"თუ პუტინი წარმატებულად ჩაატარებს წმენდას, გადარჩება და განიმტკიცებს ძალაუფლებას, თუ არადა - მიიღებს კიდევ უფრო მეტ აჯანყებას და ბუნტს"

7 საფრენი აპარატი - ჩამოგდებული, 13 პილოტი - მოკლული, ორი ქალაქი, თავისი აეროპორტებით - აღებული, უზარმაზარი ნავთობტერმინალი - განადგურებული, გზები - გადათხრილი და დანაღმული, ინსტიტუციებს შორის ურთიერთნდობა - გამქრალი, საერთაშორისო სტატუსი - შებღალული, შიდასტაბილურობის მითი - დამსხვრეული, პრეზიდენტი პუტინი - შეშინებული და რეპუტაციაშელახული - გაუბედეს აჯანყება, სამხრეთის ოლქის სარდალი - დატყვევებული, "კადიროველებსა" და რუს შოვინისტებს შორის დაძაბულობა - გაღრმავებული, შიდაწმენდებისა და ტერორის დასაწყისი, "ვაგნერი", როგორც ბრძოლისუნარიანი ძალა - დაქვეითებული, შიდაკონფლიქტში საგარეო ძალის - ბელარუსის ჩარევა და მის მიერ დარეგულირება (ფორმალურად მაინც), რუსეთის შიდა უსაფრთხოების სისუსტე და ქაოსი - გამოვლენილი: მოულოდნელად შეგიძლია გადახვიდე იერიშზე, ასობით კილომეტრი გაიარო და დიდ წინააღმდეგობას არ შეხვდე, დაუსჯელობის სინდრომი - დათესილი, შეგიძლია მოაწყო გადატრიალება და თუ ვერ ან არ მიაღწევ წარმატებას, მოილაპარაკებ და გადარჩები, სიურეალიზმი: რუსეთში შეიძლება ერთ საღამოს იყო გმირი, დილით - მოღალატე, შემდგომ საღამოს კი - კვლავ ხელი ჩამოგართვან... ასე შეაფასა ანალიტიკოსმა გიორგი კობერიძემ რუსეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები. რის ფასად დაუჯდება პუტინს პრიგოჟინის აჯანყება, პრიგოჟინს - პუტინის იმიჯის შელახვა და ორივეს ერთად - იმის ჩვენება, რომ მოსკოვი სინამდვილეში "თიხის ფეხებზე" დგას, ამაზე გვესაუბრება სამხედრო მიმომხილველი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე.

- არც ერთ ავტოკრატიულ რეჟიმს არ აწყობს სამხედრო ძლიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომა, მით უმეტეს, ეს არ სურდა პუტინს. შეიძლება ითქვას, რომ პრიგოჟინმა, თავისი აჯანყებით, რუსეთის ყველა ის სისუსტე გამოავლინა, რასაც ამდენი ხანი მალავდა პუტინი. პუტინისთვის ეს, ერთი მხრივ, დიდი გამოწვევაა, მაგრამ, ამასთანავე, არის შანსიც - პუტინს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ფაქტობრივად, ჩეჩნეთის ომის შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი ტერორი არ მოუწყვია. ახლა მას შანსი მიეცა, ტერორი განახორციელოს, როგორც სამხედრო ასევე - პოლიტიკურ წრეებში.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ომშია, ეს ნაბიჯი შეიძლება ძალიან რისკიანი აღმოჩნდეს, ვინაიდან ბევრი მათგანი, ვისაც, სავარაუდოდ, ტერორი უნდა შეეხოს, შეიარაღებულია. ამასთან, ქვეყანაში პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, უკვე გაჩნდა დაუსჯელობის განცდა. მოკლედ, ახლა პუტინს შანსიც აქვს და გამოწვევაც, რომელიც, შესაძლოა, ძალიან სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მის წინაშე არსებულ საფრთხეს ის ფაქტორიც ზრდის, რომ გარემოცვაში არცთუ ბევრი ერთგული ადამიანი აღმოაჩნდა. ბანდფორმირებებმა, რომელთა შექმნასა და გაძლიერებაზე თავად პუტინი წლების განმავლობაში ზრუნავდა, ბუნტის დროს ან ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეს, ან პრიგოჟინს დაუჭირეს მხარი. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა პუტინისთვის. მას, ახლა, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდი აქვს გასავლელი - თუ ის წარმატებულად ჩაატარებს წმენდას, გადარჩება და განიმტკიცებს ძალაუფლებას, თუ არადა - მიიღებს კიდევ უფრო მეტ აჯანყებას და ბუნტს. აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - ეს არის პუტინის წრის ჩინოვნიკების განწყობები. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანების ხელშია ქვეყნის უშიშროება და დიდი ფული. ისიც ვიცით, რომ ბოლო დროს ისედაც არ ჰქონდათ პუტინის მიმართ პოზიტიური განწყობები, ვინაიდან მისმა წამოწყებულმა ომმა შეარყია მათი ძალაუფლება და ავტორიტეტი, მსოფლიოს მასშტაბით. ახლა კი, პრიგოჟინის მიერ შეშინებული და დაბნეული მმართველიც დაინახეს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პუტინს ან, უბრალოდ, არ მისცემენ წმენდის საშუალებას, ან, სულაც, მის წინააღმდეგ დადგებიან. არც ის არის გამორიცხული, რომ წმენდის საშუალება არ მისცენ, მაგრამ არც მის წინააღმდეგ არ დადგნენ და დასუსტებული პუტინის პირობებში სათავისოდ გამოიყენონ ძალაუფლება. რა სცენარიც უნდა განვითარდეს, ახლა მოსკოვში - წმენდა იქნება ეს თუ ურთიერთდაპირისპირება, აუცილებლად აისახება უკრაინაში რუსეთის პერფორმანსზე.

