედარებების კეთება. რა თქმა უნდა, რუსეთი დამნაშავეა, ის არ უნდა შემოსულიყო და აგრესიას გამართლება არ აქვს. შენ თავად უნდა დაიცვა საკუთარი სახელმწიფო. სააკაშვილმა უხეში შეცდომები დაუშვა.

შესაძლებელია ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან?

ეს ტერიტორიები არ უნდა დავივიწყოთ. რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდა, აღდგა ქართული პროდუქცის ექსპორტი რუსეთში, ორჯერ გაიზარდა ტურისტების რიცხვი რუსეთიდან. ბევრი რამ საქართველოზეა დამოკიდებული. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში შევძლებთ ჩვენი ძმების – აფხაზების და ოსების – დაბრუნებას საქართველოში, მაგრამ შორეულ მომავალში ეს შესაძლებელია. სიტუაცია არ არის ხელსაყრელი რუსეთისათვის, რომელსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისედაც ბევრი პრობლემა აქვს ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში.

ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა – ეკონომიკაა, ამავდროულად, სახელმწიფო საინტერესო უნდა გავხადოთ, განვამტკიცოთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ავირჩიეთ გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ოსებმა და აფხაზებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ჩვენთან ცხოვრება. ძალადობით ამის მიღწევა შეუძლებელია, მეგობრობით – კი.

როგორ უყურებს საქართველო ევრაზიის კავშირის შექმნის იდეას? ახლახან, თქვენ ამ კავშირის წევრობაზე განაცხადეთ, რატომაც არაო?

ჩემი პასუხი ასეთი არ იყო. ოპოზიციამ ის მთელ მსოფლიოს მოსდო, და ახლა მე მირეკავენ ევროპიდან და მეკითხებიან. ჩვენი სტრატეგია ურყევია და ევროატლანტიკური. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს – ჩვენ მას ვსწავლობთ. თუკი ის არ ეწინააღმდეგება ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ ჩვენს სტრატეგიას, და თუკი დავინახავთ, რომ ის სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა. იქ ბევრი წინააღმდეგობაა. სომხეთმა არჩევანი გააკეთა საბაჟო კავშირის და ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ. ჯერ არავინ არაფერი იცის, რადგან ევრაზიული კავშირი ჯერ არ შექმნილა. ვფიქრობ, მომავალში რუსეთი ევროკავშირშიც იქნება და ნატოშიც.

ახლახან, თელავში სტალინის ძეგლი გაიხსნა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ის უკვე მოხსნეს. თვითმმართველობის წინა ხელმძღვანელმა, უფლებამოსილების ამოწურვამდე ძეგლის დადგმაზე უკანონო განკარგულება გასცა.

თქვენ უკვე ერთი წელია, რაც ხელისუფლებაში ხართ. ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდა?

ერთ წელიწადში საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესება რთულია. მომავალი წელი უკეთესი იქნება, მესამე – კიდევ უკეთესი, მეოთხე წელი – ძალიან კარგი. ჩვენ ბიუჯეტი გლეხების და ჯანდაცვის სისტემის სასარგებლოდ გადავანაწილეთ. მთავარი ის არის, რომ სამართლიანობა მიღწეულია. არის ბევრი გაუხსნელი მკვლელობა, რომელთა გამოძიებაც უნდა მოხდეს. დღეს, დანაშაულის რაოდენობა შემცირდა. ადრე, ბევრი პოლიტიკური პატიმარი იყო, ადამიანი შეიძლება დაეჭირათ და არავინ იცოდა ის ციხიდან გამოვიდოდა თუ არა. ბიზნესი და მედია ჩვენთან თავისუფალია, თავისუფალია სასამართლოც.

foreignpress.ge