ევრაზიული არჩევანი თუ ევროკავშირის პერსპექტივა?!

ევრაზიული არჩევანი თუ ევროკავშირის პერსპექტივა?!

"რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოსიც," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რიგაში, "რადიო თავისუფლების" სპეციალურ კორესპონდენტს კობა ლიკლიკაძეს ოფიციალური ვიზიტის დასასრულს განუცხადა. მანვე კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ევრაზიულ კავშირთან შესაძლო თანამშრომლობაზე, რასაც ბოლო ხანებში ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მისი განცხადებით, ქვეყანა, სადაც სარგებელს ხედავს, იქით იხედება და იქითკენ მიდის.

პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ გლობალურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება და დღევანდელი მტრები ხვალ შეიძლება, მეგობრებიც აღმოჩნდნენ.

"ჩემი აზრით, შორეულ პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება (ვერსად ვერ წავა, ახლოს არიან და ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ), ნატოს წევრიც გახდება და ახლო მეგობარი გახდება ამერიკის.

რაც შეეხება ევროპას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ევროკავშირში ხალხს ევროპული ფასეულობების დომინირება მოსწონს. თუმცა ახლა ევროპაში ეკონომიკური კრიზისია, რაც დღევანდელი გადასახედიდან, ცოტა ჩრდილს აყენებს ევროპულობას, მაგრამ კრიზისი დამთავრდება.

„ჩვენ სად უნდა ვიყუროთ, თუ არა ევროპის მიმართულებით“?- კითხვას სვამს პრემიერი.

ფაქტია, რომ ევროკავშირში შექმნილი პრობლემა რეალურია, რაც საბერძნეთის კრიზისის შემდეგ აშკარად გამოჩნდა. ამ კრიზისიდან მოყოლებული, დღემდე ბევრს მსჯელობენ ევროკავშირის მომავალზე. ისმის ლეგიტიმური კითხვა, უდიდესი ევროპული გაერთიანება, თავისი უამრავი შიდა პრობლემით, რესურსის ამოწურვის ზღვართან ხომ არ არის?

ჯერ კიდევ ამ ორიოდე წლის წინ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გამოკითხვის მიხედვით, გაირკვა, რომ თურქეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ევროკავშირს შეეძლო, კიდევ 20 წელიწადი მაინც ეარსება, თუკი ის მხოლოდ ძველ ევროპას მოიცავდა, მაგრამ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც არიან გაერთიანებულნი, რომლებიც მაინცდამაინც ძლიერად არ გამოიყურებიან და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს ამ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დახმარება უწევთ. ეს კი ხანგრძლივად ვერ გაგრძელდება. როგორც გერმანელები ამბობენ, მათ მობეზრდათ მეწველი ძროხის როლში ყოფნა.  

სხვათა შორის, ამავე აზრს იზიარებს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე. იგი ევროკავშირის პერსპექტივის შესახებ აცხადებს, რომ ეს კავშირი დიდხანს ვერ იარსებებს და ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის ეკონომიკა საფრთხეშია. ამიტომ ქრიზოსტომოს მეორე ევროკავშირიდან  გასვლას მანამ ითხოვს, სანამ მათი ეკონომიკა არ დაინგრევა.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, For.ge დაინტერესდა, როგორი იქნება ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის პერსპექტივა?!

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის მომავლის თაობაზე მსჯელობა რთულია. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რთული მდგომარეობაა. ექსპერტის თქმით, არც ევრაზიული კავშირი გამოირჩევა დიდი სტაბილურობითა და კომფორტით. ამიტომ არავინ იცის, ამ ორივე კავშირის სამომავლო პერსპექტივა როგორი იქნება.

რამაზ საყვარელიძის განმარტებით, საქართველოსთვის ევროკავშირი უფრო მისაღებია, ვიდრე ევრაზიული კავშირი, რადგან ნებისმიერ კავშირში გაერთიანებისას მნიშვნელოვანია, თუ ვისთან ხარ ერთიანი, რომელ ბაზართან და როგორი ტიპის ეკონომიკასთან. ამ შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობა გაცილებით მისაღებია, რამდენადაც იგი ცივილურ ურთიერთობებს გვთავაზობს. იქაური პარტნიორებიც მისაღებია, რაც ნაკლებად ახასიათებს ევრაზიულ ურთიერთობებს, რომლებშიც პოლიტიკური კომპონენტი ძალიან დიდი დოზით არის მოცემული.

ის, რომ, შესაძლოა, რუსეთი ევროკავშირის ან ნატოს წევრი გახდეს, ამ იდეის საფუძვლიანობას რამაზ საყვარელიძე ადასტურებს. მით უფრო, რომ რუსეთშიც არაერთხელ გაჟღერებულა ეს იდეა, არა როგორც დღევანდელი რუსეთის საპროგრამო მიმართულება, არამედ, როგორც - თეორიული შესაძლებლობა.