- პუტინისა და, ზოგადად, რუსეთის ინსტიტუციების სისუსტეები მხოლოდ პუტინის მიერ შექმნილი ბანდფორმირებებისა და მისი ჩინოვნიკებისთვის ხომ არ იქნებოდა თვალსაჩინო? ამას დაინახავდნენ ის სახელმწიფოებიც, რომლებმაც დღემდე თავი ვერ დააღწიეს რუსულ იმპერიალიზმს. ახლა პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?

- ვფიქრობ, ჩვენ ახლა გრძელვადიან პროცესს არ ვუყურებთ. საუბარი მაქვს რამდენიმე თვეზე. წესით, მომავალ წელს რუსეთში არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ მანამდე არაფერი მოხდა და პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყარა, ნიშნავს, რომ მან წმენდა წარმატებით ჩაატარა და ის გადარჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, წმენდის პროცესს ვერ ვიხილავთ, მაგრამ რაღაცებს პოსტ-ფაქტუმ გავიგებთ. მაგალითად, შეიძლება რომელიმე ჩინოვნიკზე ან სამხედრო პირზე გავიგოთ, რომ სადღაც მოკლეს, მოწამლეს და ა.შ. ერთი სიტყვით ვლადიმერ პუტინს ახლა სახიფათო, მაგრამ მოკლე ბეწვის ხიდი აქვს გასავლელი. პუტინის გავლენისგან თავის დაღწევის ცდუნება, რა თქმა უნდა, ბევრს ექნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გააგრძელებენ პროცესების დაკვირვებას. პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე საუბრისას თქვა, რომ მას შეუძლია ყველას ყველაფერი აპატიოს, გარდა - ღალატისა. ის ფაქტი, რომ დილით "ვაგნერელებს" მოღალატეები უწოდა და საღამოს დაუზავდა, მის იმიჯს აზარალებს. ახლა თუ გამოჩნდა, რომ ღალატი საბოლოოდ შეარჩინა ყველას, მისი ავტორიტეტიც საბოლოოდ შეირყევა. ჩვენ გვახსოვს, რა უქნა ლიტვინენკოს, რომელსაც მოღალატედ მიიჩნევდა.

- სხვათა შორის, პუტინმა აჯანყების დღეს ბევრი ილაპარაკა მოღალატეებზე, მაგრამ საერთოდ არ ახსენა თავად პრიგოჟინი.

- ეს იმის ფიქრის საბაბს არ იძლევა, რომ პრიგოჟინს მოღალატედ არ მიიჩნევს. ჩემი აზრით, პუტინმა პერსონალიებზე არ გააკეთა აქცენტი, მან ისაუბრა კოლექტიურ ღალატზე და ის ჩაატარებს კოლექტიურ წმენდას, თუ, რა თქმა უნდა, მას ეს გამოუვიდა.

- ე.ი. ჩვენ შეიძლება ერთ დღეს გავიგოთ, რომ პრიგოჟინი პოლონიუმით მოიწამლა?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაივლის ბეწვის ხიდს პუტინი. თუ პრიგოჟინი მოკლეს ან მოწამლეს, ე.ი პუტინმა შეძლო წმენდის წარმატებით ჩატარდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პრიგოჟინის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე საერთოდაც არ შეეხოს. მოკლედ, ყველაფერი კარგად გამოჩნდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.