„ევროკავშირის პერსპექტივა რუსეთისთვის უფრო მისაღები იქნება. ამის მიღმა ბევრი რამ დგას. მაგალითად, ძალიან ხშირად მსჯელობენ იმაზე, რომ, თუკი მსოფლიოს გეოპოლიტიკაში მოხდება გლობალური ცვლილებები (რისი ნიშნებიც საკმაოდ ჭარბადაა დღეს) და იგივე მუსლიმანური ქვეყნებიც უფრო ინტენსიურად დაუპირისპირდებიან ქრისტიანულ სამყაროს, რუსეთს სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ ერთიან ქრისტიანულ სისტემურ ოჯახში გაერთიანდეს და დანარჩენ ქვეყნებთან ერთად იზრუნოს თავისი უსაფრთხოებისთვის. ასევე იმოქმედებს რუსეთი, თუკი ჩინეთი უფრო აქტიური აღმოჩნდება, რადგან ვიცით, რომ  ჩინეთს მეზობლის ტერიტორიები აინტერესებს. თუმცა ეს შორეული და ჰიპოთეტური პერსპექტივაა“,-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბარში.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ჩვენს დროში შორეულ პერსპექტივებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან უახლოეს პერსპექტივაში რა მოხდება, არავინ იცის. იგი არ გამორიცხავს, რომ პერსპექტივაში შეიძლება, დაიშალოს კიდეც ევროკავშირი. მით უფრო, რომ ბუნებაში არ იყო ევროკავშირი, მაგრამ ევროპა კარგა ხანია არსებობდა; ისევე, როგორც არ იყო ევრაზიის კავშირი, მაგრამ ამ კავშირში შემავალი ცალკეული ქვეყნები არსებობდნენ.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ უკვე ორი წელი და მეტიცაა, რაც ევროკავშირში კრიზისია. საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში პრობლემებია, თუმცა ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, თვით ყველაზე უპერსპეტივო ქვეყნებიც კი არ გაუშვას ევროკავშირიდან. ისინი ეხმარებიან საბერძნეთსაც და კაპიტალს მისკენ გზავნიან. ამიტომ პოლიტოლოგს ეეჭვება, რომ უახლოეს პერსექტივაში ევროკავშირი დაიშალოს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ასეთ კრიზისს გაუძლო ევროკავშირმა.

რაც შეეხება ევრაზიას, ვახტანგ ძაბირაძე ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ხდება იქ.

„ის, რომ თურმე ევრაზიის კავშირს არ უნდა გავეკაროთ, ასეთ გამონათქვამებში მე ვხედავ ან ავანტიურას, ან შიშს, რომ ვაითუ, კარგი აღმოჩნდეს ევრაზიის კავშირი და მერე რა გავაკეთოთ?! მე ასეთი შიშები არ მაქვს და ჩვენ ყურადღებით უნდა ვუყუროთ, როგორ განვითარდება პროცესები. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შევწყვიტოთ. საბედნიეროდ, უახლოეს პერიოდში შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ და გაზაფხულზე უკვე დავამყაროთ მათთან სავაჭრო ურთიერთობები; მაგრამ არ ვიცოდეთ, თუ რა ხდება ჩვენს მეზობლად, ყოვლად წარმოუდგენელია. თუმცა, ევრაზიის კავშირის პერსპექტივა რთულია, არა იმიტომ, რომ მას ეკონომიკურად არ აქვს პოტენციალი, არამედ - პოლიტიკურად არ აქვს პოტენციალი. ყაზახეთში უკვე დაიწყეს სხვანაირი საუბარი, რომ სატრანსპორტო მიმართულებით მათი შემოსავლები შემცირდა და ეს მხოლოდ რუსეთისთვისაა პერსპექტიული“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბრისას.

მისივე აზრით, სავარაუდოდ, ევრაზიულ კავშირს დიდი მომავალი არ ექნება, ისევე, როგორც არ ჰქონდა მომავალი დსთ-ის  იდეის წამოწყებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველგვარი შესწავლის გარეშე უარვყოთ ეს ყველაფერი. ბოლოს და ბოლოს, ეს  დიპლომატიის ამბავია და შესაძლოა, ჩვენ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს ყაზახეთთან.  

„იმ სტატუს-ქვოს, რაც დღეს აქვს, რუსეთი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. რუსეთში პოლიტიკური პროცესები უახლოეს ათ წელიწადში ან ძალიან ცუდი მიმართულებით წავა და რუსეთი რეალურად დაახლოებით, ნაცისტურ და შავრაზმულ ქვეყანად ჩამოყალიბდება, რაც მეზობლებს და მთელ მსოფლიოს შეუქმნის საფრთხეს და საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება მთელი ევრაზია, ან იძულებული იქნება, დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს. თუ რუსეთი დემოკრატიის გზით წავა, ის ნატოს წევრიც გახდება და ევროკავშირისაც. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.